სკრიპალები და ნავალნი პუტინის მორიგი მსხვერპლი გახდნენ: თუმცა ვერც ამის შემდეგ გაბედა დასავლეთმა პუტინის დასჯა. როდემდის? - კვირის პალიტრა

სკრიპალები და ნავალნი პუტინის მორიგი მსხვერპლი გახდნენ: თუმცა ვერც ამის შემდეგ გაბედა დასავლეთმა პუტინის დასჯა. როდემდის?

საბჭოთა რეჟიმი სისტემატურად იყენებდა ქიმიურAდა ფსიქოტროპულ პრეპარატებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ლიტვის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საარქივო დოკუმენტებიდან ცნობილია ასეთი ფაქტი: 1960 იანი წლების დასაწყისში საბჭოთა მოქლაქეს, რომელზეც ჰქონდათ ეჭვი, რომ ის აშშ-ის დაზვერვის დავალებებს ასრულებდა, მალულად ფეხსაცმელის შიგნით სპეციალური ქიმიური პრეპარატი ჩაუსხეს. მსხვერპლმა ფეხსაცმელი ისე ჩაიცვა, რომ ვერაფერი ვერ იგრძნო. უკვე მეორე დღეს მას “მოულოდნელად” ასტკივდა ფეხი და რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ გამოდიოდა საკუთარი ბინიდან, რამაც შეუშალა ხელი, შეესრულებინა ამერიკის დაზვერვის დავალება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეო – წერია კა-გე-ბეს საიდუმლო დოკუმენტში.

საბჭოთა კონტრდაზვერვა ასევე ხშირად იყენებდა ტოკსიკურ და ფსიქოტროპულ სპეციალურ პრეპარატებს “СП-36” და “СП-I08”. კა-გე-ბეს ოპერატიული თანამშრომლები “ობიექტთან” საუბრისა და ალკოჰოლური სასმელების მიღების დროს ფარულად უყრიდნენ პრეპარატს სასმელში ან საჭმელში. ამის შემდეგ “ოპერატიულ დამუშავებაში” მყოფი პირები ტყუილ-მართალს გაუჩერებლივ ლაპარაკობდნენ. მომდევნო დღეებში “ობიექტებს” არაფერი არ ახსოვდათ და საუბრის შინაარს ვერ გადმოსცემდნენ, არც მათ მიმართ რაიმე პრეპარატების გამოყენებაში შეპარვიათ ეჭვი. ამგვარი ქიმიური პრეპარატები (რომელთაც ხშირად “სიმართლის ფხვნილსაც” ეძახიან) ძალზე ხშირად გამოიყენებოდა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ. შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურებმა გააგრძელეს ეს დანაშაულებრივი ქმედებები. ერთ-ერთი ამგვარი ფაქტი სირიაში მშვიდობიანო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის (ქლორის გაზის) გამოყენება იყო.

2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ დაადანაშაულეს სირიის სამთავრობო ძალები ქლორის გაზის გამოყენებაში, მაგრამ ოფიციალური დამასკო მუდმივად უარყოფდა ამ ბრალდებებს. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ რამდენჯერმე სცადა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა და ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების გამოძიება, თუმცა რუსეთი ყოველთვის იყენებდა ვეტოს უფლებას და ბლოკავდა ამ საკითხს. მართლაც, რომ “ქურდს ქუდი ეწვის”. ბაშარ ასადი და ვლადიმერ პუტინი ერთად ცდილობდნენ ამ საერთაშორისო დანაშაულის დაფარვას. დაუსჯელობამ იმდენად გაათამამა რუსეთის დიქტატორი, რომ მან ქიმიური იარაღის გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობის მორიგი ნებართვა გასცა.

პუტინის ახალი მსხვერპლი, ალექსანდრე ლიტვინენკოს მსგავსად, რუსი ემიგრანტი იყო, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და ისიც რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი გახლდათ.

