მოგუდავს თუ არა სანქციები რუსულ აგრესიას?!
"მოსკოვმა კატასტროფულად გააძვირა ხორბლის ექსპორტი და არ ზღუდავს და არც აძვირებს ფქვილის ექსპორტს. მაშასადამე, რუსეთი პრაქტიკულად საკუთარ წისქვილკომბინატებს ამუშავებს. ჩვენი წისქვილკომბინატები თითქმის გაჩერებულია, რადგან იმპორტირებული ფქვილი ბევრად იაფია, ვიდრე აქაური წისქვილკომბინატებიდან მიღებული. რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ყველა რესურსი"
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ რა მდგომარეობაშია ამ ქვეყნის ეკონომიკა, როგორ მოქმედებს სანქციები მაშინ, როცა რუსეთი სხვადასხვა მექანიზმით ცდილობს მასთან გამკლავებას და რაც მთავარია, როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომისტს, პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.
- რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებები დღეს განსხვავებულია, თუ რა არის და რას უნდა ველოდოთ. რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებით, რუსეთში 2022 წელს ეკონომიკა 8%-ით დაიკლებს და ამას დიდ დარტყმად არ მიიჩნევენ. არის ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების დიამეტრულად განსხვავებული მოლოდინიც, რომ სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკა იმ დონემდე დაიწევს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ეტაპზე იყო. ეს პრაქტიკულდ 30 წლით უკან დახევას ნიშნავს. ასე რომ, შესაძლო ეკონომიკური ვარდნის დიაპაზონი საკმაოდ დიდია და, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ხაზგასასმელი მომენტი: პირველი - დასავლეთის სანქციები არ არის უნივერსალური. არის ისეთი სანქციები, რომლებიც დააწესა აშშ-მა და ნაწილობრივ ეთანხმება ევროკავშირი. მაგალითად, ამერიკამ აკრძალა ალკოჰოლური სასმელების შეტანა რუსეთში, ევროკავშირმა კი, როგორც წავიკითხე, მხოლოდ იმ ალკოჰოლური სასმელების, რომელთა ღირებულებაც 300 ევროს აღემატება. გაუგებარია, რატომ არ არის ერთიანი მიდგომა. ალკოჰოლური სასმლით იმიტომ დავიწყე, რომ ვინც მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს რუსეთს, მისთვის ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მოქალაქეებისთვის ალკოჰოლური სასმელების ხელმისაწვდომობას. კვების პროდუქტებზე ასეთ ტაქტიკას მიენიჭა უპირატესობა: მოსკოვმა კატასტროფულად გააძვირა ხორბლის ექსპორტი და არც ზღუდავს და არც აძვირებს ფქვილის ექსპორტს. მაშასადამე, რუსეთი პრაქტიკულად საკუთარ წისქვილკომბინატებს ამუშავებს. ჩვენი წისქვილკომბინატები თითქმის გაჩერებულია, რადგან იმპორტირებული ფქვილი ბევრად იაფია, ვიდრე აქაური წისქვილკომბინატებიდან მიღებული. რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ყველა რესურსი. აშშ-მა კი დაუწესა ემბარგო ნავთობპროდუქტებზე, მაგრამ ევროკავშირი მთლად ასე ვერ იქცევა და მიუხედავად ომისა, გაზსადენი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, მუშაობს. არც მოსკოვს, არც კიევსა და არც დასავლეთს არ აწყობთ მილსადენის დაზიანება და გათიშვა. მოსკოვს იმიტომ, რომ შემოსავალს იღებს, ევროპას იმიტომ, რომ გაზს იღებს და მისი შეწყვეტით დიდი პრობლემები შეექმნება; არ აწყობს უკრაინასაც, რადგან შემოსავალსაც იღებს და გაზსაც მოიხმარს.
გამოვიდა, რომ სანქციები ძლიერია, მაგრამ არ არის სრულყოფილი. ჩინეთიც გარკვეულწილად ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, სანქციებს არ შეერთებია, მაგრამ მაინც ფრთხილია, ინდოეთი კი რუსეთისთვის ყოველთვის სტრატეგიული პარტნიორი იყო და სანქციებს არ უერთდება. რუსეთი გამოსავალს ეძებს და ზუსტად ამის ნაწილია ისიც, რომ გაზი გაყიდოს რუბლზე, რაც გაზრდის რუბლზე მოთხოვნას. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნებმა, რომლებიც გაზს ყიდულობენ, ჯერ რუბლი უნდა იყიდონ და ისე გადაიხადონ. მოსკოვის ეს წინადადება ევროკავშირმა უარყო. იმავდროულად, რუსულ კომპანიებს უდგებათ გადახდისუნარიანობის პრობლემა. სახელმწიფოს დონეზე ამ ეტაპზე მოსკოვმა ეს პრობლემა კი გადაჭრა, მაგრამ ყველა კომპანიას არა აქვს უნარი, რომ დაგროვებულ ვალებს მოემსახუროს. შედეგად, გამოჩნდა უკვე დეფოლტის ნიშნებიც.
