"ვაფრთხილებ პუტინს, ერთი დიუმით არ გადაადგილდეს ნატო-ს ტერიტორიაზე!" - კვირის პალიტრა

"ვაფრთხილებ პუტინს, ერთი დიუმით არ გადაადგილდეს ნატო-ს ტერიტორიაზე!"

ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება - აღნიშნული განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესახებ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

თეთრი სახლის ლიდერმა პუტინი გააფრთხილა, „ერთი დიუმით“ არ გადაადგილდეს ნატოს ტერიტორიაზე. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ „სწრაფი და დამსჯელი ხარჯები“ ერთადერთია, რაც მოსკოვს კურსის შეცვლას აიძულებს.

„მსოფლიოს ყველა დემოკრატიას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაეხმაროს უკრაინას. ომი უკვე იყო რუსეთის სტრატეგიული მარცხი“, - განაცხადა ბაიდენმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პასუხის არასწორად გაანგარიშებით, ვლადიმერ პუტინი „არც ისე დიდად ისტორიის მცოდნე“ აღმოჩნდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, „რუსეთიდან ტვინების გადინება ხდება“ და ასევე განაცხადა, რომ რუსული სახელმწიფო მედია პროპაგანდისტულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ევროპამ უნდა დაასრულოს დამოკიდებულება რუსულ საწვავზე.

„თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი“- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს ხალხს განუცხადა.

„მე ყოველთვის პირდაპირ და გულწრფელად გელაპარაკებოდით თქვენ, რუს ხალხს. ნება მომეცით გითხრათ ეს, თუ თქვენ შეგიძლიათ ამის მოსმენა: რუსი ხალხი არ ხართ ჩვენი მტერი. მე არ მჯერა, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვების და ბებია-ბაბუების მკვლელობას, ან საავადმყოფოების, სკოლების, სამშობიაროების - რუსული რაკეტებით დაბომბვას“, - განაცხადა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი არ მოითხოვს ამერიკის პირდაპირ სამხედრო ჩარევას.

„ამერიკული ძალები ევროპაში არ არიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩაერთონ რუსულ ძალებთან, ამერიკული ძალები აქ არიან ნატოს მოკავშირეების დასაცავად“, - თქვა მან.

IPN