"უნდათ შიმშილით დაგვხოცონ, რომ ჩავბარდეთ, მაგრამ ეს არ მოხდება!“ - კვირის პალიტრა

"უნდათ შიმშილით დაგვხოცონ, რომ ჩავბარდეთ, მაგრამ ეს არ მოხდება!“

უკრაინის ზღვისპირა ქალაქის მოსახლეობა თითქმის ერთი თვეა, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უმძიმეს ბლოკადაში ჰყავს. მარიუპოლი მტრისთვის წინააღმდეგობის მთავარ ცენტრად რჩება. საოკუპაციო ძალებმა უკრაინელ სამხედროებს ქალაქის დატოვება შესთავაზეს, თუმცა მათ უარით უპასუხეს.მარიუპოლი როგორც უკრაინისთვის,­ ასევე - რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია და ის დანებებას­ არ აპირებს. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ქალაქ მარიუპოლზე განხორციელებული თავდასხმებისას რუსეთს ბრალი დასდო "ომის მასობრივ დანაშაულში", თუმცა რუსეთი მის სარაკეტო იერიშს არ წყვეტს; ქალაქს, რომლის საცხოვრებელი სახლების 90% რუსული ჭურვებითა და არტილერიით მიწასთან არის გასწორებული, მწვანე დერეფნებს არ უხსნის და იქ არც ჰუმანიტარულ დახმარებას უშვებს... "კვირის პალიტრასთან" საუბარში­ ვალენტინა მამჩენკო, რომელიც გარე სამყაროსთან კონტაქტს ხანდახან სასწაულებრივად ახერხებს, ჰყვება, რომ დაბომბვა ისეთი ხშირია, სითბო, ადამიანური კვება და დასვენება კი არა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და მზის დანახვაც ენატრებათ.

"თბილი პლედები, რომლებიც თავშესაფარში მიგვქონდა, გზადაგზა "დავარიგეთ" - მიცვალებულებს გადავაფარეთ"

- უკვე აღაც გვახსოვს, როდის გვქონდა სიმშვიდე, ადამიანური ცხოვრება, ბომბებისა და ტყვიების გარეშე, დილით ყავის დალევა, თავის მოწესრიგება, სითბო, ადამიანებთან ურთიერთობა... ყოველი დღის გათენების შემდეგ კედელზე ხაზს ჩამოვუსვამთ და ასე ვითვლით, რა დრო გავიდა, რაც თავშესაფარში ვართ. ორ კვირაზე მეტია, ამ ჯოჯოხეთს ვუძლებთ. აქ ადამიანები მხოლოდ დაბომბვის დროს მიღებული ჭრილობებით კი არა, სიცივით, შიმშილით, სტრესითაც კი იხოცებიან, ძირითადად, მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფები. ახალნამშობიარევი გოგონა­ გვყავდა, 23 წლის, ნასტია. ტყუპი შეეძინა. სარდაფში იმშობიარა. პირობების არქონის გამო გაცივდა და მდგომარეობა გაურთულდა. ხუთი დღე ებრძოდა სიკვდილს. სანამ ჩვენთან იყვნენ, ახალშობილებს სხვა მეძუძური დედები აჭმეევდნენ. ნასტიას მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ის მეუღლემ დიდი წვალებით გაიყვანა. მას შემდეგ არაფერი ვიცით. ლვოვში მიდიოდნენ, იმედია, მშვიდობით ჩააღწიეს... იმედს არ ვკარგავთ, რომ ყველაფერი დასრულდება და შინ დაბრუნდებიან, თუმცა­ ახლა ეს სიგიჟედ მეჩვენება, არ მჯერა, რომ ოდესმე აქ ისევ ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება...

