"საქართველოში იყო ამერიკის პრეზიდენტი და მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ" - კვირის პალიტრა

"საქართველოში იყო ამერიკის პრეზიდენტი და მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ"

ქართველი ხალხი ელოდება, რომ აქ მაღალი დონის ვიზიტორები ჩამოვიდნენ, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. აქ იყო ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ ისე როგორც არცერთი სხვა ქვეყნის პრეზიდენტი და მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელების მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის, ყველას თავისუფლებისთვის და ხვალინდელი მსოფლიოსთვის.

„ყველამ ვიცით, რომ ხვალინდელი მსოფლიო იქნება სხვა. როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი, ხვალინდელი ევროპა, როგორი იქნება ამერიკის ხვალინდელი ჩართულობა ამ ახალ ვითარებაში - ამას დღეს ვერ ვიტყვით, მაგრამ შეიძლება ერთი რამ დარწმუნებით ვთქვათ, რომ ხვალინდელი მსოფლიო არასდროს იქნება ის, რაც აქამდე იყო და ეს უდაოდ არის უკრაინელების დამსახურება. ამიტომ, დღეს, თუ ჩვენ შეგვიძლია აქ ვთქვათ, რა გვინდა- გვინდა კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა! დღეს, ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთში იმყოფება და იქ მიმდინარეობს უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრები-კიდევ უფრო ჩართული ამერიკა, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის. ამას ჩვენ ჩვენთვის არ ვითხოვთ, მაგრამ რეალურად ჩვენთვისაც ვითხოვთ. ვითხოთ მათთვისაც და დანარჩენი ევროპისთვისაც. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და პერიოდი, ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა დავინახოთ, ყველა უნდა ვიდგეთ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ. ყველას არ შეუძლია ერთნაირად გამოხატოს ეს სოლიდარობა. არიან პატარა და დიდი ქვეყნები, არიან სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობაში მყოფი ქვეყნები. ვიცით, ჩვენ არ გვიცავს მე-5 მუხლი. ჩვენი მისწრაფებაა,რომ ერთ დღეს ჩვენც ვიყოთ იმ ხაზის მეორე მხარეს, სადაც შეიძლება უფრო გამბედავი იყო, უფრო სხვანაირად გამოთქვა შენი ხედვა და მხარდაჭერა,მაგრამ სოლიდარობა ყველას გვევალება და ყველანი სოლიდარული ვართ დღეს უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ მათ მადლობას ვუხდით, მადლობას ვუხდით ამერიკის სახელმწიფოს მთელი ამ წლებისთვის, მისი პოლიტიკისთვის. ჩვენ მას ვთხოვთ, რომ ხვალინდელი დღეც დადგება, ომის შემდეგი დღე, როდესაც აღმავლობა, აღმშენებლობა დაიწყება და იქაც საჭირო იქნება ძალიან დიდი ჩართულობა, ახალი „მარშალის გეგმა“, ალბათ, უკრაინისთვის, ახალი მიდგომები ახალი მსოფლიოსთვის, აქაც მეტი ჩართულობა. კავკასია და შავი ზღვა ის რეგიონებია,რომელიც გვინდა-არ გვინდა ბევრად უფრო სტრატეგიული გახდება, ვიდრე აქამდე იყო დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე.

საქართველოში დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები. ქართველი ხალხი ელოდება იმას, რომ აქ მაღალი დონის ვიზიტორები ჩამოვიდნენ, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. იყო აქ ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ ის როგორც არცერთი სხვა ქვეყნის და მე მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ. მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ამერიკას და საქართველოს, რომ ჩვენი ურთიერთობები მრავალი წელი გაგრძელდეს და კიდევ უფრო მჭიდრო იყოს. მინდა, უკრაინას ვუსურვო, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რადგან მისი გამარჯვება ჩვენი, ყველას გამარჯვება იქნება. გაუმარჯოს საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, დიდება უკრაინას!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

IPN