"ახლა უკრაინა მკვლელი რუსეთის წინაშე დგას და აღვიძებს აქამდე სამარცხვინოდ გაჩუმებულ დასავლეთსაც“ - კვირის პალიტრა

"ახლა უკრაინა მკვლელი რუსეთის წინაშე დგას და აღვიძებს აქამდე სამარცხვინოდ გაჩუმებულ დასავლეთსაც“

"ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, საერთაშორისო ორგანიზაციების სამარცხვინო-პოპულისტური „უკიდურესად ღრმა შეშფოთების“ გამო ხდება, აუცილებელია მათი საფუძვლიანი რეფორმა. შესაძლოა ძალიან მკაცრი შეფასებაა, მაგრამ ეს მტკივნეული რეალობაა. დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“

რატომ აღმოჩნდა ცივილიზებული მსოფლიო იმ რეალობის წინაშე, როდესაც რუსეთი მას ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება; რა ფაქტორებმა განაპირობა პუტინის შეუკავებელი აგრესიული პოლიტიკა და საიდან იღებს სათავეს პროცესები, რომლებმ­აც მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დაგვაყენა, ამ და სხვა თემებზე საქართველოს საპატიო კონსული ლვოვში იაროსლავ­ მუზიჩკო საუბრობს:

miroslav-1648371390.jpg

- ახლა ხშირად კითხულობენ, რატომ დადგა ეს რეალობა, რასაც ასე ვუპასუხებ - ეს ერთბაშად არ დამდგარა - 60-იანი წლების მიწურულსა და 70-იანი წლების დამდეგს გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია გართულდა, რამაც ევროპისა და საბჭოთა კავშირის დაახლოებას შეუწყო ხელი.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დასავლეთ ევროპის ბიზნესელიტა ცდილობდა თავისი ეკონომიკის აღდგენასა და განვითარებას, იმავდროულად, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ამის მაგალითი იყო საფრანგეთის გამოსვლა ნატოდან, ბრეტონ-ვუდის სისტემის კრახი და სხვ. დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირთან ვაჭრობაში ძალიან დიდ სარგებელს ხედავდნენ, განსაკუთრებით, ნავთობის კრიზისის გამო, ენერგოგამტარების იმპორტის საკითხში ახლო აღმოსავლეთში პროვოცირებული ომის პარალელურად, მეორე მხრივ კი, იმ მცდარი მოსაზრებით, თითქოს ეკონომიკური კავშირების დახმარებით საბჭოთა კავშირის დასავლური სამყაროს ღირებულებებთან მჭიდრო ინტეგრირება იყო შესაძლებელი, რაც მათ საბჭოეთის მტრული ზრახვებისგანაც დაიცავდა.

ცნობისთვის: გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის კანცლერმა ვილი ბრანდტმა­ 1971 წელს დასავლეთსა და საბჭოთა კავ­შირს შორის ვითარების განმუხტვაში გაწეული შრომისთვის ნობელის პრემია მიიღო. სწორედ მაშინ დაიწყო გრძელი პოლიტიკური გზა "გადატვირთვის" სახელწოდებით, რომელმაც მსოფლიო დღევანდელ სიტუაციამდე, უკრაინის ომამდე მიიყ­ვანა. შემდგომ საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში გაჩაღებულმა ომმა დასავლეთი­ ოდნავ გამოაღვიძა, მაგრამ ევროპაში ილუზიები მაინც არ გამქრალა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ომი ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის იყო. წლების განმავლობაში­ ევროპელებს საბჭოთა კავშირის, მისი დაშლის შემდგომ კი თანამედროვე რუსეთის აგრესიული პოლიტიკის დანახვა არ სურდათ. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა­ მმართველობის პოლიტიკურ სისტემაში მნიშვნელოვანი განსხვავებებია. კერძოდ, საბჭოთა კავშირში სტალინის შემდეგ სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს როლი მნიშვნელოვანი იყო, გადაწყვეტილებებს კოლექტიურად იღებდნენ, ანუ რაღაც ბალანსი არსებობდა. რუსეთში კი გადაწყვეტილებებს პუტინი ერთპიროვნულად იღებს­. ამის მკაფიო მაგალითი იყო რუსეთის უშიშროების სხდომა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე გაიმართა. სამწუხაროდ, დასავლეთმა ეს ამ დრომდე ვერ აღიქვა. რუსეთის მიერ საქართველოში გაჩაღებულმა ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო დასავლეთის ახლომხედველი პოლიტიკა, ის, რომ არ სურდათ ეკონომიკური სარგებლის დათმობა აგრესორის შეკავების ფასად. ეს ეხება ევროპასაც და ამერიკასაც, მათ შორის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელიც პუტინის რუსეთთან "გადატვირთვის პოლიტიკას" ხელმძღვანელობდა. ამის გაგრძელება­ იყო ომი სირიაში, ალეპოს დაბომბვა... ერთი სიტყვით, კოლექტიურ დასავლეთს ეკონომიკური და ელექტორალური ინტერესების გამო პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა. ამიტომაც მივიღეთ ეს შედეგი.