როგორც კი სროლა შეწყდებოდა, რაც უნდა ცუდი ამინდი, ყინვა და სიცივე ყოფილიყო, მაინც გამოვდიოდით ქუჩაში, გასულ კვირას კი სამი დღე-ღამე ისე გავიდა,­ სარდაფიდან ვერ ამოვედით. აქაურობა ზანზარებდა, ხან ახლოს, ხან შორს აფეთქების ხმა ისმოდა. გვეგონა, ცოტა ჩაწყნარდებოდა, დაიღლებოდნენ, ტყვია-წამალი გამოელეოდათ, მაგრამ არა და არ ჩერდებოდნენ. Eეტყობა, ერთმანეთს ცვლიან, რომ ბოლომდე მიწასთან გაგვასწორონ. ბლოკადაში ყველაზე მეტად წყალს ვიზოგავთ, მაგრამ როდესაც შიშისა და ნერვიულობისგან პირი გიშრება, უამრავი ჩვენი თანაქალაქელივით გული რომ არ გაგისკდეს, წყალი უნდა დალიო, ამიტომ, მივაყურადებთ და თუ სარაკეტო დარტყმების ხმა შორიდან ისმის, ვრისკავთ და გავდივართ წყლის, პურის, შეშის მოსაპოვებლად.

- ვიცი, რომ ოჯახის წევრების შესახებ არაფერი იცოდით.

- მადლობა ღმერთს, გავარკვიე, მაგრამ აქ არიან ჩემი მეზობლები, მეგობრები,­ თანამშრომლები, ნათესავები, რომლებიც, როგორც კი დაბომბვა შეწყდება, ნანგრევებში დადიან და ოჯახის წევრებს ეძებენ... ზოგჯერ ერთად დავდივართ... პირველ დღეებში თბილი პლედები მიგვქონდა იმ იმედით, რომ სადმე მტრის ტყვიას გარიდებულსა და ნანგრევებში დამალულს ვიპოვიდით, ახლა კი ბარებით მივდივართ, რომ საფლავები მაინც ჰქონდეთ.

- ქალაქში რუსი სამხედროები დადიან?

- ნაწილში კი, თუმცა თავისუფლად - ვერა, "აზოვის" ბატალიონის ბიჭების სიკვდილივით ეშინიათ... ქალაქში საცხოვრებელი სახლების 90%-ზე მეტი დაბომბილია, მაგრამ რუსული არტილერია არ ჩერდება, ჩვენ კი ხშირად ტყვიებისა და ჭურვების წვიმაში დავდივართ და საკუთარ ნასახლარებში ვეძებთ წყალს, ბოთლებს, სადმე ბოცაში ჩარჩენილ სითხეს, საკვების ნარჩენებს,­ აბაზანაში დაგროვილ წყალს ვეზიდებით, რითაც საჭმლის მომზადებას შევძლებთ... თუ ცოცხალი ხარ, გშია და გწყურია კიდეც­. გარეთ ისვრიან, მაგრამ შენ გადარჩენისთვის იბრძვი. ჩემი სახლის სარდაფში მქონდა ისეთი რამეები, რაც გამოგვადგებოდა: მწნილი, მურაბები, კარტოფილი, კომბოსტო და სხვა ბოსტნეული, ასევე - ძველი, მაგრამ თბილი ტანსაცმელი, საბნები, ე.წ. ლეჟანკაც მედო. თავშესაფარში ხშირად გვიკვდება ვინმე და ცხედარი იქვე ეზოში დასამარხად რომ გავიტანოთ, საკაცე გვჭირდება, რომელზეც ღამე კაცებს­ სძინავთ...

