როგორ მუშაობს "მტრის ხატის“ მექანიზმი - კვირის პალიტრა

როგორ მუშაობს "მტრის ხატის“ მექანიზმი

"გაზაფხულის შემოსვლა, ბუნების ნაცვ­ლად, ფაშიზმის ნიშნების ყვავილობამ­ გვამცნო. როგორც ჩანს, თვითგამორკვევის ნაცვლად ინტერესთა ჯგუფების ნაკარნახევ შაბლონებს ვიმეორებთ. წესით კი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების საკითხებზე უნდა ვმსჯელობდეთ ეკონომიკური თვითმყოფადობის გააზრების კონტექსტში", - დაწერა სოციალურ ქსელში ფილოსოფოსმა­ ავთანდილ ძამაშვილმა და შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ავათანდილ ძამაშვილს ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით.

- ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებულ უკონტროლო დაპირისპირებასა და ბულინგზე, არაერთხელ გაისმა ფრაზა "ფაშიზმის ნიშნები", რა იგულისხმება მასში?

- უნდა გავიხსენოთ, რა უდევს საფუ­ძვლად ფაშიზმის იდეოლოგიას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაშიზმის პრაქტიკა კოლონიალიზმის გამოცდილებიდან იბადება. მეორე მხრივ, ფაშისტური განწყობა­ ძალაუფალის თავდაცვის ინსტრუმენტია. ეკონომიკურ სიდუხჭირეში მცხოვრებ ხალხში დაგროვილი ბრაზის სამართავად აუცილებელი­ ხდება მტრის ხატის შექმნა, რომლისკენაც საზოგადოების უკმაყოფილება წარიმართება და მისი მართვაც იოლი და უსაფრთხო გახდება. მტრის ხატი, პრინციპი - "დაყავი და იბატონე", უმრავლეს შემთხვევაში ხელოვნურად იქმნება, რაზეც ინსტიტუტები მუშაობენ. შეგვიძლია გავიხსენოთ ევროპული კოლონიალიზმის მაგალითი, რომელიც კოლონიებში ეკონომიკური რესურსებისა და იაფი მუშახელის ხელში ჩაგდების მიზნით მსგავს პოლიტიკურ ოპერაციას ატარებდა, პარალელურად კი კოლონიების კულტურული ჩამორჩენილობის სურათს ქმნიდა და ამ ტერიტორიებზე ჰუმანისტის როლში გვევლინებოდა. დღევანდელ ნეოკოლონიალურ პოლიტიკურ ვითარებაში უმეტესად ეკონომიკურ შეჭრას ვაწყდებით, როდესაც ჩვენნაირი ქვეყნების ბედი მუდმივად ინვესტორის კეთილ ნებასა და ტურისტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რაც სინამდვილეში მუდმივ სიღარიბეში ყოფნას ნიშნავს.

სხვათა შორის, ამ თემაზე შესანიშნავი­ წიგნი დაწერა ეკონომისტმა ერიკ რეინერტმა,­ რომელიც ამჟღავნებს ფარულ რეალობას, რომ დღევანდელი მსოფლიო წესრიგისთვის პერიფერიებში სიღარიბის შენარჩუნება­ აუცილებელია. ჩვენში ეს პროცესები 90-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ყოველგვარი რაციონალური გათვლების გარეშე გადავერთეთ საბაზრო ეკონომიკაზე და ტურიზმსა და ინვესტორებს "ჩამოვეკიდეთ". ამ მოდელის მიხედვით, ბიზნესს ყველაფრის მიღწევის უფლება აქვს, ხალხს კი - არაფრის (მაგალითად, ჩვენი კაზინოების წლიური ბრუნვა 32 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის ბიუჯეტზე დაახლოებით ორჯერ მეტია). ეს ყველაფერი,­ ცხადია, საზოგადოებაში განუზომლად ზრდის ბრაზსა და უკმაყოფილებას. სწორედ ამ პირობებში აქტიურდება "მტრის ხატის" მექანიზმი, როდესაც ბრაზი ხელისუფლების ნაცვლად ხალხის დაპირისპირებისაკენ მიიმართება.

- არაერთი ადამიანი შეძრა ბულინგის უამრავმა მაგალითმა. სოცსივრცეში ჟურნალისტებს შორისაც კი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლაა გაჩაღებული.

- ფაშიზმის ის ნიშნები, რომლებიც ახლა შეინიშნება, შესაძლოა ავხსნათ დღევანდელი მდგომარეობის განსაკუთრებული სირთულით, რომელიც ქმნის ფაშიზმის მოძლიერების საფუძველს. დღეს მწვავე შიდა პრობლემებს გლობალური კრიზისიც დაემატა, მომავალი კი ბუნდოვანია. ამ ფონზე მეტისმეტად იოლია, პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა სუბიექტებმა ყველაზე კეთილშობილური თემებიც კი ოსტატურად გამოიყენონ ძალაუფლების განმტკიცებისთვის, რასაც ვხედ­ავთ კიდეც, როდესაც აზრის თუნდაც ნიუანსური განსხვავების გამო გააფთრებული ბულინგია.

