"დღეს "ოცნებას“ "ნაცმოძრაობის“ დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი გაუჩნდა, მაგრამ არ იყენებს“ - კვირის პალიტრა

"დღეს "ოცნებას“ "ნაცმოძრაობის“ დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი გაუჩნდა, მაგრამ არ იყენებს“

"უპირველესია დეოკუპაცია, რუსეთმა უნდა შეასრულოს პირობა, 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის თანახმად, ჯარები 2008 წლის 7 აგვისტოს პოზიციებზე დააბრუნოს და უკან წაიღოს ამ რეგიონების ე.წ. აღიარება“

"ვიდრე რუსეთში სანქციებია, მის ხელისუფლებაში კი - პუტინი, შანსი გვაქვს, საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს და მოსკოვს ჯარები გააყვანინოს", - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

"ხელისუფლებამ ვერ იპოვა სპიკერი, რომელიც სწორად იტყოდა, რა გეგმები გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით"

- ნებისმიერ სამხედრო ბაზაზე მუდმივად არის სამხედრო პერსონალი, ტექნიკური სამსახური, მზარეულები, დაცვა; თუ სატანკო ბატალიონის ბაზაა - ტანკისტები და მძიმე სამხედრო ტექნიკა, თუ საჰაერო დანაყოფია - ავიამოიერიშეები, სამხედრო პილოტები და სხვა, ასე რომ, გუდაუთაში დისლოცირებული მე-7 რუსული ბაზა, რასაკვირველია, ფუნქციონირებს. იქ სამხედროები არიან, მაგრამ მათი რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული... აფხაზებს­ აშინებთ ის, რომ თუ უკრაინის ომში რუსეთი დამარცხდება, ქართული მხარე მათ მიუბრუნდება და სამხედრო მოქმედებებს­ წამოიწყებს, რაც აბსურდია. გასაგებია, რომ სამხედრო თემაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ამ სიტუაციაში სიჩუმეც დანაშაულია­. ნატოს გენერალური მდივანი არ წყვეტს საქართველოზე საუბარს, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის წნეხის ქვეშ არის, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ იპოვა სპიკერი, რომელიც სწორად იტყოდა, რა გეგმები გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტი, ასევე­ პრემიერ-მინისტრი მუდმივად უნდა ლაპარაკობდნენ, რომ საქართველო ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად მხოლოდ­ მშვიდობიან ფორმატს განიხილავს. დეოკუპაციის შესახებ კანონი­ გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ყველა რეზ­ო­ლუციაში, რომლებიც­ ბოლო წლებში­ მივიღეთ "ნაცმოძრაობისა" თუ "ოცნების" დროს, აღნიშნულია, რომ კატეგო­რიულად უნდა გამოირიცხოს სამხედრო კომპონენტის ნებისმიერი ფო­რმით გამოყენება, ეს ამ რეგიონებს საბოლო­ოდ დაგვაკარგვინებს­, დასავ­ლეთი კი, რომელიც ახლა მხარს გვიჭერს, მიხვდება, რომ ვერასდროს ვიქნებით სახელმწიფო და ზურგს შეგვაქცევს.

- რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ დეოკუპაციისთვის?

