"საქართველოში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის მეხუთე კოლონის შეკავებაა“ - კვირის პალიტრა

"საქართველოში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის მეხუთე კოლონის შეკავებაა“

"არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შემორჩეს საშუალება, მნიშვნელოვანი პროვოკაცია წამოიწყოს საქართველოში. არ ვგულისხმობ იმას, რომ ქართული ჯარისა და შესაბამისი სამსახურების წინააღმდგეობა იქნება მსუბუქი და უმნიშვნელო. ეს სულაც არ განაპირობებს რუსეთის გამარჯვებას საქართველოში, მაგრამ თავისთავად ცხადია, პროვოკაციის, ეკონომიკური ზარალის და, გნებავთ, სისხლისმღვრელი კონფლიქტის გაჩაღებისთვის რუსეთს ძალა მაინც შემორჩება. მეხუთე კოლონა საქართველოში არის და, ალბათ, ახლა მისი შემაკავებელი სერიოზული ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს", - გვეუბნება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე და რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად საქართველოში პროცესების განვითარების ვერსიებს განიხილავს:

- ამ ეტაპზე რუსეთი, როგორც ჩანს, ჩამოშორდა თავის პირვანდელ მიზანს, რომელიც გულისხმობდა ქვეყნის დენაციფიკაციას, ანუ ხელისუფლების შეცვლას და კიევის შტურმს. ალბათ, ის ეცდება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში წარმატების მიღწევას ისე, რომ გააერთიანოს დონეცკი-ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ამაში ხელს უშლის მარიუპოლის გმირული დაცვა. რაც შეეხება გლობალურ ჭრილს, მართლაც, ეს არის ომი მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ და, ძირითადად, მიმართულია იქით, რომ რუსეთმა ნატოს მოუსპოს აღმოსავლეთით გაფართოების შესაძლებლობა, ხოლო აშშ-ს, შეძლებისდაგვარად, ფეხი ამოაკვეთინოს კონტინენტიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ პირველ ეტაპზე რუსეთმა სცადა, ამ გაჭიანურებული ომის ზღვარზე ბალანსირებით ნატოს წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოება შეეტანა.

- ამბობდით, რომ რუსეთის გამარჯვებაც და დამარცხებაც საქართველოსთვის სახიფათოა. იქნებ დააზუსტოთ, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა?

- თუ დავუკვირდებით, ომში რუსეთის დამარცხება არ ნიშნავს ამ სივრციდან მის გაქრობას, შესაბამისად, დამარცხებისა და ეკონომიკური კრახის შემთხვევაში, რომელიც მოსალოდნელია სანქციების ფონზე, საქართველოსთვის თავს იჩენს დამატებითი საფრთხე. მოგეხსენებათ, ბევრი საქართველოს მოქალაქე ან წარმოშობით ქართველი რუსეთის მოქალაქე ფინანსურად ეხმარება იქ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ბიზნესია დამოკიდებული რუსეთზე, მიკრობიზნესის ბევრი ჩვენი წარმომადგენელიც (იქნება ეს მცირე სასტუმროები, პატარა კეფეები თუ ტურისტულ სექტორში დასაქმებული ხალხი) პირდაპირ არის დამოკიდებული რუსულ ტურიზმზე და ეს ძალიან ცუდია. ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა,­ რომ ამ წლების მანძილზე რუსული ბიზნესისა და რუსული ბაზრის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება არ ჩამოყალიბებულიყო.­ ეს იყო ჩვენი ქვეყნის შეცდომა, ამიტომ ახლა, როცა რუსეთის ბაზარი, დიდი ალბათობით, კოლაფსისი წინაშე აღმოჩნდება,­ ძალიან რთული იქნება ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების ფინანსური და ეკონომიკური დახმარება. გაჭირვება, ბუნებრივია, გამოიწვევს პრორუსული განწყობის გაღრმავებას, რადგან ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ამაში დასავლეთს დაადანაშაულებს, მით უმეტეს, რომ პროვოკაციული და პროკრემლისტური პარტია საქართველოში არცთუ ცოტაა. დღეს ისინი ცდილობენ, დაამკვიდრონ განწყობა, რომ ხალხის გაჭირვების მიზეზი დასავლეთია, ამიტომ დღეს უკვე უნდა იდოს მაგიდაზე სქემები, როგორ დაეხმარება სახელმწიფო ამ ხალხს, ან როგორ წაახალისებს დასავლურ ბაზარზე ორიენტაციას და რუსულ პოლიტიზებულ ბიზნესზე ჩვენი აგენტების დამოკიდებულებას. რაც შეეხება რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში არსებულ საფრთხეს, ამას, მგონი,­ განხილვაც არ სჭირდება. თავისთავად ცხადია, რომ დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება და თუ რუსეთმა ოდნავ წარმატებას მაინც მიაღწია, ეს საქართველოზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება. ამავდროულად,