კორპუსი, რომელშიც ვცხოვრობდი, ორჯერ დაიბომბა, ალბათ, იმიტომ, რომ იქ "აზოვის" ბატალიონის წევრი ბიჭების მშობლები და ოჯახის წევრები ვცხოვრობდით. ბოლო დაბომბვისას ქვედა სართულებისთვის დაუშენიათ ჭურვები და ამას კორპუსის ერთი მხარის პირველი-მეორე სართული სარდაფში ჩაუტანია. იქ შესვლა რისკი იყო, მაგრამ როდესაც თავშესაფარში 10 წლის მშიერი შვილიშვილი და ათეულობით მისი თანატოლი გელოდება, რისკი­ ვიღას ახსოვს. მიწა ჩავჭერით და ჩავძვერით. ძლივს მივაგენი და ზემოთ მყოფებს­ რომ ავძახე, გაზიდვაში დამეხმარეთ-მეთქი, პირველყოფილი სიხარული აღმოხდა ყველას. ასე იპოვა ჩემმა მეზობელმაც გადამწვარ სახლში რკინის ყუთში ჩაკეტილი და გადარჩენილი მედიკამენტები, სიცხისა­ და წნევის დამწევი, გულის სამკურნალო პრეპარატები. უკანა გზაზე ქუჩა, რომლითაც ჩვენი დანგრეული სახლისკენ წავედით, აღარ არსებობდა - რამდენიმეწუთიანი საჰაერო იერიშის შედეგად უზარმაზარი ორმოები დაგვხვდა და სხვა ქუჩით მოგვიწია დაბრუნებამ. გზა მიცვალებულებით იყო მოფენილი. ჩვენი მოქალაქეები, დაფლეთილი რუსი სამხედროები, მთლად ბავშვები, უბადრუკი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ზოგისთვის კამუფლაჟი გაეხადათ... ვნახე, როგორ გადაატარეს ავტომატის ჯერი თავისიანებმა დაჭრილებს, შემდეგ კი ყველაფერი აართვეს, მათ შორის - ზურგჩანთა, სადაც, ალბათ, მშრალი საკვები ელაგათ... გვშია, გვცივა, არაადამიანურ მდგომარეობაში ვართ, კარტოფილის და სტაფილოს ნათალის წვნიანით რამდენიმე დღე გაგვიტანია, წყურვილი მოგვითმენია, რომ ბავშვებს დასალევი წყალი ჰქონოდათ, მაგრამ ადამიანობა არ დაგვიკარგავს. თბილი პლედები, რომლებიც თავშესაფარში მიგვქონდა, გზადაგზა "დავარიგეთ" - მიცვალებულებს გადავაფარეთ. მათი მოგროვებისა და საფლავის გათხრის დრო არ გვქონდა. რუსებმა შეგვამჩნიეს და ცეცხლი გაგვიხსნეს, რადგან დაინახეს, რომ ტვირთი გვქონდა და მიხვდნენ, საჭმელი და თბილი ტანსაცმელი იქნებოდა. ეგონათ, დავყრიდით და გავიქცეოდით. ასეც ვაპირებდით, მაგრამ ჩემი მეზობელი რუსი გადაგვეფარა - მეც რუსი ვარ, ჯერ მე დამხვრიტეთ და შემდეგ წაიყვანეთ ეს ქალები, ტვირთიც წაიღეთო. მას ფეხებში ესროლეს. საბედნიეროდ, ჩვენებმა მოგვისწრეს და ზურგიდან გაუხსნეს ცეცხლი. არ ვიცი, ვინმე გადარჩა­ თუ არა და არც მაინტერესებს. ახლა ჩემს ქვეყანაში შემოსული ყველა რუსი ჩვენი მოსისხლე მტერია, ისევე, როგორც აქაური რუსების. ერთხელ რუსმა მაროდიორებმა­ უთხრეს ჩემს მეზობელს, ჩემიანი რომ ყოფილიყავი, დაგვეხმარებოდი, მათ მხარეს კი არ დადგებოდიო და პატარა შვილიშვილების თვალწინ დახვრიტეს.

- ანუ სამხედროებს ვერაფერს უხერხებენ და მშვიდობიან მოსახლეობას უტევენ?

- ყველანაირად ცდილობენ, გაგვ­ტეხონ. ქალაქის სასაფლაოს რაღაც სასწა­ულით გადარჩენილი ჰქონდა ელექტროგადამცემი ბოძი და იქ მივდიოდით მობილური ტელეფონების დასატენად. გარშემო ვაგონები იდგა და იქ ვიცდიდით, ვიდრე დაიმუხტებოდა. სასაფლაო დაბომბეს, ვაგონებიც, ელექტროგადამცემიც დააზიანეს, მაგრამ, ეტყობა, არ იციან, რომ დედა, რომელსაც შვილი ომში ჰყავს, აუცილებლად იპოვის გზას მასთან დასაკავშირებლად... უნდათ, შიმშილით დაგვხოცონ, რომ ჩავბარდეთ, ჩვენივე შვილებსა და ოჯახის წევრებს დავუპირისპირდეთ, მაგრამ ეს არ მოხდება, ამიტომ გვბომბავენ და გვხოცავენ განურჩევლად, ავტობუსებით შემოსულ ჰუმანიტარულ ტვირთებს ცეცხლს უხსნიან, ყუთებს იტაცებენ შემომტანებთან ერთად...

