"ჩვენ ყველა უნდა გადავრჩეთ, სხვა გზა არ გვაქვს“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ ყველა უნდა გადავრჩეთ, სხვა გზა არ გვაქვს“

თანამედროვე მწერალი და კრიტიკოსი­ სოფო წულაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საკუთარ ტკივილად მიიჩნევს რუსეთ-უკრ­აინის ომს. 90-იან წლებში­ აფხაზეთიდან წამოსულ ოჯახს ცხოვრების­ თავიდან დაწყება და გადარჩენისთვის ბრძ­ოლა მოუხდა. მისი ოჯახის წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდნენ, ახლაც იმავე გზას გადიან...

- აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, რვა წლის ვიყავი. ყველაზე ცუდად მახსოვს წითელპომადიანი დიქტორი, რომელმაც შემზარავი ხმით გამოგვიცხადა, რომ ჩემი ქალაქი, სოხუმი, დაეცა. კარგად არ მქონდა გააზრებული, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა და ის პანიკური შიში, რომელიც მაშინ დამეუფლა, ახლაც აუტანელ ტკივილს მგვრის. ჩვენი ოჯახი ეკლესიურობით არ გამოირჩეოდა, მაშინ ეს არც იყო გასაკვირი, შინ ხატები და სანთლები არ გვქონდა,­ ამიტომ ჩემს პატარა ოთახში ვიკეტებოდი, კარტოფილის სანთლებს ვანთებდი და ბავშვურად ვლოცულობდი, ყველაფერი მალე დასრულებულიყო. ალბათ, ამიტომაც ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, როდესაც გავიგე, რომ დავმარცხდით - რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, აუცილებლად გავიმარჯვებდით. სოხუმი ბოლო გემით დავტოვეთ... შემდეგ, უკვე სტუდენტობის პერიოდში, გავიგე, რომ სამხედრო გემი უკრაინელებისა ყოფილა. მათ აფხაზეთში ათასობით ქართველი გადაარჩინეს. ამ ბოლო ხანებში მამაჩემი იხსენებს,­ რომ ჩვენს ომში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელებიც იბრძოდნენ. გვერდით მაშინ დაგვიდგნენ, როდესაც არავის ვახსოვდით, ამიტომ ვალდებული ვართ, როგორც შეგვიძლია, ჩვენც დავეხმაროთო. ვიცი, რომ უკრაინული სამხედრო ფორმირების ხელმძღვანელი იყო ვინმე "მაზურა", რომელიც სოხუმელი ბიჭების გვერდით გმირულად იბრძოდა. დევნილობის შემდეგ ერთბაშად გავიზარდეთ. ჩემი ბავშვობა მაშინ დასრულდა, როცა ჩემს უმცროს და-ძმასა და მშობლებთან ერთად დავტოვე მშობლიური კუთხე და ახალი ცხოვრება დავიწყეთ. 90-იან წლებში თბილისში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადარჩენა ადვილი არ იყო. მგონია, რომ ჩემი მშობლები გმირები არიან, ეს რომ შეძლეს. როგორც შეგვეძლო, ჩვენც გვერდით ვედექით - კარგად ვსწავლობდით, სახლის საქმეებში ვეხმარებოდით... მახსოვს, პურზე მგზავნიდნენ და უზარმაზარ რიგში რამდენიმე საათი ვიდექი. პურის ტალონის სანაცვლოდ რვა პურს მაძლევდნენ, ოთხი ჩვენი იყო, ოთხი - ბებიებისა და ბაბუების...

- როდის დაიწყეთ წერა?..

- სულ ვწერდი, ჯერ დღიურებს, შემდეგ პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი. ბავშვობაში კინორეჟისორობა მინდოდა, მერე კინომცოდეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. კინოც მიყვარდა და წერაც, ჰოდა, კინოზე წერა ვარჩიე. ლიტერატურულ წრეებში 2010 წლიდან გამიცნეს, როდესაც სონია ქართველიშვილის ფსევდონიმით თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე კრიტიკული წერილების წერა დავიწყე. ჩემი დებიუტი ლიტერატურულ პერიოდიკაში 2011 წლის თებერვალში შედგა. ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მოწვეულმა რედაქტორმა, ბესო ხვედელიძემ მთხოვა, აგვისტოს ომის გამოძახილზე ვრცელი წერილი დამეწერა. მოეწონა და დამიბეჭდა... პოეზიაშიც მოვსინჯე ძალები, პერიოდულად პოეზიას ვთარგმნი კიდეც. ახლა თანამედროვე უკრაინელი პოეტისა და მწერლის, სერჰი ჟადანის ლექსების თარგმანზე ვმუშაობ, რომელიც ახლა თავის ქალაქს, ხარკოვს იარაღით იცავს რუსი ოკუპანტებისგან. იმ ქალაქში ჩემი დისშვილი­ დაიბადა, ამიტომ ძალიან მშობლიურია ჩემთვის. როგორც სერჰი ჟადანი თავის ლექსში ამბობს, ახლა "ჩვენს სიზმრებს დამწვრის სუნი ასდის... მოდით, მოგიყვებით, რას ნიშნავს, როცა ყველაფერს კარგავ. რა თქმა უნდა, დამნაშავე ჩადენილისთვის პასუხს აგებს, თუმცა გჯეროდეთ, მათთან ერთად უდანაშაულოებიც დაისჯებიან..."