რუსეთის დამარცხების შემთხვევაშიც კი, პუტინის რეჟიმს დასჭირდება თავისი შიდა აუდიტორიის წინაშე სახის შენარჩუნება და არ არის გამორიცხული, მან მცირე მომგებიანი ომის ("მალენკაია პაბედანოსნაია ვაინა" - როგორც თავად უწოდებენ) წამოწყება სცადოს, საქართველო კი, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად დასაძლევია ტერიტორიული და ჯარის სიმცირის გამო. რთულია თქმა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ რუსეთის არსენალში ყოველთვის არის ამგვარი იარაღი, რათა ერთი წარუმატებლობა მეორე, ვითომდა წარმატებით, გადაფაროს.

- ალბათ, შემთხვევით არ ალაპარაკდნენ რუსული ტელევიზიები და საქართველოში პრორუსული პარტიები ლუგარის ლაბორატორიაზე. რას ემსახურება ასეთი განცხადებები?

- რუსეთის ამგვარი განცხადებები, უპირველესად, მიმართულია საკუთარი აუდიტორიისკენ, ვინაიდან იმ მსხვერპლს, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და ზარალს, რასაც რუსეთი განიცდის, გამართლება სჭირდება. ეს გამართლება ყოველთვის არის მსოფლიოს მხსნელის მანტია. უკრაინაში, თურმე ნუ იტყვით და, მოსახლეობას ნაციზმისა და ფაშიზმისგან იცავენ. კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა ისიც განაცხადა, რომ თურმე უკრაინა რუსეთის ოკუპაციას აპირებდა. საქართველოში, შესაძლოა, ეს იყოს მთელი სლავური გენის გადარჩენა ამერიკელების გამოგონილი ვირუსებისგან, რომლებიც ხან ღამურებს გადააქვთ, ხან - ბატებს. ბუნებრივია, რუსეთის სამხედრო მანქანა ძალიან შეირყა, ამიტომ რაც უფრო გაჭიანურდება ომი, ცხადია, ის მეტ დანაკარგს განიცდის და დემორალიზების ხარისხიც გაიზრდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო, უკრაინისგან განსხვავებით, პატარა ქვეყანაა და არ არის გამორიცხული, რუსეთს ნებისმიერ დროს შემორჩეს საშუალება, მნიშვნელოვანი პროვოკაცია წამოიწყოს საქართველოში. არ ვგულისხმობ იმას, რომ ქართული ჯარისა და შესაბამისი სამსახურების წინააღმდგეობა იქნება მსუბუქი და უმნიშვნელო. ეს სულაც არ განაპირობებს რუსეთის გამარჯვებას საქართველოში, მაგრამ თავისთავად ცხადია, პროვოკაციის, ეკონომიკური ზარალის და, გნებავთ, სისხლისმღვრელი კონფლიქტის გაჩაღებისთვის რუსეთს ძალა მაინც ეყოფა. მეხუთე კოლონა საქართველოში არის და, ალბათ, ახლა მისი შემაკავებელი სერიოზული ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს.ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნაწილია და მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა, მაგალითად, "კოვიდის" წინააღმდეგ ბრძოლაში. ცხადია, ბაქტერიოლოგიურ იარაღსა­ და მასობრივი განადგურების სხვადასხვა საშუალებაზე მუშაობა გამორიცხულია, თუმცა ამ ლაბორატორიის ეფექტს ხშირად იყენებს რუსეთი, ეს ახალი თემა არ არის. მე 2018 წელს ვნახე იგორ გიორგაძის განცხადება, შემდეგ - პუტინის განცხადება ვალდაის კლუბში, მოვისმინე რუსული ბირთვული და ქიმიური ჯარების სარდლის განცხადებაც ამასთან დაკავშირებით, ასე რომ, ლალი მოროშკინას და მსგავსი არაკომპეტენტური პირების განცხადებები, რომელთაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ბაქტერიოლოგიაზე, ვირუსოლოგიაზე და მით უფრო - იარაღზე, ჩემთვის უინტერესოა. დასანანი ის არის, რომ ასეთი განწყობა აქვთ საქართველოს მოქალაქეებს.

