"აფხაზი ხალხი მხარს უჭერს რუსეთის „სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე“ - კვირის პალიტრა

"აფხაზი ხალხი მხარს უჭერს რუსეთის „სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე“

დავაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დავაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ორ ახალი სახელმწიფოსთან კონტაქტების განვითარებას", - აღნიშნა ლავროვმა.

ასლან ბჟანიამ კი განაცხადა, რომ აფხაზი ხალხი მხარს უჭერს რუსეთის „სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე“.

„მინდა მოკლედ მოგახსენოთ ის პროცესები, რომლებიც დღეს აფხაზეთში მიმდინარეობს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. აფხაზეთის მოქალაქეებს ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ჩვენ ვაღიარეთ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, გავმართეთ მრავალათასიანი მიტინგი, ორჯერ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, გავუგზავნეთ ტვირთი ამ რესპუბლიკების მაცხოვრებლებს. ამჟამად აფხაზეთში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან 150-ზე მეტი ქალი და ბავშვი ისვენებს. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ თავდაცვის სამინისტროს და სპეცსამსახურებს,“- აღნიშნა ბჟანიამ.

სერგეი ლავროვსა და ასლან ბჟანიას შორის შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.

IPN