- როგორი იქნებოდა ახლა რუსეთის სამეზობლო (და არა მარტო) პოლიტიკა, 2008 წელს საქართველოში სამხედრო აგრესიის დროს დასავლეთს ამ ქვეყნიდან მომავალი საფრთხე ობიექტურად რომ შეეფასებინა?

- პირდაპირ ვიტყვი: 2008 წელს რუსეთის საქართველოზე­ თავდასხმას ძლიერი ეკონომიკური სანქციები­ რომ მოჰყოლოდა, უკრაინ­აში ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა, მსო­ფ­ლიოსთვის ასეთი ძლიერი ეკონომიკური შოკიც არ იქნებოდა. არც ბირთვული ომის მუქარას მოვისმენდით და არც ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე დავდგებოდით. მეტიც, თითქმის ყველა ჩუმად იყო საქართველოში 90-იან წლებში მიმდინარე პროცესების დროს, მხოლოდ უკრაინა­ დაეხმარა იარაღით, მოხალისე მეომრებით, ისევე როგორც 2008 წელს. რუსეთმა დღემდე ვერ დაივიწყა ეს... გავანადგუროთ ბოროტების იმპერია თქვენი დახმარებით ჩვენი მისიაა კაცობრიობის წინაშე. უკრაინელებისა და ქართველების მეგობრობას ვერაფერი დაანგრევს­, რადგან ის ქართველებისა და უკრა­ინელების სისხლით არის გამყარებული. ჩვენ საერთო მტერი გვყავს. მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველდღე ვგრძნობთ. უამრავი­ მეგობარი მირეკავს საქართველოდან, მაჩვენებენ ვიდეოებს, თუ როგორ იმართება მრავალრიცხოვანი­ მიტინგები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. რუსეთი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, ხოცავს ქალებსა და ბავშვებს, ანადგურებს ინფრასტრუქტურას. საქართველომ მსგავსი რამ არაერთხელ გადაიტანა.

სამწუხაროდ, უკრაინის ომმა თანამედ­როვე მსოფლიოში დაგროვილი უამრავი­, მათ შორის ინსტიტუციური პრობლემა­ გამოავლინა. ამ რთულ მდგომარეობაში უკლებლივ ყველა ევროპული და საერთა­შორისო ინსტიტუტი, რომელთაც მშვიდობა და სტაბილურობა­ უნდა უზრუნველეყოთ, გამონაკლისის გარეშე­, უმწეო აღმოჩნდა. ეს ეხება ეუთოს, ევროსაბჭოს, გაეროს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, "წითელ ჯვარს" და კიდევ სხვებს, რომლებიც უზარმაზარ ბიუჯეტს იღებენ და იმავდროულად, ქმედუუნაროები არიან. რეალობამ გვაჩვენა, რომ სამყარო მათგან დიდ სარგებელს იღებს. ამ ომში რუსეთმა უკანონოდ წაიყვანა, ფაქტობრივად, გაიტაცა, უამრავი ბავშვი, თუმცა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც სწორედ ამ თემებზე მუშაობენ, იმის ნაცვლად, აგრესორის ასეთი ქმედება აღკვეთონ, მხოლოდ "ღრმა შეშფოთება" გამოხატეს. ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, სწორედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების სამარცხვინო-პოპულისტური "უკიდურესად ღრმა შეშფოთების" გამო ხდება. ამიტომაც აუცილებელია მათი ღრმა და საფუძვლიანი რეფორმა. შესაძლოა ძალიან მკაცრი შეფასებაა, მაგრამ ეს მტკივნეული რეალობაა. დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.

- ახლა უკრაინა ოკუპანტ ქვეყანასთან უთანასწორო ომში ახალ ისტორიას წერს. თვალს ვადევნებთ უკრაინის პრეზიდენტის გზავნილებს მიმართულს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ნატოსთვის, ევროკავშირისთვის, მსოფლიო ლიდერებისთვის. როგორ ფიქრობთ, შეძლებს უკრაინა დასავლეთის გამოღვიძებას?