- როდის შეიძლება დადგეს რუსეთისთვის სანქციების შედეგების პიკი?
- ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და რამდენ ხანს გასტანს საომარი მოქმედებები. ომის დასრულება ერთია და საომარი მდგომარეობის შეჩერება კი - მეორე. თუ მოხერხდება ომის კონსერვაცია, მაშინ საომარი მოქმედებები შეწყდება, მაგრამ სანქციები გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. ამ შემთხვევაში რუსეთისთვის სანქციების თანდათანობითი მოხსნა დამოკიდებული იქნება კრემლის გადაწყვეტილებებზე. ამიტომ დღეს პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის დათმობაზე წასვლა წარმოუდგენელია, რადგან ეს მის დამარცხებად აღიქმება. ამიტომ არ მინდა ვთქვა, რომ უკვე ჩიხში არიან, მაგრამ ჩიხს კი ნამდვილად მიუახლოვდნენ. ყოველ შემთხვევაში, დღეს სიტუაციის ასე გაგრძელება არავის აწყობს და განმუხტვის რაღაც მექანიზმი უნდა იქნეს მოფიქრებული. ვხედავთ, როგორ გააქტიურდა ისრაელი მოლაპარაკებაში, ხოლო თურქეთი კი თავის პლატფორმას სთავაზობს. ასე რომ, ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობაა, რომ განიმუხტოს ეს ვითარება, რადგან იღუპებიან ბავშვები, ქალები. იმავდროულად, ნათელია, რომ უკრაინა სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ დათმობს, მით უფრო იმ ნგრევისა და დანაკარგის გამო, რაც უკრაინამ გაიღო და ასეთი აგრესიული ძალა შეაჩერა - პრაქტიკულად, არც ერთი დიდი ქალაქი არ დაუთმო რუს სამხედროებს.
- რუსი მოსახლეობა როგორ და რა სახით იგრძნობს ამ სანქციების შედეგებს? რა პროდუქციის დეფიციტი შეიძლება შეიქმნას და აქვს რუსეთს ბერკეტები, რომ რუსეთიდან გასული კომპანიები ჩაანაცვლოს?
- რუსეთისთვის უცხოური წარმოების პროდუქციის დიდი ნაწილი აღარ იქნება ხელმისაწვდომი. უფრო მთავარი კი ის შეზღუდვებია, რომლებიც გავრცელდა ელექტრონიკაზე, რადგან რუსეთის შეიარაღებაშიც ინტენსიურად გამოიყენება იმპორტული ელექტრონიკა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამხრეთი კორეა, რომლისგანაც იღებს რუსეთი ელექტრონიკას, შეუერთდება თუ არა სანქციებს. ჯერჯერობით, სამხრეთ კორეას განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, თუ სამხრეთ კორეაც შეუერთდება სანქციებს აშშ-სა და იაპონიასთან ერთად, ეს რუსეთის ეკონომიკისთვის და მისი სამხედრო პოტენციალისთვის დიდი დარტყმა იქნება. რუსეთს ელექტრონიკის რაღაც წილის წარმოება აქვს, მაგრამ შიგთავსი, ძირითადად, იმპორტულია. აწყობა ერთია და შიგთავსი თუ არა გაქვს, რა უნდა ააწყო?
- სხვა პროდუქციასთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა?
- რუსეთიდან ცნობილი ბრენდები გავიდნენ და, რა თქმა უნდა, მათი პროდუქცია რუსულ ბაზარზე არ იქნება. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მთავარი პროდუქცია მარცვლეულია და ამის პრობლემა რუსეთს არა აქვს. ყირიმის დაპყრობის შემდეგ მოსკოვმა აქცენტი სოფლის მეურნეობის, კერძოდ, ხორბლის წარმოების ზრდაზე გადაიტანა. რიგები სხვადასხვა პროდუქტზე, როგორც ჩანს, უფრო ხალხის შიშის შედეგია, ელოდებიან, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა აუცილებლად დამძიმდება. ამ ვითარებაში შესაძლებელია ძალიან გაიზარდოს მოთხოვნა ალკოჰოლურ სასმელებზე.
- რუსეთი ვერ აწარმოებს საკმარის სასმელს?
- საკმარისს ვერა. დიდწილად არის დამოკიდებული ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე.
- ეს ყოველივე რამდენ ხანში აისახება რუსულ ბაზარზე? როდის იგრძნობს მოსახლეობა?