- სწორედ ამის მაგალითია,­ როდესაც დაპირისპირების მიზეზი ხდება ჩვენს ბედში მყოფი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის კეთილშობილური თემა.

- ეს აზროვნებაზე­ უარის თქმას ნიშნავს, ანუ სრულიად განუსჯელად ხელმძღვანელობ ამა თუ პოლიტიკური ძალების ინტერესებს მორგებული აზრებით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი კეთილშობილური ზრახვები, თუნდაც უკრაინისადმი მხარდაჭერა მავნებლური წარსულის მქონე ხალხის ბრმად მიდევნებაში გვაქვს გადაზელილი. სამწუხაროა, რომ რუსეთის მასშტაბური ბოროტების წინააღმდეგ უკრაინის მხარდამჭერ აქციებსაც ვერ ვაწყობთ ამა თუ იმ ჯგუფისა და პარტიის გარეშე. ამ პროცესებში სადავეებს ის ადამიანები არიან ჩაბღაუჭებული, რომელთაც პირადი გამორჩენის გარდა არაფერი ანაღვლებთ. სამწუხაროა, მაგრამ შესაძლოა, ამ დაპირისპირებიდან ვერც კი გამოვიდეთ - ჩვენ ხომ განსხვავებული შეხედულებებთან ბრძოლა თითქმის დავაკანონეთ! მესმის, არც ისე ადვილია იმის შემჩნევა და აღიარება, რომ შენს მზა, რომელიღაც პოლიტიკურ ძალაზე მიბმულ შეხედულებებს ბზარი შეეპარა და მათ უნდა შეელიო ან შეცვალო, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ იმის გააზრება, სად შეიძლება მიგვიყვანოს ურთიერთდაპირისპირებამ და ბულინგმა.

- ადამიანებს ეშინიათ, რომ კრიზისის დროს იმ უმცირეს შემოსავალსაც დაკარგავენ, რომელიც მძიმე და დაუფასებელი შრომით მოიპოვეს, ამიტომ მის შესანარჩუნებლადაც ძალადობენ. ვნახეთ პროდუქტების დატაცებაც და ამ დროს ახლობლები არავის გახსენებია...

- როდესაც ურთიერთობას მუდმივი შუღლი წარმართავს, დახლებიდან პროდუქტის დატაცება გასაკვირი აღარაა, განსაკუთრებით - ჩვენი ისტორული გამოცდილების გათვალისწინებით, იქნება ეს 90-იანი წლების ძნელბედობა თუ პირადი ტრაგედიები. მსგავისი ქმედება არის პასუხი ისტორიულ უსამართლობაზე, გეოპოლიტიკურ ბოროტებაზე, არასტაბილურ ეკონომიკაზე, ადამიანებზე, რომლებმაც მასობრივი სიღატაკის ფონზე კეთილდღეობა მოიპოვეს და ყოველთვის შეუძლიათ ამ უბედურებისგან გაქცევა. ასეთ დროს, სამწუხაროდ, არც თანაგანცდისთვის რჩება ადგილი, არც - გონებისა და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრებისათვის.

- ასეთ ვითარებაში ადეკვატურია მოწოდება, რომ ომისთვის უნდა ვემზადოთ?

- ჩვენნაირი ქვეყნისათვის ომში ჩაბმა და შეიარაღების მოწოდება პოლიტიკური ბოროტებაა, ომი ეკონომიკური და კულტურული კრიზისის თვითგანადგურების რეჟიმში გადაზრდის ფორმულაა. ჩვენი ტიპის პატარა, ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ქვეყნისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა მტკიცე და გონიერი გეოპოლიტიკა და ეკონომიკური მოძლ­იერებაა... სამწუხაროა, რომ რეალური განვითარების რაციონალური გზა რუსი ეროვნების ხალხის შემოშვება-არშემოშვებასა და ღარიბაშვილი/კობახიძის ლანძღვაზე ხურდავდება, არადა, მიმდინარეობდა და მიმდინარეობს რუსული კაპიტალისთვის ეკონომიკის ეტაპობრივად გადალოცვა. ამ ვითარებაში ჩვენ მოტყუებული და გაბითურებული ბავშვების როლში ვართ და აქაოდა, საყოველთაო რიტუალში შეუმჩნეველი არ დავრჩეთო, პუტინის დიქტატურის ლანძღვით ვართ გართული. ასეთ დროს ელიტა, დიდი ალბათობით, მინიმალური გარანტიების ხარჯზე რუსეთს უპირობოდ და უპრობლემოდ დაექვემდებარება,­ რისი უამრავი შემთხვევაც ვიცით ინდოეთის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და სხვათა მაგალითზე.

- და გამოსავალი რა არის?

- გამოსავალი ხალხის ერთიანობაა, ასევე - ახალი და გონივრული ეკონომიკური წინსვლის გეგმის შემუშავება.