- ბევრნაირი შესაძლებლობა არსებობს: ეკონომიკური, სპეციალური, ბიზნესი, რაც თუნდაც აფხაზური მხარისთვის ძალიან მნიშველოვანია, ასევე - სახალხო დიპლომატია, ადამიანური ურთიერთობები... ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უკრაინა, რომელიც ისეთივე დაზარალებულია რუსეთისგან, როგორიც საქართველო იყო 2008 წელს. ტრაგედიის მასშტაბი გაცილებით მძიმეა, მაგრამ აგვისტოს ომში დაღუპული ქართველების სიცოცხლეც ისეთივე უზენაესია, როგორიც უკრაინელების. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად უამრავ ქვეყანაში იხოცებიან ადამიანები, მისი ბარბაროსული ქმედებების მსხვერპლი ვართ ჩვენც, ამიტომ საქართველომ ყველგან, საერთაშორისო ტრიბუნა იქნება თუ ნებისმიერი ფორმატი, უნდა განაცხადოს, საქართველოც არ დაგავიწყდეთო, მაგრამ ამას არ ვამბობთ. ასეთი სიჩუმით პოლიტიკურ თუ ბიზნესწრეებში იმ აფხაზებსაც ვუცრუებთ იმედს, რომლებიცქართული მხარისკენ აპარებენ თვალს და რომელთაც არაერთხელ უთქვამთ, თქვენთან ვართ, გადმოდგით ჩვენკენ ნაბიჯიო. მათ იციან, რომ პატარა ერების მიმართ კრემლი არასდროს არის კეთილი. დღეს "ოცნებას" "ნაცმოძრაობის" დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი გაუჩნდა, მაგრამ არ იყენებს. ამერიკელები და ევროპელები უფრო ხშირად გვახსენებენ ჩვენს პრობლემებს, ვიდრე ჩვენ ვახსენებთ თავს მსოფლიოს. არ ვამბობ, რომ ახალ თემებზე დაიწყონ მუშაობა, რასაც ვამბობდით, ისევ ის უნდა გავიმეოროთ. უპირველესია დეოკუპაცია, რუსეთმა უნდა შეასრულოს პირობა, 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის თანახმად,­ ჯარები 2008 წლის 7 აგვისტოს პოზიციებზე დააბრუნოს და უკან წაიღოს ამ რეგიონების ე.წ. აღიარება.

- ამას წლებია იმეორებს ქართული მხარე.

- დიახ, ახლაც იგივე უნდა ვთქვათ. ახლა დუმილი, ალბათ, რუსეთის არგაღიზიანების­ პოლიტიკის გაგრძელებაა. გასაგებია, რომ ფრთხილობენ, მაგრამ სრული აბსურდია რუსული ნარატივი ომის საშიშროებასთან დაკავშირებით. რა დროს ომია, რუსეთს თავი გასჭირვებია! არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ რუსეთი იმარჯვებს. ლუგანსკსა და დონეცკს ვერ გასცდა. მის "ძლევამოსილ" არმიას მსოფლიო მასხრად იგდებს. 2014 წელს, როდესაც პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ჩვენს ხელისუფლებასაც, ისევე, როგორც პუტინსა და მის გენერალიტეტს, ეგონა, რომ უკრაინა სუსტია და მომავალშიც უკან დაიხევდა, თუმცა დღეს უკრაინის არმია ის აღარ არის, რაც რვა წლის წინ იყო, მოსახლეობაც შინაგანად მოემზადა მტრისგან დასაცავად. უკრაინაში ახლა სამამულო ომია, ყველამ იარაღი აიღო ხელში, ანუ რუსეთი თავისივე ხაფანგში გაება, მაგრამ არ ვიცი, საქართველო რატომ ებმება რუსეთის დაგებულ ხაფანგში. სამხედრო გზის გამორიცხვით უნდა იაქტიუროთო, ყველა გვეუბნება. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, ახლა საქართველოსთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობების პერიოდია და ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, რათა შესაძლებელი გახდეს ევროატლანტიკური ფასეულობების მიღწევაო. ახლა საქართველოს წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს წინსვლისთვის და დასაკარგი დრო არ არის... მთლიანი სურათიდან იკვეთება, რომ უძლიერესი რუსული სახელმწიფო და არმია არ არსებობს, სინამდვილეში ის ჩაფლავებული ქვეყანაა. ახლა რუსეთმა რაღაც წარმატებას რომც მიაღწიოს, ის აღარ იქნება ღირებული და თუ საქართველო მსოფლიოს გვერდით იქნება, ყველას დავანახებთ, რომ ვართ მსხვერპლი, კონფლიქტის მხარე და სახელმწიფო, რომელმაც 2008 წელს პუტინის აგრესია საკუთარ ტყავზე იწვნია, საერთაშორისო საზოგადოება იძულებული გახდება, რუსეთს ჩვენ გამოც შეუტიოს, მაგრამ თუ ჩუმად ვიქნებით, მსოფლიო უკრაინის სასარგებლოდ მოაგვარებს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს, სანქციები იქნება თუ სხვა რამ და საქართველოს საკითხი დღის წესრიგშიც არ დადგება... დეპუტატმა პაპუაშვილმა განაცხადა, ახლა ამის დროს არ არის, უკრაინაში ხალხი იხოცებაო. ჩვენთან არ იხოცებოდა 2008 წელს და შემდეგაც? არჩილ ტატუნაშვილი, ზვიად ოთხოზორია, გენადი ბესტაევი ვინ არიან, ან ის ადამიანები, ვინც ახლა ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში სიკვდილს თვალებში უყურებენ? ბორდერიზაცია არ შეჩერებულა. მაინცდამაინც ბომბები უნდა დაგვიშინონ?!