- ომის მიმდინარეობისას უკრაინაში ყველა დესტრუქციული პრორუსული პარტია აიკრძალა...

- ის პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციური წყობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებენ, ბუნებრივია, იოლად შეიძლება აიკრძალოს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აკრძალვა არ არის ამგვარ წარმონაქმნებთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება. სპეცსამსახურს თავის არსენალში აქვს უამრავი საშუალება თუ ინსტრუმენტი, რომ დესტრუქციული პარტიები და ორგანიზაციები დაუსჯელად ვერ მოქმედებდნენ. ეს ყოველთვის არ არის ადმინისტრაციული, ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ღონისძიებები. ეს შეიძლება იყოს ფარული მოქმედებები, რომელთაც ყველა სპეცსამსახური ეწევა თავის ქვეყანაში ექსტრემისტულად და დესტრუქციულად განწყობილი ძალების წინააღმდეგ...

- რა საფრთხეს ხედავთ საქართველოში და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რა უნდა გააკეთონ დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებმა ესკალაციის თავიდან ასაცილებლად?

- ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, არის რუსეთის მეხუთე კოლონის შეკავება, მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ზოგიერთ შემთხვევაში კი - მათი ბლოკირება, ან აქტიური ობსერვაცია მაინც. ნათლად გამოჩნდა უკრაინაში რუსული სამხედრო მანქანის პირველი მიზანი - შეეცვალა არჩეული ხელისუფლება პრორუსულად განწყობილი ხელისუფლებით იანუკოვიჩის მეთაურობით, რითაც მიაღწევდა კურსის ცვლილებას და უკრაინის შემდგომ განვითარებასაც შეაფერხებდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. უკრაინაში შესულ რუსულ ჯარს, როგორც განმათავისუფლებელს, პურ-მარილით და ბაირაღებით არ შეხვდნენ. ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქით, რომ ჩვენთანაც არ იყოს ამის შესაძლებლობა. როდესაც ვხედავთ, სხვადასხვა რეგიონში როგორ სწრაფად იხსნება ოფისები გაურკვეველი დაფინანსებით, უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება სწორედ ეს იყოს რუსეთის მიზანი, ანუ ის ცდილობს, რამდენიმე რეგიონში ერთბაშად გამოიწვიოს უმართავი პროცესები, მით უმეტეს, რომ ამგვარ პარტიებს, როგორც ჩანს, თავიანთი სადამსჯელო რაზმებიც ჰყავთ, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიარაღებულ რაზმებად მოგვევლინონ.

- ფინანსური სანქციების წყალობით ორ-სამ თვეში რუსეთის დასუსტებაა მოსალოდნელი, ამასობაში კი მოსახლეობა იღუპება, ქალაქები მიწასთან სწორდება. სხვა რა ბერკეტები აქვთ დასავლეთსა და ნატოს, რომ ეს ბარბაროსობა შეაჩერონ?

- სანქციები, ალბათ, უფრო გამკაცრდება და არა მარტო რუსეთის, არამედ, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, იმ ქვეყნების მიმართაც, რომლებიც ეცდებიან და ხელს შეუწყობენ რუსეთის ამ სანქციებიდან "გამოძრომას". ბუნებრივია, სანქციებს არ ექნება მყისიერი ეფექტი და უკრაინას კიდევ ელის მძიმე დღეები, მაგრამ რუსული სამხედრო მანქანა ირყევა და არსებობს ვარაუდი, რომ ეს რყევა რუსულ სახელმწიფო აპარატსაც გადაედება, რამაც, შესაძლოა, კონკრეტული პროცესები გამოიწვიოს. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნების ერთიანობის შენარჩუნება, ერთიანი ფრონტით მოქმედება, რადგან რუსეთი საინფორმაციო ომით ეცდება, ალიანსის წევრთა რიგებში ჯერ ნაპრალი გააჩინოს, შემდეგ გააღრმავოს, რათა დაუსჯელად დაუსხლტეს მის თავზე ჩამოკიდებულ დამოკლეს მახვილს.

