"გოიმების დოღია, რა! სახტად დავრჩი! პუტინმა მთელი მსოფლიო მოგვატყუა, ტო!"
"პუტინს ამიერიდან ვეღარაფერი შეაჩერებს, რადგან ისეთი რამ ჩაიდინა, რომ უკან დასახევი გზა აღარავის დაუტოვა... მერე რა, რომ დიდი პოლიტიკაა? - ისეთი რამ არ უნდა ქნა, გამოსავალი აღარ არსებობდეს და ბოდიშის მოსახდელიც აღარ გქონდეს! საშინელებაა, რაც ხდება და საერთოდ, გოიმების დოღია, რა!", - ამის შესახებ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
- ბატონო ზურა, გოიმებში ვის გულისხმობთ?
- პუტინსაც და სხვებსაც! აი, თუნდაც იუგოსლავიაზე ამიხსნას ვინმემ! მსოფლიო ჟანდარმის როლი რომ ითამაშა ამერიკამ, ქვეყანა დაანგრია და დღეს კაციშვილი აღარ ახსენებს მაგაზე არაფერს... აბა, იქაურ ხალხს ჰკითხეთ, რა გადაიტანეს! ვინც ქვეყნების, ხალხის განადგურების უფლებას აძლევს თავის თავს, ჩემთვის ყველა ერთია! ავღანეთში ამერიკა შევიდა ათი წლით, მერე რუსეთი რვა წლით, ზოგმა, ვისაც მოუნდა, სირია დაბომბა, ზოგმა ლიბია და ასე შემდეგ... საბოლოოდ, ყველაფერი იქ მიდის, რომ დედამიწისთვის ძალიან ბევრია 7 მილიარდი ადამიანი და გამოხშირვა უნდათ!
- საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რამდენად იგრძნობა?
- ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია თანაგრძნობას გამოხატავს და მეტი რა უნდა ქნას, ომს ხომ ვერ დაიწყებს?! მე არავისკენ არ ვარ, სიმართლისკენ მინდა ვიყო, მაგრამ საფრანგეთი ვერ ერევა ბოლომდე მაგ ამბავში და საქართველომ რა უნდა გააკეთოს?! აბა, მაშინ, ავიყაროთ მთელი ერი და წავიდეთ უკრაინაში საომრად! ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით, ვისაც რა შეგვიძლია! რა სანქციები უნდა დავუწესოთ ჩვენ რუსეთს, სად გვაქვს ჩვენ სასანქციოდ საქმე?! რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და მეტის თავი ჩვენ არ გვაქვს!
- საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ეროვნების ადამიანი ჩამოვიდა, იყო გარკვეული ინციდენტები მათ მიმართ და ამაზე რას იტყოდით...
- საშინელებაა! თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენი ხალხის ინსტინქტია, მათ მიმართ აგრესია ჰქონდეთ... მეც არ ვარ მათ მიმართ სიმპათიით განწყობილი, მაგრამ მაინც ვაჟა ფშაველას ქვეყანა ვართ და სტუმარი რომ ჩამოდის, თანაც გაჭირვებული, წიხლი არ უნდა ვკრათ!
- რუსები ახლა გაჭირვებულები არიან?
- ვაიმე, ეგ არ ვიცი! ვინ რას წარმოადგენს, ეგ უნდა შეამოწმოს იმ სამსახურის წარმომადგენლებმა, ვისაც ეგ საქმე აბარია! თუ წრფელი გულით მოდის და თავის თავი გასჭირვებია, ყველა უნდა მივიღოთ, რუსი იქნება, აფხაზი, თუ ოსი! თუ მაიმუნობისთვის მოდის, შესაბამისმა სამსახურმა უნდა გააკონტროლონ!
- პუტინის რუსეთის მხარეს მყოფ ქართველ ხელოვანებზე რას იტყოდით?