- აფხაზები მსჯელობენ, რუსული შეიარაღებული ძალების თუნდაც ნაწილობრივ გასვლის შემთხვევაში ხომ არ დარჩებიან დაუცველი... რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ?

- ყველამ ვიცით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. სამხედრო მარცხის კვალდაკვალ ის თავისი გავლენის რეგიონებში აქტიურობას არ წყვეტს, რადგან­ იცის, საზოგადოებრივ განწყობას რამხელა მნიშვნელობა აქვს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას შიში რომ გავუქროთ, ხელისუფლებამ მუდმივად უნდა იმეოროს, რომ სამხედრო რევანშს არ აპირებს და ყველა საშუალებით ეცადოს აუხსნას, ასეთ პროვოკაციულ ინფორმაციებს არ აჰყვნენ. ოსებისგან განსხვავებით, აფხაზი საზოგადოება ძალზე აქტიურია. იქ ახლა ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. რუსეთის მხარდამჭერი აქციაც ჩატარდა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ჩაიშალა - რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს ძალით. ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში სამი ეთნიკური რუსი მონაწილეობდა და სამივემ ერთად 200-მდე ხმაც ვერ მოაგროვა, რაც კარგად აჩვენებს რუსების მიმართ აფხაზების დამოკიდებულებას.

ოსური და აფხაზური მედიის ცნობით...

აფხაზები სოცქსელებში წერენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მთლიანად უკრაინის ომზე გადაერთვება, ის კი გაჭიანურდება და მეტ რესურსს მოითხოვს,­ შესაძლოა, ქართული მხარის პირისპირ დარჩენილი რეგიონი დაუცველი დარჩეს. ამ შესაძლებლობას უარყოფს აფხაზების მეორე ნაწილი. "ომი არც ქართული მხარის ინტერესებში შედის, თუმცა, შესაძლოა, ერთობლივი ეკონომიკური პროექტების თემა შემოაგდონ, რაც ისედაც, კარგა ხანია, არაერთ ადგილობრივს აინტერესებს... ფაქტია, რუსეთი მოკავშირე ქვეყანას დაფინანსებას უმცირებს, მან კი ალტერნატივა უნდა ეძებოს..." - წერს აფხაზი სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ბჟანია.

ამავე დროს, ოსური მედიის ცნობით, უკრაინის ომში გაუშვეს ე.წ. ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსი ახალგაზრდები, რომლებიც რუსეთის მე-4 ბაზაზე სამხედრო კონტრაქტორებად მსახურობდნენ. სოცქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მიემართება რუსული სამხედრო ტექნიკა როკის გვირაბის მიმართულებით. ინფორმაციას ადასტურებს ე.წ. ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც: "ბიჭები უკრაინის ომში, ნაცისტებთან საომრად მიჰყავთ... იქ უკვე დაიღუპნენ მათი ახლობლები და მეგობრები... ძალიან ვწუხვარ ამის გამო. თქვენს ახლობლებს ვუსურვებ მოთმინებას, თქვენ კი მშვიდობით და გამარჯვებით დაბრუნებას".

ოსი ახალგაზრდების უკრაინაში გაშვების გამო სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელს, ანატოლი ბიბილოვს. მოსახლეობის თქმით, შეცდომა იყო, როდესაც მათ "არმია რუსეთს მიუერთეს, რადგან ეს ახლა ავტომურად უკრაინის ომში მათი ბიჭების დახოცვას ნიშნავს". "სწორედ მან გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთის არმიის შემცირება. მაშინ ბიბილოვი ამბობდა, რომ რუსეთის მე-4 ბაზა ცხინვალში დარჩებოდა და არავითარი საფრთხე არ იქნებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა, უკრაინაში მოკლეს 35 წლის ანდრეი ბაკაევი, რომელიც 58-ე არმიაში მსახურობდა და ვიცით, რომ ეს უკანასკნელი არ იქნება", - წერენ ოსები.