2018 წლის 4 მარტს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, 67 წლის სერგეი სკრიპალი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 2010 წლიდან ცხოვრობდა და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია, სოლსბერში მდებარე იტალიურ რესტორან ‘ზიზიდან” გამოსულნი, იქვე ახლოს სკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რესტორანი კი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დროებით დახურეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ინტოქსიკაციის ნიშნები სასწრაფო დახმარების იმ ექიმებსაც აღენიშნებოდათ, რომლებმაც სერგეი და იულია სკრიპალები საავადმყოფოში გადაიყვანეს. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო ასევე ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც პირველი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

2-1648199934.jpg
იულია და სერგეი სკრიპალები

იულია სკრიპალი გონს 2018 წლის 27 მარტს მოვიდა, ხოლო სერგეი სკრიპალი 8 აპრილს გამოვიდა კომიდან. ვინ იყვნენ სკრიპალები და რატომ სურდათ მათი ლიკვიდაცია?

სერგეი სკრიპალი დაიბადა 1951 წელს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გე-ერ-უ) ოფიცერი იყო და თადარიგში პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით გავიდა. მეუღლესთან და ქალ-ვაჟთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. რუსეთის ეფ-ეს-ბეს მტკიცებით სკრიპალი ბრიტანეთის დაზვერვის (მი-6) აგენტი ესპანეთში მივლინებისას გახდა და 1995 წელს თადარიგში გასვლის შემდეგაც აწვდიდა მათ საიდუმლო ინფორმაციას. 2004 წელს სკრიპალი დააკავეს სახელმწიფო ღალატში ბრალი დასდეს. 2006 წელს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან პატიმრობაში 6 წელი გაატარა. 2010 წელს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ჯაშუშების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, სკრიპალი გაათავისუფლეს და მან პოლიტიკური თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში მიიღო. ჩვენი აზრით ამ ფაქტით არაპირდაპირ დადასტურდა რომ სკრიპალი ბრიტანეთის სპეცსამსხურების სასარგებლოდ მუშაობდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მან სასჯელის ნაწილი მოიხადა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული. ყველანაირი ლოგიკით სკრიპალი არავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა რუსეთის ხელისუფლებისთვის, თუმცა როდის იყო პუტინი ლოგიკითა და საღი აზრით მოქმედებდა?

ბრიტანული მედიის ცნობით, სკრიპალმა მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრე საფრთხე იგრძნო და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. მან იცოდა, რომ ყოფილი კოლეგები მალევე მოაკითხავდნენ.

სკრიპალი რუსეთის სპეცსამსახურების ნადირობის ობიექტი, რომ იქნებოდა ეს ყველასთვის ნათელია. ამ პირობებში დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოეჩინა სკრიპალისა და მისი ოჯახის მიმართ.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნერვულ-პარალიტიკური პრეპარატი “ნოვიჩოკი” გელის სახით იყო გამოყენებული. მომწამვლელი ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია იმ სახლის შესასვლელი კარის სახელურზე აღმოჩნდა, სადაც სკრიპალი ცხოვრობდა. სწორედ მან მიიღო შხამის უდიდესი დოზა, ხოლო იულია მოწამლული იყო ნივთიერების მცირე რაოდენობით. მესამე მსხვერპლი, სერჟანტი ნიკ ბეილი იყო პირველი პოლიციელი, რომელმაც დაათვალიერა სკრიპალების სახლი, სადაც ასევე შეეხო მოწამლულ კარის სახელურს.

2018 წლის 12 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სკრიპალი და მის ქალიშვილი მოწამლეს სამხედრო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელის ე.წ. “ნოვიჩოკის” ჯგუფს განეკუთვნება და ის რუსეთში მზადდებოდა.

ეს დაანაშაული ან პირდაპირ რუსეთის დავალებით ჩაიდინეს, ან რუსეთმა კონტროლი დაკარგა ამ მომწამვლელი ნივთიერების შენახვაზეო – ამგვარი იყო ტერეზა მეის ვერდიქტი.

დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების აზრით რუსეთი 2000-იან წლებში ქიმიური იარაღის გამოყენების სხვადსხვა მეთოდებს ამოწმებდა, მათ შორის ნივთიერების წასმას კარის სახელურზე. ამ შემთხვევაში რუსი სამხედრო მეცნიერები შორს წასულან და აირისებური ქიმიური შენაერთისთვის გელის ფორმა მიუციათ, რაც "ნოვიჩოკის" გამოყენების პერსპექტივებს მართლაცდა უსაზღვროდ საშიშს ხდის.

