ჩერნობაევკა - ერთ ადგილას ათჯერ დაბომბილი რუსეთის არმია... - კვირის პალიტრა

ჩერნობაევკა - ერთ ადგილას ათჯერ დაბომბილი რუსეთის არმია...

მონადირისა და დათვის ანეგდოტი გამახსენდა, როდესაც მონადირეობა არ გამოსდიოდა, მაგრამ ჯიუტად მაინც ტყეში მიდიოდა, რომ დათვის „მსხვერპლი“ კვლავ გამხდარიყო, თითქოს „მოეწონაო“...

სწორედ ასეთი პარალელი შეიძლება გაატარო თითქმის ასეთივე ანეგდოტურ სიტუაციაზე, რაც რუსეთ-უკრაინის ომში უკვე მეათედ განმეორდა და ეტყობა, გაგრძელება კიდევ ექნება...

საქმე ის არის, რომ სამხრეთი მიმართულებიდან, მანამდე ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან შეჭრილმა რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების ერთმა ნაწილმა 26 თებერვალს უკრაინული ქალაქის - ხერსონის აეროპორტიც დაიკავეს დაბა ჩერნობაევკასთან, რის შემდეგაც ეს, მანამდე თვით უკრაინელებისთვისაც ნაკლებად ცნობილი დასახლებული პუნქტი, თითქმის მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, როგორც რუსეთის არმიის სარდლობის ბრიყვული სიჯიუტის საუკეთესო მაგალითი.

ჩერნობაევკის აეროდრომს უკრაინის არტილერია დღეგამოშვებით ბომბავდა და რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ყოველთვის წარმატებას აღწევდა, არადა, თითქოს პირველი დაბომბვის შემდეგ რუსი სამხედროები სათოფეზე აღარ უნდა გაკარებოდნენ ამ აეროპორტს, რომელიც უკრაინელებს სამიზნეში ზუსტად ჰქონდათ ამოღებული.

2-1648201422.jpg
აქამდე დაბა ბუჩას ქუჩაზე დადუღებული რუსული „ბე-ემ-დეები" ითვლებოდა უკრაინელი არტილერისტების ყველაზე ეფექტიან „ნამუშევრად“...

მანამდე ითვლებოდა, რომ უკრაინელი არტილერისტების ყველაზე ეფექტიანი და, ამასთანავე, ეფექტური საცეცხლე დარტყმა კიევის დასავლეთით, დაბა ბუჩაზე განხორციელდა, რომლის ერთ-ერთ ქუჩაზე განადგურებული და დადუღებული რუსული ჯავშანტექნიკის (დადუღებული პირდაპირი გაგებით, რადგან ალუმინის ჯავშნისგან დამზადებული რუსების საბჭოთადროინდელი მედესანტეთა საბრძოლო მანქანები საარტილერიო ჭურვების მოხვედრის შედეგად აფეთქდნენ, ცეცხლი გაუჩნდათ და მაღალი ტემპერატურის შედეგად... ნაწილობრივ დადნენ) ფოტოებმა მსოფლიოს თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალების საიტები მოიარეს.

მაგრამ ჩერნობაევკაში განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის სურათებმა ბუჩას „გადაუხურეს“, როდესაც გავრცელდა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული კადრები, სადაც ჩანს აეროპორტში განთავსებული რუსული ჯავშანტექნიკის, ავტომობილებისა და, რაც მთავარია... შვეულმფრენების დამწვარი სილუეტები!

ერთი დარტყმით უკრაინელმა არტილერისტებმა რუსებს ამ დაპყრობილ აეროპორტში არანაკლებ 14-16 შვეულმფრენი გაუნადგურეს, რაც საუკეთესო საბრძოლო ეფექტიანობაა ნებისმიერი ომისთვის.

საგულისხმოა, რომ უკრაინული „სმერჩების“ საარტილერიო ცეცხლის საჰაერო კორექტირება თურქეთიდან ნაყიდი უპილოტო „ბაირაქტარის“ საშუალებით ხორციელდებოდა თითქმის 50 კმ-ის სიშორიდან, რამაც რუსეთის დაზვერვას მისი აღმოჩენისა და განადგურების საშუალება არ მისცა.

გარდა შვეულმფრენებისა და საავტომობილო ტექნიკის განადგურებისა, ჩერნობაევკას აეროპორტში უკრაინულ რაკეტებს, ასევე, შეეწირა რამდენიმე რუსი გენერალი და პოლკოვნიკიც, რომლებსაც დროებითი ოპერატიული შტაბი ჰქონდათ იქ მოწყობილი და რუკებზე უკრაინის ქალაქებზე მორიგ შეტევებს გეგმავდნენ.

3-1648201473.jpg

ჩერნობაევკას აეროპორტის მეათედ დაბომბვის მიუხედავად, რუსი ოკუპანტები მას ჯიუტად არ ტოვებენ...

მაგრამ, მიუხედავად ასეთი მტკივნეული დანაკარგისა, რუსეთის არმია ჯიუტად არ ტოვებს ჩერნობაევკის აეროპორტს და დღეგამოშვებით ახალი დაბომბვების სამიზნე ხდება, რატომ?

ერთ-ერთი მოსაზრებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს ძალიან სჭირდებათ აეროდრომი ხერსონის მიდამოებში, რადგან ოკუპირებული ყირიმიდან საბრძოლო დავალებაზე გამოფრენილ რუსულ შვეულმფრენებს არ ჰყოფნით საწვავის მარაგი, შეფრინდნენ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში, ხოლო ჩერნობაევკაში გადაბაზირების შემდეგ, ამ რუსული სატრანსპორტო და დამრტყმელი შვეულმფრენების მოქმედების რადიუსში მოექცევიან ცენტრალური უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქები - კრივოი როგი, უმანი, იუჟნოუკრაინსკი (სადაც ატომური ელექტროსადგურია) და, რა თქმა უნდა, ოდესა (ჩერნობაევკიდან ოდესამდე პირდაპირი ხაზით 150 კმ-იც კი არ არის), ის ოდესა, რომლის დაპყრობა პუტინის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, თუმცა ზღვიდან დესანტის გადასხმას ვერ ახერხებს და ისევ ხმელეთიდან და ჰაერიდან შეტევების იმედზეა...

4-1648201517.jpg
ხერსონთან და ჩერნობაევკასთან 10 მარტის მდგომარეობის რუსული ოპერატიული რუკა, რომელიც უკრაინელმა სამხედრო მზვერავებმა ჩაიგდეს ხელში...

მანამდე კი უკრაინელი არტილერისტები კვლავ გააგრძელებენ ჩერნობაევკის აეროპორტში შეჭრილი რუსი ოკუპანტების ზუსტად დაბომბვას, ვინ იცის, იქნებ ჯიუტმა რუსმა გენერლებმა თავისი ქვეშევრდომების უკრაინული რაკეტების აფეთქებების ქვეშ მოყოლის რიცხვი ოცამდეც აიყვანონ...