"ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ რუსეთის ყველაზე დიდი სამიზნეა“ - კვირის პალიტრა

"ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ რუსეთის ყველაზე დიდი სამიზნეა“

"პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მობილიზებულია იმისთვის, რომ არასწორი ინფორმაცია ჩაიტანოს დასავლეთში, კიევში და შედეგიც სახეზეა... თუმცა ზოგიერთს ტყუილად ჰგონია, რომ მსოფლიო ლიდერები თვალდახუჭული დადიან და თუ მართლა რამე არასწორი ხდება, თუ ვინმე საქართველოს შავ ხვრელად იყენებს, მხოლოდ კრიტიკული განცხადებებით შემოიფარგლონ. საქართველო არ აპირებს გახდეს შავი ხვრელი..."

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსი ჩინოვნიკის გრიგორი კარასინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია რუსეთის მადლიერებაზე საქართველოს მიმართ და მეგობრობის აღდგენის სურვილზე. მისი თქმით, კარასინის განცხადება გამიზნული იყო იმისთვის, რომ საქართველოში ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დასმულიყო და დავის საგნად ქცეულიყო. რატომ ვერ ახერხებს მმართველი გუნდი რუსული პროვოკაციების თავიდან არიდებას, ქართული პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად და რატომ მიაჩნიათ საეჭვოდ დასავლელ პარტნიორებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ამის შესახებ გიორგი ვოლსკი გვესაუბრება:

- თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთში ოფიციალური თბილისის სახელით არავინ ყოფილა წარმოდგენილი, მხოლოდ კერძო ინიციატივით ჩავიდა რამდენიმე ექსპერტი. ჩვენგან მათ არც ხელშეწყობა ჰქონიათ და არც მხარდაჭერა. უფრო მეტიც, რაც ამ ხალხმა გააკეთა, ჩვენ შევაფასეთ როგორც სახელმწიფოს პრინციპებისა და ინტერესების წინ გადახტომა.

- ანალიტიკოსების აზრით, რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი ქართული პოლიტიკური სპექტრის ურთიერთდაპირისპირებაა. რატომ ვერ ახერხებს მმართველი გუნდი­ ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვას ისეთ ვითარებაში მაინც, როდესაც ქვეყანა რეალურად დგას საფრთხის წინაშე?

- როდესაც ორ პოლიტიკურ ძალას შორის სხვადასხვა ამოცანა დგას, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ როგორ ილაპარაკებს და ვინ რა ტერმინებს გამოიყენებს. ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რატომ არ გვესვრის პუტინი ბომბებს, რატომ გვაყენებს მოსკოვი ეკონომიკური კატასტროფის წინაშე. ჩვენ ვამბობთ, რას ამბობენ რუსი ჩინოვნიკები საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ან საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად. დღეს არ სჭირდება რუსეთს და არ გვესვრის ბომბებს, ხვალ შეიძლება დასჭირდეს და გვესროლოს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ რუსეთის ყველაზე დიდი სამიზნე და საფრთხის მქონე ქვეყანაა, იმის მიუხედავად, კარასინი გაგახარებთ­ თავის განცხადებით თუ არა. ჩვენი ამოცანაა საქართველო რუსული აგრესიის სამიზნედ არ ვაქციოთ, რადიკალური ოპოზიციის, ანუ ომის პარტიის მიზანია, რომ სამიზნედ ვიქცეთ. ამ მოცემულობაში რა მნიშვნელობა აქვს, რა ტერმინებით ილაპარაკებენ ვთქვათ სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა? თქვენ კი, ის ჟურნალისტები, რომლებიც მიგვანიშნებთ, ერთმანეთი არ ლანძღოთო, ძალიან გულუბრყვილონი ხართ.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთიდან საფრთხე რეალურად გვემუქრება. ასეთ შემთხვევაში რატომ არ იმართება უშიშროების საბჭოს სხდომა გაფართოებულ ფორმატში ან დახურული შეხვედრები, როგორც ოპოზიცია მოითხოვს?

- იმიტომ, რომ ოპოზიციის მონაწილეობით მსგავსი შეხვედრების ჩატარება საფრთხეს მხოლოდ გაზრდის. მათი როლი ამ შემთხვევაში იმდენად ნეგატიური და დესტრუქციულია, რომ შეიძლება ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები კიდევ უფრო გამწვავდეს.

- თქვენი წარმოდგენით, ბოლო დროს საქართველო რატომ ხდება­ დასავლელი ლიდერების კრიტიკის ობიექტი ან თუნდაც რატომ გაჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ჩვენი ქვეყანა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების არიდების მექანიზმად იქცეს?

- პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი მობილიზებულია იმისთვის, რომ არასწორი ინფორმაცია ჩაიტანოს დასავლეთში, კიევში და შედეგიც სახეზეა, არასასიამოვნო განცხადებები მართლაც კეთდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ განცხადებებს რეალური საფუძველი აქვს. ზოგიერთს ტყუილად ჰგონია, რომ მსოფლიო ლიდერები თვალდახუჭული დადიან და თუ მართლა რამე არასწორი ხდება, თუ ვინმე საქართველოს შავ ხვრელად იყენებს, მხოლოდ კრიტიკული განცხადებებით შემოიფარგლონ. საქართველო არ აპირებს გახდეს შავი ხვრელი.

- პრეზიდენტი ზურაბიშვილის განცხადებამ, რომ მას ეზღუდებოდა დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრა და შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერების კრიტიკულმა განცხადებებმა კითხვები გააჩინა. რა გახდა პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის დაპირისპირების მიზეზი?

- რადიკალური ოპოზიცია პრეზიდენტს ყოველთვის უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა, ახლა პოზიცია შეიცვალა, ოღონდ პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ ზურაბიშვილისგან და აღარ იციან, რა ქნან. სრულიად შეუსაბამონი არიან დღევანდელ რეალობასთან. არსებობს კონსტიტუცია და უფ­ლებები, რომლებიც პრეზიდენტს აქვს განსაზღვრული. სულ ეს არის. პრეზიდენტს უცხოეთში გამგზავრების გამო არავინ დაჰპირისპირებია. არის გარკვეულ საკითხებზე საუბარი, რომელთა გამოც შეიძლება ერთ საკონსტიტუციო სტრუქტურას, მაგალითად, მთავრობას, პრეტენზია ჰქონდეს პრეზიდენტთან ან პრეზიდენტს პრეტენზია ჰქონდეს სხვა საკონსტიტუციო სტრუქტურასთან. კანონმა უნდა განსაზღვროს, რაშია საქმე. ახლა რადიკალური ოპოზიცია ამ თემის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. ცდილობენ სიტუაცია არიონ და როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ. ასეთია მათი გეგმა და ეს გააცხადა სააკაშვილმა.

ხათუნა ბახტურიძე