დიდ ბრიტანეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსული დაზვერვა სერგეი სკრიპალის ოჯახის მიმართ ინტერესს სულ მცირე 2013 წლიდან იჩენდა: მაშინ გე-ერ-უს “ჰაკერები” იულია სკრიპალის ელექტრონულ ფოსტის გატეხვას შეეცადნენ. თუმცა რუსეთის სპეცსამსახურები ამით არ შემოიფარგლებოდნენ. სკრიპალების ოჯახის მიმართ გამოყენებული იქნებოდა ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების სრული არსენალი: თვალთვალი, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება, აგენტურული დამუშავება, კორესპონდენციის პრელუსტრაცია და ა.შ.

სკრიპალების ოჯახი რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლქვეშ იქნებოდნენ, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე დიდ ბრიტანეთშიც. სად იყო მაშინ ბრიტანეთის კონტრდაზვერვა? მით უფრო, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი ‘შტირლიცები” თავისუფლად მოქმედებენ “ნისლიანი ალბიონის” ტერიტორიაზე.

მოგვიანებით დადგინდა, რომ სკრიპალების მოწამლვის უშუალო შემსრულებლები გე-ერ-უს ოფიცრები: ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბაშიროვი იყვნენ, ხოლო ოპერაციას ლონდონში გენერალ-მაიორი დენის სერგეევი ხელმძღვანელობდა.

3-1648200133.jpg
ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბაშიროვი

4-1648200175.jpg
გენერალ-მაიორი დენის სერგეევი

სახელმწიფო ტერორიზმის ამ ფაქტის შემდეგ საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამლვასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: "ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, 2018 წლის 4 მარტს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერში სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოვთქვამთ...". ამ განცხადებას დიპლომატიური დემარშებიც მოჰყვა: დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან.

რუსეთის ხელისუფლების უსწრაფესი რეაქცია, როგორც დიპლომატიურ, ასევე პროპაგანდისტურ “ფრონტებზე”, ადასტურებს, რომ მათ მოქმედების ეს სცენარები ადრე ჰქონდათ დამუშავებული. უფრო მეტიც, კრემლი აქეთ გადავიდა შეტევაზე: ამ ქვეყნების იგივე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა. ასე “დიპლომატიურად” ამოიწურა ეს სკანდალი: დასავლეთიც კმაყოფილი იყო (“შეშფოთება” ხომ გამოხატა) და რუსეთსაც შერჩა წარუმატებელი მკვლელობის მცდელობა. ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ კვლავ პუტინის დავალებით და კვლავ ქიმიური იარაღით ახალი ტერორისტული აქტი არ განხორცილდა.

2020 წლის 20 აგვისტოს უგონოდ მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი თვითფრინავიდან პირდაპირ რუსეთის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ა. ნავალნი მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. მისი პრესმდივანი კირა იარმიში თავიდანვე აცხადებდა, რომ ნავალნი მოწამლეს: "ჩაის გარდა არაფერი დაულევია. მანამდე არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო. მთხოვდა, რომ მასთან მელაპარაკა, რადგან კონცენტრაცია უჭირდა. მერე . . გონება დაკარგა".

გერმანიში სამკურნალოდ გადაყვანილი ა. ნავალნის მოწამლვა მალევე დადასტურდა. 3 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საბრძოლო-ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. მათივე ინფორმაციით, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების კვალი აჩვენა. გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთი ვაი ვიში ატეხა: ვოვა ეს რას შვები, არ გრცხვენიაო? თან სანქციებით დაემუქრა პუტინს. დასავლეთის წაყრუება რუსეთის პრეზიდენტის ახალი დანაშაულების წაქეზებად იქცა.

პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში “პოლიტიკურმა გენოციდმა” განსაკუთრებით დაუნდობელი სახე მიიღო და რუსეთში თითო-ოროლა შემორჩენილი საღად მოაზროვნე ლიბერალური შეხედულების პოლიტიკოსი და ჟურნალისტი (თუნდაც პოლიტკოვსკაია და ნემცოვი), რომელიც თავის შეხედულებებს ღიად აფიქსირებდა, ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ჯერ კიდევ სრულად არ ვიცით, თუ რამდენი ადამიანია რუსეთის დიქტატორის ბრძანებით ლიკვიდირებული. ბორის ბერეზოვსკის და ბადრი ბატარკაციშვილის საეჭვო გარდაცვალებაც ალბათ კიდევ ერთხელ იქნება გამოძიებული. მანამდე კი ვინ და როგორ შეაჩერებს პუტინს?