"რუსების ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა“ - კვირის პალიტრა

"რუსების ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა“

საერთაშორისო საზოგა­დო­ებრიობა და ლიდერი ქვეყნები უფრო გააქტიურდნენ­ უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინას უკვე სამხედრო უპირატესობა აქვს, თუმცა­ ომი ისევ გრძელდება. რამდენად გაამართლა ნატოს სამიტის მოლოდინმა და რა იქნება მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულების მთავარი პირობა, ამ საკითხებზე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს­ ვესაუბრეთ.

- გააჩნია, ჩვენ რას ველოდით სამიტისგან. თუ იმას, რომ წევრად წელს ან გაისად მიგვიღებენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არ გამართლდება, თუ არ ასრულდა ის, რასაც ბევრი ვნატრობთ, რომ რუსეთი­ გავიდეს კავკასიიდან. ასეთ შემთხვევაში შეიძლება წელსვე გავხდეთ ნატოს წევრი. თუ ველოდებოდით უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვას, ესეც გამორიცხულია, ნათელი იყო თავიდანვე. შესაბამისად, მოხდა ის, რაც იყო მოსალოდნელი - უკრაინისთვის მხარდაჭერა, იარაღით მომარაგება, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარების განლაგება, რათა რუსებმა მერე, ვთქვათ, პოლონეთისკენ ან ბალტიის ქვეყნებისკენ არ მოინდომონ გაწევა.

- პოლონეთისკენ გაწევა რეალურია?

- არა მგონია, ეს მოხდეს, მაგრამ მაინც ჯობს, ჰყავდეთ ჯარი და, ბოლოს და ბოლოს, რუსეთს დისკომფორტი შეუქმნან.

- უკრაინა ხუთ ქვეყანასთან განიხილავს უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობას: აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთსა და თურქეთთან. რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ახალი ალიანსი?

- ამერიკა რომ არის ნახსენები, უკვე კარგია, რადგან დღეს უსაფრთხოების მთავარი გარანტორი ამერიკაა და არა მარტო უკრაინისთვის. თუმცა მეორე საკითხია, თანამშრომლობაში რა იგულისხმება. იარაღს ისედაც აწვდიან და ამის ფორმალიზება თუ მოხდება, რომ იარაღი სისტემატურად მისცენ, სხვა ამბავია, თორემ ჯარს იქ არავინ გზავნის. საინტერესო ის არის, ამის იქით რა ხდება. როდესაც ეს გვეცოდინება, შეფასება მერე იქნება შესაძლებელი.

- აქამდე უკრაინასთან უსაფრთხოების ალიანსი ჰქონდათ დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთს. ახალი და თან საკმაოდ მნიშვნელოვანი ქვეყნების დასახელება ამ ალიანსის გაფართოებას თუ ფორმატის შეცვლას ნიშნავს?

- ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინა სინამდვილეში არაფერი იყო. ჯერ ერთი, ამას მემორანდუმის სახე ჰქონდა და არა საერთაშორისო ხელშეკრულების და მეორე - საქმეში გამოჩნდა, რომ ჯარი ვერც ერთმა­ ვერ გაგზავნა; მესამე - რუსების ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა. რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერ ალიანსს, სადაც ამერიკა არ იქნება, არაფერი გამოუვა. ამიტომ არის ნატო მნიშვნელოვანი, რომ იქ ამერიკაა და არა იმიტომ, რომ„"ნატო" ჰქვია. შესაბამისად, როდესაც ახლა საუბარია მცირე ალიანსების შექმნაზე, ვფიქრობ, მოლოდინი გადაჭარბებულია, რადგან ქმედითი ალიანსის შექმნა ასე იოლი არ არის. ნატოს მაგალითიც იმას გვეუბნება, თუ რატომ არის ნატო ძლიერი, რამდენი ხანია, არსებობს და ვერავინ ეხება მის წევრ სახელმწიფოებს, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ მათ ამერიკა იცავს. ამიტომ საუბარი ახალ მცირე ალიანსებზე, ილუზიაა.

