აქვს თუ არა საქართველოს საკმარისი თავშესაფრები?! - კვირის პალიტრა

აქვს თუ არა საქართველოს საკმარისი თავშესაფრები?!

"კომუნისტების დროს აშენებულ კორპუსებში სარდაფები თავშესაფრებად არის გათვალისწინებული, მაგრამ ახლა ზოგან მაღაზიები აქვთ გახსნილი, ზოგან - კაფე-ბარები“

საქართველოს, რომელიც უმძიმეს გეო­პოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს და რომლის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას კი არა, არსებობასაც მუდმივად ემუქრებოდა საფრთხე, ტოტალური თავდაცვის ძალიან საინტერესო ტრადიციები ჰქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოჩნდა, რომ საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სექტორი თითქმის არ არსებობს. რას ითვალისწინებს სამოქალაქო თავდაცვა და რა საფრთხე ემუქრება მოსახლეობას მისი არარსებობის შემთხვევაში? ამ საკითხებზე გენერალ-მაიორი, ამჯერად გაუქმებული სამსახურის - სამოქალაქო თავდაცვის შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი თენგიზ შუბლაძე გვესაუბრება.

- სამოქალაქო თავდაცვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის­ ერთ-ერთი ფუნქციაა. ეროვნულ გვარდიასაც ეკისრება გარკვეული ფუნქციები ამ მიმართულებით. როგორც ვიცი, უსაფრთხოების საბჭოც მუშაობს ამ საკითხებზე.

- თქვენ ამ მუშაობის შედეგს ხედავთ? მე რატომ არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, თუ რომელიმე ქვეყანა თავს დაგვესხმება?

- თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვინც ეს არ იცის. ეს საკითხი არ არის ისეთი აქტუალური, როგორიც საჭიროა. პრობლემა მაშინ დაიწყო, როცა ეს საგანი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამიდან ამოიღეს. სულ ახლახან სკოლაში დაიწყეს სწავლება ასეთი საგნისა "თავდაცვა და უსაფრთხოება". სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თავი სწორედ სამოქალაქო თავდაცვას ეხება და ის ჩემი შედგენილია. ამ საქმეს თავდაცვის სამინისტრო უდგას სათავეში. თადარიგში მყოფი, დათხოვნილი ოფიცრები მოამზადეს სკოლებისთვის. უკვე მეორე პარტიას ატრენინგებენ. სხვათა შორის, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, თუნდაც ამერიკაში, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ, ის სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის სამ ან ექვსთვიან კურსს გადის. ზოგიერთ ქვეყანაში ამ კურსს თავდაცვის მინისტრები გადიან, ზოგან - პრემიერი...

ალბათ, გახსოვთ, 2008 წელს, ომი რომ დაიწყო, კახეთის გზატკეცილი ავტომობილებით გაივსო, არადა, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა... უპირველესად, თავშესაფარი უნდა მოვძებნოთ. უკრაინის მაგალითმაც აჩვენა, რომ ასეთ სიტუაციაში მეტრო ყველაზე კარგი საშუალებაა.

- ცნობილია, რომ სსრკ-ის ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი მიწისქვეშა დასახლება იყო. თბილისშიც­ არის "ბუნკერები", რომელთა შესახებ მოსახლ­ეობამ არ იცის. ახლა შეიძლება მათი გამოყენება?

- ბარათაშვილის ხიდთან რომ ღამის კლუბია - "ნაით ოფისი", ის კლასიკური ტიპის თავშესაფარია, მაგრამ... ბოტანიკურ ბაღთანაც იყო გვირაბი და ერთხანს იქაც ღამის კლუბი ფუნქციონირებდა. ახლა იქ რა ხდება, არ ვიცი. თავშესაფარი "ლაგუნა ვერესთანაც" არის, მაგრამ არც იქ ვიცი, რა ხდება. ორთაჭალაში იყო კამოს ქარხანა, რომელიც მშვიდობიან პერიოდში სასკოლო ინვენტარს უშვებდა, ომის დროს კი საარტილერიო ჭურვებისთვის ჰილზებს­ ამზადებდა. იქაც კარგი თავშესაფარი იყო. დღეს ეს ყველაფერი გაპარტახებულია. სხვათა შორის, კომუნისტების დროს აშენებულ კორპუსებშიც სარდაფები თავშესაფრებად არის გათვალისწინებული, მაგრამ ახლა ზოგან მაღაზიები აქვთ გახსნილი, ზოგან - კაფე-ბარები. ბოლო დროს თბილისში უამრავი ახალი სახლი აშენდა.­ თითქმის ყველა მათგანს აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი. კომერციულ დიდ სავაჭრო ცენტრებს ორი, ზოგს სამი სართულიც კი აქვს აშენებული მიწის ქვეშ. კარგი იქნებოდა, Uსახელმწიფოს ამ ფართების მფლობელებთან ხელშეკრულება გაეფორმებინა - თავდასხმის შემთხვევაში ფართი 24 საათში დაიცლებოდა და თავშესაფარი მოეწყობოდა.

