"უკრაინელ კოლეგებთან საქართველოს ხელისუფლებისთვის პირის მოწმენდა მიწევს“ - კვირის პალიტრა

"უკრაინელ კოლეგებთან საქართველოს ხელისუფლებისთვის პირის მოწმენდა მიწევს“

"ამ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში "ოცნების“ მოწყობილი საბავშვო ბაღისთვის არავის სცალია. რამდენიმე ევროპარლამენტარმა პირდაპირ მითხრა, საქმე იქით მიდის, რომ ქართველებს „ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის არჩევნის გაკეთება მოუწევთო...“

"ევროპარლამენტარების პროგნოზით, ქართველი ხალხი შეიძლება არჩევნის წინაშე დადგეს: "ქართული ოცნება" ან ევროკავშირი", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიუსელში ვიზიტისას. "მიუხედავად ოპოზიციის აქტიური მცდელობისა, ნაწილობრივ მაინც დაკომპენსირდეს "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო ქმედებები, როგორც ჩანს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის საკმარისი არ არის, რადგან ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ ჩაანაცვლებს. შეხვედრა მქონდა საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდ მეგობართან, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხზე და უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე. მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარების მსგავსად კუბილიუსმა გაიმეორა, ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია ევროპაში ინტეგრაციის გზიდან", - ამბობს ვაშაძე. მისი თქმით, უფრო და უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება საქართველოს ხელისუფლების კურსის შესახებ, რის გამოც ოპოზიციონერმა ლიდერებმა მმართველ გუნდს ერთობლივი მუშაობა შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს... რა შესთავაზა ოპოზიციამ ხელისუფლებას, რატომ თქვა მმართველმა გუნდმა უარი ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე­ და რა დასკვნა გამოიტანა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ბრიუსელში გამართული "ალდეს" ლიდერების სამიტისგან, ამის შესახებ გიორგი ვაშაძე­ თავად გვესაუბრება:

- გული მტკივა, რომ ჩვენი ხელისუფლების ორაზ­როვანი და გაურკვეველი განცხადებები დასავლელ პარტნიორებს ბევრ კით­ხვას უჩენს. ყველა შეხვედრაზე­ მიწევს მტკიცება, რომ საქა­რ­თ­ველოს ეკუთვნის ევროატლანტი­კურ სტრუქტურებში გაწევრება. ასევე მიწევს საქართველოს ხელისუფლებისთვის პირის მოწმენდა უკრაინელ კოლეგებთან, მაგრამ­ ძალიან თვალში საცემია მმარ­თველი­ გუნდის­ ზოგიერთი წარმომადგენლის ხისტი და ხან არაგულწრფელი განცხადებები. მოლდოვაზე ნეგატიურად­ არის შეფასებული საქარ­თველოს ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია - სანქციებთან დაკავშირებულ ორაზროვან განცხადებებს პრეზიდენტ ზელენსკიზე გაუგებარი სიტყვიერი­ თავდასხმებიც ემატება.

- საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციაში წვლილი ოპოზიციასაც ხომ არ მიუძღვის?

- ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებას ძალით ხომ არ ვაკეთ­ებინებთ განცხადებებს?! "ოცნებამ" არ იცის, რომ მათი ნათქვამი ნებისმიერი განცხადება მყისიერად ექცევა ყურადღების ცენტრში?! ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, პირადად შევთავაზე ხელისუფლებას, რომ უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი გაგვეკეთებინა, ბრიუსელში ერთად წავსულიყავით და ერთიანი პოზიცია დაგვეფიქსირებინა, მაგრამ მათგან მკვახე უარი მივიღე. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ოპოზიციასთან არაფრის განხილვას არა აქვს აზრი. სინამდვილეში მიზეზი ის არის, რომ არ სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია და სასამართლო რეფორმის გატარება. რატომ? იმიტომ, რომ ამ სასამართლოსა და პოლიციაზე დგას მათი ძალაუფლება. ამ სისტემების რეფორმირებისა და დემოკრატიზაციის შემთხვევაში ხელისუფლებაში მათ ყოფნას საფრთხე ექმნება. ურჩევნიათ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ხელისუფლება. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა ევრო­პარლამე­ნტარს შევხვდი, ვინც კი საქართველოზე ანგ­არიშს ამზადებს. ყველას განწყობა ნეგატიურია, ყველა ამბობს, რომ საქართველომ ევროკავშირში­ დაჩქარებული წესით გაწევრება უნდა დაივიწყოს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ არა აქვს ნათელი პოზიცია და რაც ყველაზე მთავარია, დაჩქარებული წესით გაწევრებას დაჩქარებული რეფორმები სჭირდება.­ "ოცნ­ებას" კი საერთოდ არ სურს რეფორმების გატარება. დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ "ოცნების" ვირეშმაკობით, ტყუილებით, გადაგდებებით... ჯერ მოაწერენ შეთანხმებას ხელს, მერე თავადვე ახდენენ ანულირებას, მერე ექვსი თვე ლაპარაკობენ, ჩვენ მაინც ვატარებთ რეფორმებს, თქვენ ვერ ხედავთო. ამ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში "ქართული ოცნების" მოწყობილი საბავშვო ბაღისთვის არავის სცალია. რამდენიმე ევროპარლამენტარმა პირდაპირ მითხრა, საქმე იქით მიდის, რომ ქართველებს "ქართულ ოცნებასა" და ევროკავშირს შორის არჩევნის გაკეთება მოუწევთო. მე ყველანაირად ვცდილობდი ამეხსნა მათთვის, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრებას, მაგრამ მხოლოდ საუბარი რომ არ კმარა, ეს თქვენც იცით, საქმეა საჭირო.