- ყველა ქვეყანას თავისი მარაგები აქვს, როგორც წესი, 2-3-თვიანი. შეზღუდვები რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს სხვა საკითხია და ამაზე უკვე ვისაუბრეთ.
- ამ ვითარებაში ჩვენ რა გამოწვევები გვაქვს და რამდენად ადეკვატურად ვპასუხობთ?
- როგორც იკვეთება, ძალიან რთული ვითარებაა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. საქართველოში გამოიკვეთა მეხუთე კოლონა, რომელიც ძალიან ცდილობს საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩათრევას. იმავდროულად, სიტუაციას კიევის პოზიციიდანაც უნდა შევხედოთ. კიევისთვის ერთგვარი შვებაა უკრაინის მიღმა ნებისმიერ სივრცეში იყოს საომარი მოქმედებები, ანუ გაიხსნას მეორე ფრონტი, რადგან ეს მდგომარეობას შეუმსუბუქებს. ეს ლოგიკური და ბუნებრივია. ამ ვითარებაში კი, როდესაც საქართველოს 20% ისედაც ოკუპირებულია, როდესაც თბილისიდან 40 კილომეტრში რუსეთის სამხედრო ბაზაა, საქართველომ ბეწვის ხიდზე უნდა იაროს, რათა დაიცვას ქვეყნის ინტერესები, სუვერენიტეტი, გააგრძელოს დასავლეთთან ინტეგრაცია. ჩვენ უკვე გვაქვს ევროკავშირში გაწევრების განაცხადი წარდგენილი, რაც აუცილებლად მისაღწევია. რუსეთი ახლა იმდენად გამწარებულია, რომ უკრაინაში მარცხის შემთხვევაში სადღაც რაღაც წარმატებას მოინდომებს. ამ ვითარებაში კი ნამდვილად არ იქნება გამართლებული, საქართველომ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლებიც გამოიწვევს რუსული აგრესიის საქართველოზე გადმორთვას. ეს მიუტევებელი შეცდომა იქნება.
- ამ ფონზე რუსეთის მოქალაქეების ასეთი უკონტროლო შემოსვლა რამდენად მიგაჩნიათ საფრთხედ და ეს ღირს თუ არა იმ ეკონომიკურ სარგებლად, რაც შეიძლება გაჩნდეს მათი ჩამოსვლით?
- ვიცი უკრაინის გამოცდილება, სადაც ასევე ჩადიოდნენ რუსები, ქირაობდნენ ბინებს, ყიდულობდნენ ქონებას და მერე მათ შორის ბევრი დივერსანტი, ბევრი პროვოკატორი აღმოჩნდა. ეს არის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრეროგატივა და ვფიქრობ, ამ პრობლემაზე ინტენსიურად მუშაობენ.
- ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოში რა პრობლემები დადგება?
- მკაფიოდ იკვეთება, რომ საქართველო ინფლაციურ პროცესებს თავიდან ვერ აიცილებს იმიტომ, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის დროს ჩამოიშალა მიწოდების გლობალური ჯაჭვები, რომელმაც შეამცირა ბაზარზე მიწოდება. ამან კი გამოიწვია სწორედ მიწოდების შემცირებით განპირობებული ფასების ზრდა, ინფლაცია. ამას კარგად აჩვენებს ის, რომ საქართველოში ინფლაციამ 2021 წელს ლამის 14%-ს მიაღწია. ჯერ პანდემიაც არ დასრულებულა, რაც, ცხადია, მიწოდების ჯაჭვებზე კვლავ მოქმედებს და ომმა ვითარება კიდევ უფრო გაართულა. უკრაინა საგარეო-სავაჭრო საქმიანობიდან გათიშულია, რუსეთმა ზოგი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა, ზოგიც გააძვირა, კვოტირების რეჟიმი შემოიღო და საექსპორტო გადასახადიც დააწესა. ამ ყველაფერმა ვითარება უფრო გაამწვავა. კერძოდ, პანდემიით შექმნილ ინფლაციას ემატება უკრაინაში ომითა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით გამოწვეული ინფლაცია. ამიტომ ინფლაციური პროცესები გაგრძელდება მთელ მსოფლიოში და ამას ვერც საქართველო აიცილებს. ცხადია, ეს ეკონომიკურ ზრდაზეც მოახდენს გავლენას, რაც მთავრობის შეფასებით წლეულს 6,5% უნდა ყოფილიყო, და სავარაუდოდ, შემცირდება. დღევანდელი გადასახედიდან ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკური ვარდნა იქნება, თუმცა ზრდის ტემპი რომ შემცირდება, ფაქტია. როგორც გითხარით, ამის ობიექტური მიზეზი არსებობს და ეს არ არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგი. საქართველოში ასევე შემცირდება ტურისტული აქტიურობა და აქედან მიღებული შემოსავალიც; შემცირდება ფულადი გზავნილები მთელი მსოფლიოდან. რუსეთიდან და უკრაინიდან რომ შემცირდება, უკვე გასაგებია, თუ საერთოდ არ გაქრა. სხვა ქვეყნებში შემოსავლები შემცირდება - ეს შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ და ცხადია, ეს აისახება ფულად გზავნილებზეც. ამიტომ ფულადი ნაკადების კლება, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია. გარდა ამისა, პრობლემური ხდება ჩვენი ბიზნესის საექსპორტო აქტიურობა, რადგან რუსეთში ვაჭრობა ბიზნესმენებისთვის ყოვლად მიუღებელია, ამის მიზეზი კი ის სერიოზული ზარალი იქნება, რომელსაც ნახავენ რუბლის ნახტომისებური გაუფასურების გამო. მაშასადამე, ქვეყნის სავალუტო შემოდინების თითქმის ყველა წყარო იზღუდება.