- რუსული პროპაგანდის ძლიერების მიზეზი მისი ტოტალურობაა?

- აქამდე ეს რუსეთის ძლიერი მხარე იყო, თუმცა უკრაინის ომში ვხედავთ, რომ რუსები ვერც კიბერ და ვერც საინფორმაციო სივრცეში თავს ვერ ართმევენ იმ ამოცანებს, რომლებიც მათ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაუსახა. ეს რუსეთის მოსახლეობაზე, ბუნებრივია, ჭრის, იმიტომ, რომ იქ არც ინფორმაციის გადამოწმების საშუალებაა, არც ინფორმაციის ალტერნატიული საშუალებები არსებობს, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირით შეწუხებული მოსახლეობა, როცა იქნება, ტოტალიტარულ რეჟიმს თავის სათქმელს ეტყვის.

- თუ გახსოვთ რუსეთთან მოლაპარაკების გზით გადაჭრილი რომელიმე პრობლემა და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება დათმონ მხარეებმა? უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები აცხადებენ, რომ მათთვის­ არსებობს წითელი ხაზები და, როგორც ჩანს, არც ერთი არ აპირებს ამათ გადაკვეთას...

- დიდი ძალების მონაწილეობით მიმდინარე ომში ყველა მოლაპარაკებას, გარდა რეალური შედეგისა, აქვს ამოსუნთქვის ფუნქციაც, ამიტომ ორივე ქვეყანა ცდილობს, ეს შანსი გამოიყენოს. რუსეთი, რომლის ოპერაციის პირველი ფაზა ჩავარდა, ცდილობს ჯარების გადაჯგუფებას და სხვა მიმართულებებზე წარმატების მისაღწევად ძალის მოკრებას. თუ ამას მოახერხებს, ერთხელ კიდევ გააერთიანებს და გენერალური შეტევისთვის გადააადგილებს თავის ძალებს, ამიტომ გაჭიანურებული მოლაპარაკებები მას ხელს აძლევს. უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციებს არ თმობს, მძიმე მდგომარეობაშია - კარგავს მოსახლეობას, ენგრევა ეკონომიკა და რომ არა დასავლეთის დახმარება, რუსეთის ზეწოლას, ალბათ, აქამდეც ვერ გაუძლებდა, ასე რომ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მისთვისაც არის, ჯერ ერთი, მოკავშირეთა კონსოლიდაციის და, მეორე მხრივ, რეზერვების შევსების შესაძლებლობა. რაც შეეხება მოლაპარაკების რეალურ შედეგს, ცხადია, რუსეთის პირობები შეუსრულებელია და ომის ყოველ დღესთან ერთად მისი შესრულების შანსი მცირდება.

- ამხელა სისხლისა და მსხვერპლის შემდეგ, ბუნებრივია, ზელენსკის მთავრობა ვერ შეურიგდება სუვერენიტეტის თუნდაც იოტისოდენა დანაკარგს და ის არც არის ამისთვის მზად; არც ხალხი დაიხევს უკან. მეორე მხრივ, რასაც უკრაინა ითხოვს, ეს არ არის ნეიტრალიტეტი (რასაც თავზე გვახვევენ), ეს არის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, რადგან ნეიტრალიტეტი, საზოგადოდ, მეზობლების შეთანხმება უფროა, ვიდრე თვითონ ქვეყნის გადაწყვეტილება. ამისთვის უნდა არსებობდეს მეზობლების გარანტია, მაგრამ რუსეთის პირობა, როგორც მე-19 საუკუნეში ამბობდნენ, არ ღირს იმ ქაღალდზე მეტი, რომელზეც არის დაწერილი, ამ საუკუნეში კი მას ქაღალდის ფასიც აღარ აქვს, ამიტომ უკრაინის ნეიტრალიტეტი მიუღწეველია, ისევე, როგორც საქართველოს ნეიტრალიტეტი, რადგან რუსეთი არასდროს იქნება ჩვენი უსაფრთხოების არათუ გარანტი, არამედ თუნდაც ხელშემწყობი. ამასთან, ეს გამორიცხავს ყველანაირ სამხედრო აღმშენებლობას საქართველოში და რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას გულისხმობს, ასე რომ, ნეიტრალიტეტის საკითხი განხილვასაც არ ექვემდებარება.

- რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი CNN-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს, თუკი "ქვეყნის არსებობას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება". ესეც შანტაჟია და შიშის დათესვას ემსახურება?

- ბირთვული შეიარაღების გამოყენების ზღვარზე ბალანსირება რუსეთის ჩვეული მეთოდია და ის ამას წლების მანძილზე აკეთებს. ამ ეტაპზე რუსეთს სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალება არა აქვს და ამის უფლებას არც დასავლეთი მისცემს, თუმცა, რასაკვირველია, ევროპა ყველანაირად ცდილობს, საკუთარ მოსახლეობას ომი აარიდოს, ამიტომ რუსეთის ამგვარი განცხადებები ჭრის. მაგრამ რაც უფრო დასუსტდება რუსეთის სამხედრო მანქანა და გაიზრდება მისი მოსახლეობის რეჟიმით უკმაყოფილება, მით უფრო გაიზრდება ნატოს წევრი ქვეყნების თუ ალიანსის ომში ჩართვის შესაძლებლობა. შესაძლოა, ეს არ იყოს საბრძოლო მოქმედებები და იყოს ე.წ. სამშვიდობო ოპერაცია, რომლის წინაშეც რუსეთს უკან დახევა მოუწევს.- უკრაინელი გენერალი მიკოლა მალომუჟი ამბობს, რომ პუტინი ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერს იმზადებს. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, პუტინმა­ თითი დააჭიროს "ბირთვულ ღილაკს", თუმცა­ ისიც იცის, რომ უკრაინის ომი შეიძლება გახდეს ნატოსთან გლობალური კონფლიქტის დეტონატორი...- იქ საუბარი იყო მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობს რუსეთის ტერიტორიაზე იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანა ბირთვული ომის, ან ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდა. ეს არის საოპერაციო ინფრასტრუქტურა ქვეყნის უმაღლესი თუ სამხედრო ხელმძღვანელობისთვის. ასეთი ინფრასტრუქტურა სსრკ-ის სხვა ქალაქებშიც იყო. რუსეთი ომობს და, ცხადია, ასეთი ინფრასტრუქტურაც მომზადდება, რადგან უნდა გაითვალოს მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი. უკრაინის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ მალომუჟის განცხადებაც ამას ეხებოდა. მანვე გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთი ბირთვულ ომს არ დაიწყებს და მისი მუქარის მიზანი მხოლოდ დასავლეთზე ზეწოლაა.

- პროცესების როგორ განვითარებას ელით უკრაინაში?

- სავარაუდოდ, რუსეთი ეცდება ძალებს მოუყაროს თავი და კიდევ ერთი შეტევა სცადოს კიევზე, თუმცა წარმატება ნაკლებად სავარაუდოა და ომი, ალბათ, გაჭიანურდება.

- რა სამოქმედო გეგმა უნდა ედოს დღეს მაგიდაზე ჩვენს ხელისუფლებას და როგორ უნდა მუშაობდეს?

- ახლა გამალებული მუშაობა რამდენიმე მიმართულებით და სცენარით უნდა მიმდინარეობდეს. მაგალითად, სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული და ამ ეტაპზე უკვე უნდა იცოდეს მოსახლეობამ, ვის მიმართოს საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებისთვის; უნდა მიმდინარეობდეს ტერიტორიული რეზერვისა და მოხალისეთა ჯგუფების ფორმირება და მთავარი - ასეთ დროს ძალზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება, რათა არ გაღვივდეს უიმედობა, აპათია, კაპიტულანტური განწყობა. ეს, ერთი მხრივ, ეკონომიკას აზარალებს, მეორე მხრივ კი, შესაძლო შემოჭრის შემთხვევაში, საბრძოლო სულს დასცემს. ამავდროულად, განსახორციელებელია კომპლექსური ოპერატიული სადაზვერვო ღონისძიებები პრორუსული პარტიებისა და დაჯგუფებების წინააღმდეგ (არაერთი ფაქტი არსებობს, რომ ასეთი პარტიები არ არიან მხოლოდ პარტიები, მათ ახლავთ კარგად ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები, რომელთაც კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, ქალაქების ბლოკირება და სახელმწიფოს წინააღმდეგ აქტიურობა სცადონ). სახელმწიფოს მათ წინააღმდეგ შესაბამისი კამპანია აქამდეც უნდა დაეწყო.