"ხელისუფლება სამყაროს გმირ ზელენსკის ლამის "ნაცს“ ეძახის და ომში რომ არ იყოს, ვაგინებდითო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება სამყაროს გმირ ზელენსკის ლამის "ნაცს“ ეძახის და ომში რომ არ იყოს, ვაგინებდითო"

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ სამყაროს ორ ნაწილად „ნაცებად“ და „ქოცებად“ ჰყოფს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ვინც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, მათთვის ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა იმის მიუხედავად, ვინ არის.

„ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა რა არის იცით? მთელ სამყაროს ორ ნაწილად ჰყოფენ და ამ პრიზმაში უყურებენ სამყაროს - არიან „ქოცები“ და არიან „ნაცები“. ვინც მათთან არ არის, ყველა „ნაცია“. ხვალ ბაიდენმა რომ გააკრიტიკოს, დამერწმუნეთ, ბაიდენსაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში დაადანაშაულებენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება თავისი პოლიტიკით კოლაბორაციონისტებს ახალისებს.

„ხელისუფლების პოლიტიკა კოლაბორაციონისტების წახალისების პოლიტიკაა ამ ქვეყანაში, ეს ხვალ და ზეგ ქვეყნის ღალატად შეიძლება შეფასდეს. არ ვამბობ, რომ ამას ხელისუფლება შეგნებულად აკეთებს, მაგრამ თუ შეგნებულად არ აკეთებს, მაშინ ძალიან ბრიყვები არიან, რადგან ზუსტად ამით აქეზებენ რუსეთს, რომ უკრაინის შემდეგ ჩვენ ჩაგვაყენონ რიგში“,-განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ზოგჯერ ნამდვილად აჭარბებს და ხან საკუთარი განცხადებებიც ქვეყანასაც აზიანებს, მაგრამ გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებასთან რეალური პრეტენზიებია.

„ახლა მიმდინარეობს „რკინის ფარდის“ აღმართვა ევროპაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ცოტა ხანში სხვა სამყაროში ვიცხოვრებთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს ვართ, ისე კი არა, რომ დინებას მივყვეთ და საითაც გავირიყებით, რასაც ხელისუფლება აკეთებს. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, რეზონანსში მოვიყვანოთ ჩვენი ქმედებები იმასთან, რასაც დასავლეთი აკეთებს. დასავლეთი კი არ უნდა გვაფრთხილებდეს, რომ სანქციების გვერდის ავლა საქართველოდან არ მოხდეს, ჩვენ უნდა ვაჩვენებდეთ, რომ თანამეგობრობის ღირსეული წევრები ვართ. ამის ნაცვლად, სამყაროს გმირ ზელენეკის, ლამის „ნაცს“ რომ ეძახის ხელისუფლება და იმას ამბობენ, ომში რომ არ იყოს დედას ვაგინებდითო, დიდი ბოდიში რა!“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"