- ზელენსკიმ მოუწოდა ნატოს, რომ ჯობს ახლა მოიძიოს იარაღი, რათა მერე საქართველოსა და მოლდოვასთვის არ დასჭირდეს. უკრაინაში ომის დაწყებიდანვე ისმის, რომ რუსეთის მოლდოვასა და საქართველოში შემოჭრა რეალური საფრთხეა. სადღეისოდ შეიცვალა რამე საფრთხის სიმწვავის თვალსაზრისით?

- თუ უკრაინამ რუსეთი ძალიან არ დააზარალა, გამორიცხული არაფერია. ჩვენ და მოლდოვა ნატოს წევრები არა ვართ. რუსეთი უკრაინაში უკვე გაჭედილია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს სადამდე­ მივა. ჩვენ რომ ვუყურებთ აფეთქებულ ტანკებს და ჩაძირულ გემებს, კი გვიხარია, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთისთვის არ არის ისეთი დანაკარგი, რომ გაჩერდეს.

- ამ ფონზე საზავო მოლაპარაკების წარმატება რამდენად მოსალოდნელია?

- როგორ უნდა მოილაპარაკონ? რუსეთი ითხოვს ტერიტორიას, უკრაინა კი მას არ დათმობს. დანარჩენ საკითხებზე მოლაპარაკება თეორიულად კიდევ შესაძლებელია,­ მაგრამ ტერიტორიისა და მისი პოლიტიკური სტატუსის საკითხი ძალიან მტკივნეულია. მოლაპარაკება შედეგიანი ვერ იქნება, როცა არც ერთი მხარე არ იხევს უკან.

- ერდოღანმა თქვა, რომ ომის დასასრუ­ლებლად 6 პუნქტიდან 4-ზე მიღწეულია შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის: NAთO-ზე, განიარაღებაზე, კოლექტიურ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში რუსულის ოფიციალურ ენად გამოყენებაზე. თუმცა ისევ არსებობს ყირიმისა და დონბასის საკითხი, რაზეც უკრაინის დათანხმება შეუძლებელია.

- საქმეც ეგ არის, რომ ტერიტორიაზე­ ვერ ხერხდება შეთანხმება. უკრაინა ასე მარტივად არ დათმობს ტერიტორიებს, მით უმეტეს, რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს. ამასთან, რუსეთში ხალხი დემორალიზებულია. რუსეთს მანამდე ყველა ომში ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერა, ახლა კი ასე არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- ერდოღანის ჩამონათვალში საინტერესოა­ შეთანხმებულად მოხსენიებული საკითხები. რა შანსია, რომ უკრაინა ამაზე დათანხმდეს და ამ მოცემულობით ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება?

- თუ უკრაინა ამაზე თანახმაა, ეს ნიშნავს, ანგარიშს უწევს, რომ ქვეყანაში ჰუმა­ნიტარული კატასტროფაა, მაგრამ ტერიტორიულ მთლიანობას ასე იოლად არ დათმ­ობს­. ვერ წარმომიდგენია, ისე როგორ უნდა მოაწერონ შეთანხმებას ხელი. თუ შეთანხმების ტექსტში ტერიტორიების საკითხს მიაჩუმათებენ, საერთოდ არ დასვამენ,­ მაშინ გასაგები გახდება, რომ უკრაინა ამ ტერიტორიებს თმობს. თუ მკაფიოდ არ ჩაიწერა, იგულისხმება, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებიდან არ გავა, არც ყირიმიდან და არც დონბასიდან. რუსეთი დადებულ ხელშეკრულებებს არღვევს და სიტყ­ვაზე მისი ნდობა როგორ შეიძლება? მით უმეტეს, არ ვიცით, ახლა რა გეგმა აქვს.

- რა უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებისთვის ხელსაყრელი პირობა იყოს და, ბოლოს და ბოლოს, შეწყდეს ცეცხლი?

- ეს ჯერ არ ჩანს. ორი ვარიანტია: პირველი - რუსეთი ძალიან გამოიფიტოს და მეორე - ძალიან გამოიფიტოს უკრაინა. ამას კი დრო სჭირდება...

რუსა მაჩაიძე