wulaia2-1648380463.jpg

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაფერი დამიწერია, თითქოს ყველა მეტაფორა, ეპითეტი, სურვილი, მიზანი, უნარი დაშრა და სადღაც გაქრა, თუმცა, ვიცი, რომ ძალა უნდა მოვიკრიბო და საქართველოს შემდეგ ჩემი ყველაზე საყვარელი ქვეყნისთვის მოვინდომო - ვთარგმნო თანამედროვე უკრაინელი ავტორების ნაწარმოებები. ასე შევძლებ მადლიერება გამოვხატო ქვეყნისადმი, რომელმაც მე და ჩემი ოჯახი, უამრავი ჩემი თანამემამულე გადაარჩინა, ახლა კი თანამედროვე სამყაროს შეახსენა, რომ უმთავრესი ღირებულებები სამშობლოსათვის თავგანწირვა, გმირობა, ქვეყნის, თავისუფლების უსაზღვრო სიყვარულია და არ შეიძლება მასზე ძვირფასი რამე იყოს.

- როგორია დღეს თანამედროვე ლიტერატურა? როგორ ეხმიანება იმ სატკივარს?

- ძალიან საინტერესო­ ავტორები გვყავს. ჩემმა მეგობარმა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე­ საინტერესო მწერალმა ბექა ქურხულმა ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახლა უმნიშვნელ­ოვანესი ამბები ორ სფეროში­, რაგბსა და ლიტერატურაში ხდება. 2012 წელს მისი ნაწარმოებები მწვავედ გავაკრიტიკე, ვწერდი, მისი გმირები შემოქმედებით კრიზისზე წერენ-მეთქი, მაგრამ ამას ჩვენი მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია... მე ისეთ ავტორებს ვცემ პატივს, რომლებიც თავ­იანთ სატკივარზე, თავიანთ გამოცდილებაზე წერენ და არა იმაზე, რაც ტრენდულია...

უკრაინა ჩემთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა და საქართველოს მერე ყველაზე მეტად მიყვარს. ბევრ უკრაინელს ვიცნობ, მაგრამ მაინც გაოცებული ვარ მათი თავგანწირვით, თავისუფლების სიყვარულით. ახლა ხშირად ლაპარაკობენ ორ რუსეთზე, მე კი, რაც უნდა საწყენი იყოს, ასეთი შეფასება გადაჭარბებული მგონია. ცხადია, არსებობს იშვიათი გამონაკლისი, მაგრამ მათი უმრავლესობა იმპერიალისტი და აგრესორია, ისევე, როგორც მათი ლიდერი, რომელსაც ირჩევენ და ზუსტად ისეთი ხელისუფალი ჰყავთ, როგორსაც იმსახურებენ. ჩემი ახლობელი, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა რუსეთში, მიყვებოდა, ეს არის ერი, რომლისგანაც კარგს ვერაფერს ისწავლი, ოჯახის ინსტიტუტი, შინაგანი კულტურა, მორალი, ქრისტიანული ცნობიერება, პატიოსნება - ყველა ეს ღირებულება გაუფასურებული აქვთო. რაც შეეხება რუსულ ლიტერატურას, რასაკვირველია, ჰყავთ გენიოსები, თუმცა, მგონია, რომ ნიჭთან ეროვნება არაფერ შუაშია,­ ნიჭით ღმერთი ცალკეულ ინდივიდებს აჯილდოებს და არა ეროვნებებს... არც ის მგონია სირცხვილი, რუსული თუ არ გვეცოდინება. მინდა, ჩემი ქვეყანა საბჭოთა კომპლექსებისგან გათავისუფლდეს და ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოს როგორც რუსულ ბომბებს, ისე - რუსულ იმპერიალისტურ პროპაგანდას.

- ვიცი, რომ აფხაზეთიდან დევნილმა უამრავმა ადამიანმა უკრაინაში ცხოვრება თავიდან დაიწყო. მათ შორის თქვენი ნათესავებიც არიან... ომის შემდეგ ცხოვრება რომ გააგრძელო, უნდა წამოდგე. ჩვენმა თაობამ შეძლო ეს?

- ჩემი და ამ დღეებში მეორედ გახდა­ ლტოლვილი. ის 2010 წლიდან თავის ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა, მაგრამ პუტინის რეჟიმის დამსახურებით ახლა თბილისშია, სრულიად განადგურებული და კიდევ ერთხელ ცდილობს, ახალი ცხოვრება დაიწყოს. ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა შევძლოთ, სხვა გზა არ არის... მან შეძლო გამოსვლა, ასობით ათასი ადამიანი კი იმ ჯოჯოხეთში დარჩა, ვერ გამოაღწია... ცხოვრება გვასწავლის, როგორ გადავრჩეთ. ასე ფიქრობს ჩემი 10 წლის დისშვილი გვანცა გაგუაც, რომელმაც დედამისის ასაკში ნახა ომის საშინელება. ჩვენც ამ ასაკში ვიყავით, როდესაც ენგურის ხიდისკენ გამოვუყევით გზას. ნამდვილად არ მეგონა, თუ ჩვენი შვილებიც ჩვენს ბედს გაიზიარებდნენ, თუმცა, მაინც მჯერა, რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. ეს რომ არ მჯეროდეს, ცხოვრებას აზრიც არ ექნებოდა. ჩვენ ყველა­ უნდა გადავრჩეთ, სხვა გზა არ გვაქვს.