"რაც მალე გვექნება საჰაერო თავდაცვა უკრაინაში, მით უფრო მალე გავიმარჯვებთ - დღევანდელი ავიადარტყმებით აგრესორი ბაიდენს „მიესალმა" - კვირის პალიტრა

"რაც მალე გვექნება საჰაერო თავდაცვა უკრაინაში, მით უფრო მალე გავიმარჯვებთ - დღევანდელი ავიადარტყმებით აგრესორი ბაიდენს „მიესალმა"

რაც მალე გვექნება საჰაერო თავდაცვა უკრაინაში, მით უფრო მალე გავიმარჯვებთ, -ამის შესახებ ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც 26 მარტს ქალაქი რუსული საჰაერო იერიშების სამიზნე გახდა.

„დღეს ისინი ურტყამენ არა მხოლოდ ლვოვს, არამედ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სხვა ობიექტებს. რაც უფრო მალე გვექნება უკეთესი ხარისხის იარაღი და საჰაერო თავდაცვა, მით უფრო უსაფრთხოდ იქნებიან ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა სადოვიიმ გამართულ ბრიფინგზე.

ლვოვის მერის ცნობით, რაკეტები, რომლებიც 26 მარტს ქალაქს მოხვდა, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან, კერძოდ, სევასტოპოლიდან გაისროლეს. მისივე თქმით, თავდასხმისას არავინ დაღუპულა.

“ვფიქრობ, რომ დღევანდელი ავიადარტყმებით აგრესორი პრეზიდენტ ბაიდენს „მიესალმა“, რომელიც ახლა პოლონეთში იმყოფება. ლვოვი პოლონეთიდან 70 კმ-ით არის დაშორებული. მიმაჩნია, რომ მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საფრთხე უკიდურესად სერიოზულია“, - დასძინა ლვოვის მერმა.

ამასთან, ლვოვის რეგიონის გუბერნატორის მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, რუსული ავიაიერიშების სამიზნე ლვოვში მდებარე თავდაცვითი ობიექტი და საწვავის საცავი გახდა. რუსულმა სარაკეტო დარტყმებმა ლვოვის ინფრასტრუქტურას "მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა".

IPN