"საოცრად კარგი ადამიანი იყო... " - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - კვირის პალიტრა

"საოცრად კარგი ადამიანი იყო... " - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

სამწუხაროდ, უკრაინაში, კერძოდ ირპენში, საარტილერიო დაბომბვის შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი დაიღუპა. ამ ინფორმაციას გვიდასტურებს უკრაინაში მყოფი მებრძოლი, ზაალ ლატარია.

26032022-1542-1648297181.06_REC.png
ფოტო აღებულია ზაალ ლატარიას ფეისბუკგვერდიდან

"გარდაგვეცვალა დათო გობეჯიშვილი, სოხუმელი, ჩამბელი, მეომარი ბიჭი, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის. საოცრად კარგი ადამიანი იყო. რამდენიმე დღის ჩამოსული იყო და საარტირელიო დაბომბვას შეეწირა. მართლა გმირი ადამიანი იყო, ჩემი უახლოესი ძმა და მეგობარი. რა ვთქვა არ ვიცი. შოკში ვარ, კიდევ ერთი ქართველი გმირი დავკარგეთ უკრაინაში. გამოსვენებულია ბრძოლის ველიდან, ირპენში საარტირელიო ჭურვს შეეწირა. ახლა ცხედარი კიევშია და ალბათ ხვალ პოლონეთიდან ჩამოსვენებენ საქართველოში. დათო დაოჯახებული იყო, ნათელში იყოს მისი სული“,- გვითხრა ზაალ ლატარიამ.

„ტყიბულის ბატალიონში ვმსახურობდით ერთად, დათო ძალიან კარგი ადამიანი იყო, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. ძალიან განვიცდით მის გარდაცვალებას, კარგი ქართველი დავკარგეთ“, - გვითხრა კიდევ ერთმა მისმა ახლობელმა.

ვიზიარებთ დათო გობეჯიშვილის ოჯახის მწუხარებას და ვუთანაგრძნობთ სრულიად საქართველოს კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცის გარდაცვალებას. სამწუხაროდ, ის მშობლიურ კუთხეში, აფხაზეთში დაბრუნებას ვერ მოესწრო.

(სპეციალურად საიტისთვის)