- საერთაშორისო დახმარებები ვერ გაანეიტრალებს ამ ზარალებს?
- რა თქმა უნდა, საქართველოს რჩება შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო დახმარება მოიზიდოს და დიდი ალბათობით, იმ ქვეყნების სიაში მოხვდება, რომლებიც მიიღებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების დახმარებას უკრაინის კრიზისის გამო. ცხადია, საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილი წავა უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ დახმარება იქნება იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ამ ომის გამო ირიბად ზარალდებიან. ასეთ ვითარებაში ეროვნულ ბანკს გაუჭირდება გაცვლითი კურსის შენარჩუნება და საბოლოოდ, ეს ისევ ფასების ზრდასთან, ინფლაციასთან მივა.
- გაცვლით კურსზე როდესაც ვსაუბრობთ, რა გავლენა ექნება რუსეთიდან გზავნილებს? კი თქვით, რომ შემცირდება, მაგრამ რაც დარჩება, ეს ხომ რუბლში იქნება და საერთო ჯამში ეს რა გავლენას მოახდენს ჯერ გაცვლით კურსზე და შემდეგ საერთოდ, ეკონომიკურ მდგომარეობაზე? ხომ არ ჯობს, საერთოდ არ იყოს გზავნილები და ეს როგორ უნდა დარეგულირდეს?
- რა თქმა უნდა, პრობლემაა. რუბლი გაუფასურებული ვალუტაა და დიდი ალბათობით, უფრო გაუფასურდება. ამიტომ მისი დოლარში, ევროში ან თუნდაც ლარში კონვერტაცია წამგებიანი ბიზნესი იქნება. პრობლემის გადაწყვეტა სრულად ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. შესაძლებელია დროებით შეზღუდოს რუსულ რუბლზე სავალუტო ოპერაციები, ან ისეთი კურსით უნდა მოხდეს გადაცვლა, ქართული მხარისთვის ნაკლები დანაკარგის მომტანი იყოს. რაც მთავარია, ბიზნესს უნდა მიეცეს ცხადი რეკომენდაცია, რომ რუსული რუბლით ოპერირება ძალიან წამგებიანი იქნება.
- ერთი თვე გავიდა და ეროვნული ბანკი ამ ინსტრუმენტებს არ იყენებს. თქვენი შეფასებით, რატომ პასიურობს ეროვნული ბანკი?
- ამაზე ზუსტი პასუხის გასაცემად საჭიროა მეტი ინფორმაცია. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ახლა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაააქტიუროს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებთან, რათა უფრო დაცული ვიყოთ როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.
- რა პროდუქტებია, რაზეც რუსეთსა და უკრაინაზე ვართ დამოკიდებული და შესაძლოა პრობლემები შეიქმნას?
- ხორბალი და პურპროდუქტები, საკვები ზეთი და ასე შემდეგ... ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. ამჯერად ყურადღება უნდა გამახვილდეს საშემოდგომო ხორბლის მოყვანაზე. ცხადია, საკუთარი წარმოების ხორბლით ჩვენს მოთხოვნებს სრულად ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ იმპორტის არსებითად შემცირება შეგვიძლია.
- არის ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიძლება დეფიციტური გახდეს საქართველოში?
- კაცმა არ იცის, რისი დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს. ვიფიქრებდით, რომ შაქარსა და მარილზე გაჩნდებოდა? ყველაფერზე შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ეს არ იქნება ეკონომიკით გამოწვეული. ეს უმთავრესად განპირობებული იქნება ხალხის პანიკური ქცევით. ამიტომ ამას სჭირდება მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია, რათა არ ჰქონდეს შიში, რომ პროდუქტები გაქრება.
რუსა მაჩაიძე