- დიახ, ახლა უკრაინა მკვლელი, სასტიკი, მოძალადე რუსული სამყაროს პირისპირ დგას და ჩემი ქვეყანა თანამედროვე ისტორიას საკუთარი სისხლით წერს. აღვიძებს ბურჟუაზიულ, კორუმპირებულ და ვითომ "მშვიდობისმყოფელ" რუსეთს და შესაბამისად, აქამდე სამარცხვინოდ გაჩუმებულ დასავლეთსაც. ვგულისხმობ კანცლერ შრიოდერს, ბერლუსკონის, სარკოზისა და სხვებს. დასავლეთი რომ იღვიძებს, ამას მოწმობს მისი უპრეცედენტო გაერთიანება და ის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას დაეხმარონ. თუმცა გამოღვიძება, იმ პირობებში, როდესაც პროცესები სწრაფად იცვლება, ძალიან ნელია. ამიტომ დროა დასავლეთმა საბოლოოდ გაიღვიძოს, თორემ შეიძლება ერთხელაც როგორც დასავლეთმა, ასევე მთელმა დედამიწამ საერთოდ ვეღარ გაიღვიძოს, ვინაიდან რუსეთი პირდაპირ იმუქრება ბირთვული იარაღით.

- საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი უკრაინის არასაკმარის, პასიურ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ვგულისხმობ იმას, რომ მათი მოსაზრებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. როგორია თქვენი დამოკიდებულება, რას არ აკეთებს (ან აკეთებს) სწორად ქვეყნის ხელისუფლება?

- არ მიმაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას პასიური პოზიცია აქვს. მათი პოზიცია მკაფიოდ გამოჩნდა გაეროს უშიშროების საბჭოზე, ასევე ჰუმანიტარული დახმარებით, რომელსაც უკრაინა იღებს. რაც შეეხება სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერას, ყოველი სახელმწიფო თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მოცემულობის მიხედვით მოქმედებს. ვიცით, რომ თბილისიდან 62 კილომეტრში რუსული ბაზაა და ტანკები დგანან. ვიცით, თუ როგორ ხდება ესა თუ ის პროვოკაცია. ნებისმიერი ომი მხოლოდ ჯარების სამხედრო შეტაკება კი არა, ინტელექტის, ცბიერების, ტყუილის და ფეიკების ომიცაა. ამის მაგალითია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველომ უკრაინის ზურგს უკან მოლაპარაკება გამართა რუსეთის ფედერაციასთან თუნდაც რძის პროდუქტების მიწოდებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ კრიტიკული მიდგომა და სწორად გაანალიზება. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ საქართველოსა და მოძმე ქართველი ხალხის, ისინი მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის მრავალათასიანი მიტინგებითა და ჩვენი მოქალაქეების მიღებით გამოხატავენ. ვიცით, რომ არც თქვენთვის არის დალხენილი დრო და ამიტომაც ყველაფრისთვის მადლიერი ვართ.

- აშკარაა, რომ ამ ომში უკრაინა და უკრაინელი ხალხი მორალურად უკვე გამარჯვებულია. როგორია თქვენი მოლოდინი, როგორი იქნება უკრაინის ხვალინდელი დღე და რას მოუტანს რუსეთის დასუსტება მსოფლიოს?..

- დარწმუნებული ვარ, ეს ომი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებით დასრულდება. უკრაინა გაიმარჯვებს რუსეთის იმპერიაზე, რაც იმ სისტემაზე ჰუმანიზმის გამარჯვების სიმბოლო იქნება, რომელსაც სძულს ადამიანები. მჯერა, რომ რუსეთი ასეთი ფორმატით დაასრულებს არსებობას და ცივილიზებულ სამყაროზე თავდასხმის მუდმივ მუქარასაც ბოლო მოეღება.­ მჯერა, რომ ჩვენ ახალი სამყაროს დაბადების, "ძალის გამოყენების პრინციპით" ნასაზრდოები წარსულის პრიმიტივიზმის, პოლიტიკაში პოპულიზმის გაქრობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაუფიქრებელი­ კონსუმერიზმის, საუკუნის წინანდელი სტერეოტიპების იმპერიის მსხვრევის მომსწრე ვართ.

ვფიქრობ, ამ ომმა მსოფლიოს მოაზროვნეები, ინტელექტუალები, ფილოსოფოსები, ტოპპოლიტიკოსები და ეკონომისტები დააფიქრა - მათ ღირებულებები გადააფასეს. ვგულისხმობ მათ, ვინც მსოფლიოს კარნახობდნენ სწორად თუ არასწორად ცხოვრებას. თუ მე ვცდები, მაშინ გამოდის, ჩვენი პლანეტა ვერ გადარჩება, როგორც უნდა ეცადოს ილონ მასკი. თუმცა სულით ხორცამდე მწამს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!.. დიდება უკრაინას!..