მოკლედ, თავშესაფარში დაბრუნებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე ათეული ახალი "ბინადარი" შემოგვმატებოდა. მშივრები და გათოშილები იყვნენ. დაბომბილი აუზის სარდაფში ვიყავით, საიდანაც სისველე ჟონავდა და მუხლებამდე წყალში ვიყავითო... მე და ჩემმა მეზობელმა ერთად მოვამზადეთ ცხელი წვნიანი და გავუმასპინძლდით. ასეთი მომენტებით, ერთად დგომით, ერთმანეთისთვის თავის გაწირვით მოვედით აქამდე. ჩემი შვილი იბრძვის, ძმისშვილი მოხალისეა და აქ ჩარჩენილებს საკვებით, წყლით, მედიკამენტებით ამარაგებს. მისი მშობლები და და ჭურვის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა. დედ-მამის ცხედრები ვიპოვეთ და ეზოში დავასაფლავეთ, გოგონას ცხედარს კი ყოველდღე ვეძებთ მე და ჩემი მეზობლები, ჩემი ძმისშვილები და მისი მეგობრები...

რუსი მაროდიორები ჩუმად უთვალთვალებენ იმ თავშესაფრებს, სადაც მოხუცები, ქალები და ბავშვები არიან შეფარებული. ხომ იციან, რომ იქ უიარაღო მარიუპოლელები ვართ, უშუქოდ, წყლისა და საკვების გარეშე, უმეტესობას რკინის მილებზე დაგებულ ლეიბებსა და პლედებზე, ან პირდაპირ სკამებზე გვძინავს, იქვე ვანთებთ ცეცხლს, რომ ნაგავში რაღაც საჭმელი ვიპოვოთ, მაგრამ თვალს მაინც არ გვაშორებენ, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება "აზოვის" ბატალიონიდან ვინმემ მოგვაკითხოს, მერე კი ან ჩასაფრებას მოუწყობენ, ან მათ კვალს გაჰყვებიან. თუმცა, ჩვენი ბიჭები ადვილად არ ტყუვდებიან, ყველა გზას, ნაბიჯს, მიმართულებას ათასჯერ ამოწმებენ.

- მწვანე დერეფნებზე ლაპარაკობენ და, იმედია, გასვლას მოახერხებთ...

- ეს ბევრჯერ ითქვა, მაგრამ რუსები სროლას არ წყვეტენ. ფეხით მაინც მიდის ხალხი, ცდილობენ, ქალაქი დატოვონ, მაგრამ ვისაც რუსები წამოეწივნენ, შუაგულ რუსეთში წაიყვანეს. ჯერ არ ვიცი, რა იქნება, რას გადავწყვეტ. აქ ჩემი ოჯახია, ეს ჩემი ქალაქია. წასასვლელი არსად მაქვს. მთავარია, ქალები და ბავშვები წავიდნენ, თორემ უკვე უამრავი ძალადობის ფაქტი დადასტურდა. რუს სამხედროებს უნდათ მოგვგუდონ, მაგრამ სანამ მარიუპოლში ერთი ადამიანი მაინც არის ცოცხალი, ქალაქი არ დაეცემა.

პ.ს. ჩვენთან საუბრის შემდეგ, ოჯახის რამდენიმე წევრი საქართველოსკენ გამოემგზავრა, მაგრამ ოჯახის უფროსი ქალბატონის გულმა ვერ გაუძლო და დარიალის ხეობაში, ტრანსპორტში გარდაიცვალა...