- ვერაფრით წარმომიდგენია, ახლა ვინმე პუტინისკენ იყოს, თუ რამ გამოუვალი სიტუაცია არ აქვს! თიკა კანდელაკი რასაც ამბობს, კი ვიცით, მაგრამ სოსო პავლაშვილის მხარდასაჭერი განცხადება არ მომისმენია და ვერაფერს გეტყვით... ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, სანამ რამეს იტყვიან! მე არ ვიცი, ახლა იქ რა სიტუაციაა და ვის რას აიძულებენ, მაგრამ ძალიან მაგარმა ხელოვანებმა პროტესტით დაანგრიეს თავიანთი კარიერა და გაიქცნენ... ყველგანაა სხვადასხვანაირი ხალხი - ცუდები, კარგები!
მე პანდემიამდე დავასრულე გადაღებები მოსკოვში... ორ სერალში გადამიღეს და ერთ-ერთი ახლა გადის პირველ არხზე... მერე გაგრძელებაც იყო, მაგრამ გაჩერება აღარ შემეძლო და ვთქვი, რა მიზეზიც გინდათ მოიგონეთ, მე აქ ვეღარ ჩამოვალ-მეთქი. დიდ პროექტზე ვთქვი უარი, მაგრამ გული არ მწყდება! მერე არც ყოფილა რამე შემოთავაზება.
ჩემი ერთი რუსი მეგობარი რუსეთიდან გაიქცა სამ შვილთან ერთად და ახლა რიგაშია... სამწუხაროდ, ჩემი ბევრი რუსი მეგობარი დღეს ცოცხალი აღარ არის. 1970-იანებში, ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით და მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა.
ეს ომი რომ დაიწყო, ერთ რუს მეგობარს მივწერე და მითხრა, წასული ვარ რუსეთიდან, რადგან ჩემმა პრეზიდენტმა მე მომატყუა, რომელსაც პატივს ვცემდი და მხარს ვუჭერდი, ამიერიდან ვეღარ ვენდობი, მეშინია, ბავშვებს რამე არ შეემთხვეს და ქვეყნიდან წავედიო.
- მოტყუებაში რა იგულისხმა, ომი რომ დაიწყო?
- აბა რა?! გავგიჟდი კაცი, საბავშვო ბაღი ხომ არ არის?! ყოველ საღამოს იძახდა, რა გამიწყალეთ გული, არ ვაპირებ არაფერსო და არ დაიწყო, ტო?! - აი, სახტად დავრჩი! არ ვიცი, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს. ომის დაწყებიდან მესამე დღეს ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო დაბომბა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი დიდია... მარტო ამით არის უკვე ნათქვამი ყველაფერი და რა აზრი უნდა ჰქონდეს, მან რაც უნდა თავი იმართლოს?!
- გაჟღერდა მოსაზრება, ახლა კარგი დროა, საქართველომ სამაჩაბლო და აფხაზეთი დაიბრუნოსო...
- რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორია მაგ მოსაზრება! არიქა, დრო ვიხელთოთ და ახლა დავიბრუნოთ, ეგ ვერაფრით წარმომიდგენია... თბილისი დაიბომბება და ამას წარმოუდგენელი რამ მოჰყვება! ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხომ ხედავთ რაებს სჩადის ეს გიჟი! ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და რუსულ არხებს რომ უსმინოთ, საერთოდ ცა და დედამიწა რომ განსხვავდება, ისეა იქ სიმართლე და ტყუილი... მოსახლეობამ რომ გაიგოს ეგ ვინც არის, ძალიან ბევრი მხარდამჭერი დააკლდება! მე ისიც არ მესმოდა, კორეამ რომ გამოაცხადა, თითქოს ბრაზილიას მოუგეს და ჩემპიონები გახდნენ და ახლა უარესს ვხედავთ! რასაც რუსული არხები ეუბნებიან მოსახლეობას, მარტო ეგ ინფორმაცია არსებობს იქ და მორჩა! მე კორეისა მიკვირდა და თურმე, სადა ბანაობ?!
ტელევიზორი შემზიზღდა, ხანდაზმული კაცი ვარ და რომ ვუყურებ, სულ მეცრემლება... თუმცა დღეს ყველა ეგრეა, იმდენად დიდი საშინელება ტრიალებს ჩვენ თვალწინ!
(სპეციალურად საიტისთვის)