- ბრიუსელში "ალდეს" ლიდერების შეკრების მიზეზი მაინც უკრაინა გახლდათ. თუ გამოიკვეთა ახალი პოზიცია?

- დიახ, ამ შეხვედრის მიზანი უკრაინა­ იყო. ჩვენი და უკრაინელი კოლეგების მთავარი პოსტულატი გახლდათ მეტი დაფინანსება, მეტი შეიარაღება უკრაინას და მეტი სანქციები რუსეთს. ეს არის სამკომპონენტიანი სტრატეგია, რომელიც დაეხმარება უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში. ჩვენ ვთქვით, რომ ნახევრად გადადგმული ნაბიჯები შედეგს არ მოიტანს, სანქციები უნდა იყოს მკვეთრი და ყოვლისმომცველი­. თქვენ იცით, რომ დაიწყო გაზსა და ნავ­თობზე ემბარგოს დაწესების განხილვა. ნავთობზე ემბარგოს დაწესება გაცილებით მარტივია, რადგან მისი ჩანაცვლება შესაძლებელია. შედარებით რთულად არის გაზის ჩანაცვლების საკითხი, თუმცა ამერიკა თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს და ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც პროგრესი იქნება ახლო მომავალში. შეიძლება ითქვას, გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება სხვა სანქციების ამოქმედებასთან ერთად რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას ნიშნავს. ვიყავი ისეთ დისკუსიებზე, სადაც საუბარი იყო, რომ შვედეთმა, ნორვეგიამ და დანიამ, რომლებიც რუსულ გაზზე­ არ არიან დამოკიდებული, პოლონეთთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, ასევე­ რუსულ გაზზე დამოკიდებულ ევრ­ოპის ქვეყნებთან ერთად გაიღონ ის საფასური, რომლის გაღებაც მოუწევთ­ რუსულ ნავთობსა­ და გაზზე უარის­ თქმით. იყო საუბარი იმის თაობაზეც, რომ ახლა ანგარიშისა და ხარჯების დათვლის დრო კი არა, გადაწყვეტილებების დროა. ევროპაში სულ უფრო ნაკ­ლები ლიდერია, რომელთაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ან კიდევ უფრო გამკაცრებაზე ნეგატიური პოზიცია აქვს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

- გინდათ თქვათ, რომ ამ ომში რუსეთი­ მარტო რჩება?

- შეიძლება ევროპის კონტინ­ენტზე­ დარჩეს რამდენიმე ლიდერი, რომელთაც რუსეთის გულშემატკივრობის სურვილი ექნება, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ევროკავშირში გადაწყვეტილებას იღებს ხალხი და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, ხალხი კი რუსეთის წინააღმდეგ არის განწყობილი. ჩინეთის პოზიცია ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა მხარს აშკარად არ დაუჭერს, თურქეთის პოზიციაც ვიცით უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით.

- ირკვევა, რომ უკრაინისთვის არც უნგრეთის პოზიციაა­ მთლად საიმედო.

- დიახ, მაგრამ, ვფიქრობ, უნგრეთის წინააღმდეგობას გატეხენ. უნგრეთი და ურბანი კიდევ ერთი თავსატეხია ევროკავშირისთვის. ამაზეც არაერთი დისკუსია გაიმართა. რაც მთავარია, გერმანია, რომელიც ყოველთვის თავშეკავებული იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, დღეს მკვეთრად გამოხატავს თავის პოზიციას.

- რა პერსპექტივა აქვს ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის ზელენსკისეულ ინიციატივას?

- ჩემი აზრით, ზელენსკის ძალიან სწორი სტრატეგია აქვს არჩეული. ის ეფექტურად მუშაობს ევროპელ, ასევე ამერიკელ საზოგადოებასთან და ამ ფორმით აძლიერებს წნეხს ხელისუფლებებზე. პუტინი ერთ რამეში შეცდა - ვერ გათვალა, რომ დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადაწყვეტილებებს იღებს ხალხი და არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. ზელენსკის სტრატეგია ასეთია - მოითხოვე მაქსიმუმი, რომ მიიღო­ მინიმუმი. ის არ არის სტანდარტული პოლიტიკოსი, არ საუბრობს ენის მოჩლექით, პირდაპირ ამბობს სათქმელს. ჯერ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა ტიპის ალიანსი შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთში ლიდერებს უფრო და უფრო ხშირად უწევთ დინამიკური გადაწყვეტილებების მიღება. რაც მთავარია, მალე უკრაინას შეიარაღების პრობლემა არ ექნება, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კი უფრო გამკაცრდება. ეკონომიკურ ბრძოლაში რუს­ეთი მალე სასტიკად დამარცხდება. საინფორმაციო ომში უკვე დამარცხებულია. ახლა აქტიური საუბარი მიდის რუსეთის ოპოზიციასთან, რათა მოსახლეობამ სრული სიმართლე გაიგოს.

- ეს როგორ მოხერხდება,­ როცა რუსეთში თავისუფალი სიტყვა თავისუფლების აღკვეთით ისჯება?

- თანამედროვე ტექნოლოგი­ები იძლევა საშუალებას, რომ ეს ჩაკეტილი ველი გავარღვიოთ.

ხათუნა ბახტურიძე