- თუ თავდასხმის ობიექტი გავხდებით, რა შეგვიშლის ხელს, რომ ასეთ ადგილებს შევაფაროთ თავი?

- მიწისქვეშა ავტოსადგომები თავშესაფრად რომ ვარგოდეს, სხვა ხარისხის არმატურა და ბეტონი სჭირდება, ეს ყველაფერი კი მშენებლობის ფასს აძვირებს. სამწუხაროდ, დღეს თავშესაფრად­ არც ერთი მათგანი არ გამოდგება, მეტიც - თითოეული მათგანი ცოცხალი სამარეა. საომარი მოქმედებების დროს იქ ჩასვლაც კი საშიშია. რაც შეეხება საბჭოთა პერიოდში საგანგებოდ აშენებულ თავშესაფრებს, ბევრი მათგანი სხვაგვარად მოეწყო. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ისევ გადმოვაკეთოთ, მაგრამ ამას ფინანსები სჭირდება. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით სრულიად გამოუყენებელია მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები, გამოქვაბულები... ერთადერთი, რაც დაგვრჩა, მეტროპოლიტენია, მაგრამ მთელი თბილისი მეტროში ვერ ჩავა.

- თქვენი სამსახური როდის გაუქმდა?

- კი არ გაუქმდა, გადაკეთდა 2002 წელს. ჩაითვალა, რომ ომი აღარ გვემუქრებოდა და ძირითადი ყურადღება მიექცა­ მშვიდობიან სამსახურებს, შესაბამისად, სამოქალაქო თავდაცვის შტაბი შს სამინისტროს დაუქვემდებარეს და სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი დაარქვეს.

- ბოლო დროს ქალაქში შუშის შენობები მომრავლდა.

- ასეთ შენობას ჭურვის მოხვედრაც არ სჭირდება, სადმე ახლომახლოც რომ გასკდეს, შენობაში მყოფი ყველა ადამიანი მძიმე დღეში აღმოჩნდება. საომარი მოქმედების დროს სახლის ფანჯარასთან ან სარკესთან ახლოს ყოფნაც საშიშია, ჩვენ კი ავდექით და შუშის შენობები ავაშენეთ.

- სკოლაში რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს, როგორ უნდა დაიცვან თავი?

- არსებობს დანადგარი, რომელიც 10-15 წუთით ადრე გვატყობინებს დაბომბვის შესახებ. ეს ის დროა, როდესაც ადამიანმა უნდა მოასწროს აუცილებელი პირადი ნივთების, მათ შორის - პასპორტის აღება, შენობიდან გასვლა და მეტრომდე ან თავშესაფრამდე მიღწევა. მთავარია, ადამიანები მიმაგრებული იყვნენ რაიმე ობიექტზე. თუ ჭურვი შენობას მოხვდება, იქ თავის გადარჩენა ძალიან ძნელია. ამ დროს ერთადერთი საშუალება საყრდენ კედელთან დადგომაა, თუმცა მთლად საიმედო ესეც ვერ იქნება. არის კიდევ ერთი გზა - ევაკუაცია. უკრაინაში ევაკუაცია რომ დაეწყოთ, ბევრი ბავშვი და მოხუცი გადარჩებოდა.

- სადაც მეტრო არ არის, მაგალითად, სოფლებში, რა უნდა ქნას მოსახლეობამ?

- სოფლების დაბომბვა ნაკლებად სავარაუდოა. საომარი თავდასხმის დროს, ძირითადად, ისეთ ადგილებს ამუშავებენ, სადაც მართვის ცენტრები, აეროდრომები, ქიმიური ქარხნები, ჰიდრო ან ატომური ელექტროსადგურები, სამხედრო საწყობები ან სამხედრო ნაწილებია. არავის აქვს იმდენი ჭურვი, რომ სოფელ-სოფელ დაიწყოს ხალხის დაბომბვა.

- ამის გათვალისწინებით მართებულია ქარხნების, რკინიგზისა და სამხედრო ნაწილების ახლოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა?

- არ არის რეკომენდებული, მაგრამ... ადრე მსგავს ობიექტებთან 50-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი იყო. შემდეგ ხუთ კილომეტრამდე შეამცირეს, ბოლოს კი ზღვარი სულ მოშალეს.

- ჩვენი მსგავსი ქვეყნების მოქალაქეთა­ სამხედრო მომზადება ხომ არ არის სასურველი?­

- სასურველი კი არა, აუცილებელია. სხვათა შორის, აზერბაიჯანს 90 000-კაციანი რეზერვი ჰყავს. სომხეთსაც ჰყავს, ჩვენ კი ამ მხრივ ძალიან მოვიკოჭლებთ. ბოლო დროს დაიწყო ტოტალური თავდაცვის სისტემაზე ლაპარაკი, რაც რეზერვის გაძლიერებასაც ითხოვს. იმედი მაქვს, მალე სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება.

ხათუნა ბახტურიძე