"მე ჩემი უკრაინელი ბებიას "უნივერსიტეტი“ მაქვს გამოვლილი“ - კვირის პალიტრა

"მე ჩემი უკრაინელი ბებიას "უნივერსიტეტი“ მაქვს გამოვლილი“

"თეთრგვარდიელი გენერლის შვილობა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო, ამიტომ ძიძამ ბავშვს დასაცავად თავისი გვარ-სახელი მისცა და თითქმის 86 წელი ბებიაჩემმა გაატარა, როგორც გალა სიბორენკომ... დროისა და მანძილის მიუხედავად ბებია არასდროს წყვეტდა კავშირს თავის უკრაინელ მეგობრებთან“

"როდესაც ბაბუაჩემი გიორგი ნებიერიძე­ უკრაინაში მსახურობდა, ბებია გაიცნო და ჯარის შემდეგ საქართველოში წამოიყვანა. მას შემდეგ ჩვენი ოჯახის უკვე მესამე თაობა ცხოვრობს მშვენიერ ქვეყანაში, სახელად საქართველო...", - გვითხრა ნანა ნებიერიძემ, რომელიც უკრაინელი ბებიით ისე ამაყობს, რომ მეორე გვარად რაზუმოვსკაია აირჩია.

- ბებიას, ანა რაზუმოვსკაიას მამა, თეთრი გვარდიის გენერალი იყო, ხოლო დედა - ბალერინა. რევოლუციის დროს ბებია ძიძამ წაიყვანა, რომელიც უკრაინიდან იყო. იმ საშინელ ხანაში თეთრგვარდიელი გენერლის შვილობა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო, ამიტომ ძიძამ ბავშვს დასაცავად თავისი გვარ-სახელი­ მისცა და თითქმის 86 წელი ბებიაჩემმა გაატარა, როგორც გალა სიბორენკომ. როდესაც ბაბუაჩემი, გიორგი ნებიერიძე, უკრაინაში მსახურობდა, გაიცნო ბებია და ჯარის შემდეგ საქართველოში წამოიყვანა. მას შემდეგ ჩვენი ოჯახის უკვე მესამე თაობა ცხოვრობს მშვენიერ ქვეყანაში, სახელად საქართველო.

nana2-1648382198.jpg

- ბებია უკრაინაში ხშირად ჩადიოდა?

- რასაკვირველია, განსაკუთრებით ყირიმში უყვარდა დასვენება. როცა მამაჩემი­ წამოიზარდა, ისიც მისი მუდმივი თანამგზავრი გახდა. მამა ხშირად იხსენებდა დიდ თეთრ სახლს კოლონებით, სადაც ზაფხულს ატარებდნენ...

დროისა და მანძილის მიუხედავად, ბებია­ არასდროს წყვეტდა კავშირს თავის უკრაინელ მეგობრებთან. სახლში ხშირად უკრაინულად ლაპარაკობდა. დღემდე ანდერძად მაქვს უკრაინული კერძების მისე­ული რეცეპტები: ბორშჩი, დრანიკები, ვატრუშკები, პალანიცა, მისი საფირმო ალუბლის ვარენიკები... როცა ვამზადებ, მაქვს შეგრძნება, რომ ბებო სადღაც ახლოს, ჩემთან არის, შემოაღებს კარს, შემომხედავს და იტყვის: "Добре, внуча...“ სულ მენატრება და ხშირად, ყველაზე მძიმე წუთებში, მას ვთხოვ დახმარებას...

მე ბებიას "უნივერსიტეტი" მაქვს გამოვლილი. განსაკუთრებულია ის წესები,­ რომლებიც სულ პატარებს ჩაგვინერგა და ცხოვრების ნორმად გვიქცია, მაგალითად: - არასდროს არც ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ წახვიდე მშიერი (არავის­ გაგონებთ? ეჭვი მეპარება, რომ ბებიას "ქარწაღებულნი" ნანახი ჰქონოდა); არასდროს მიხვიდე მნიშვნელოვან შეხვედრაზე შიშველი ფეხებით (დიახ, დრეს კოდი მკაცრი იყო, ახლა კი ეს უკვე ჩემი დრეს კოდიც არის)... ბავშვობიდან გვასწავლიდა ეტიკეტის ნორმებს და ამას განსაკუთრებული ღირსებით აკეთებდა (როგორ იქცევი საზოგადოებაში, მეტყველებს არა მხოლოდ შენზე, არამედ დედაზე, მამაზე, ჩემზეო, - ამბობდა). ბებია მეუბნებოდა, ქალი ფერმკრთალი უნდა იყოს, უფრო მომხიბვლელი და იდუმალი მაშინ არისო. ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ, ასე მოვუარო თავს. ესეც ბებიას "უნივერსიტეტის" დამსახურებაა. მან მასწავლა თავის მოვლა. მას ურყევი წესი ჰქონდა: ყოველდღე, სამიდან ოთხის ნახევრამდე,­ სულ რომ ქვეყანა დაქცეულიყო, ისვენებდა, რათა გაასმაგებული ძალით ეკეთებინა თავისი საქმე... სხვათა შორის, ეს მეთოდი ამართლებს და თუკი ამის ფუფუნება გაქვთ, ყველას გირჩევთ.

- უკრაინაში დღესაც ბევრი ახლობელი­ გეყოლებათ...

- დღემდე ბევრი ჩემი ნათესავი ოდესაში ცხოვრობს. ძალიან ბევრი მეგობარია ახლა დნეპროპეტროვსკში, ხარკოვში, მარიუპოლში... ჩემი უახლოესი მეგობარი ამჟამად ხერსონში იბრძვის.

მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, როგორც კი პირველმა შოკმა გამიარა, საკუთარ თავს ვკითხე: "მერე რა უნდა გააკეთო, დაჯდე და იტირო, ინერვიულო, გააგრძელო ცხოვრება მაშინ, როდესაც იქ ჯოჯოხეთია?" უსაქმურად ნამდვილად ვერ დავჯდებოდი. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რა შემეძლო გამეკეთებინა უკრაინისა და უკრაინელებისთვის და მეგობრებმა დახმარების ფონდი შევქმენით ფალიაშვილის #60-ში, სადაც ყველა უანგაროდ ვმუშაობთ. ვაგროვებთ ბავშვთა საკვებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, პროდუქტებს... დღესდღეობით ეს არის ჩემი მთავარი საქმე. სხვა ყველაფერმა­ უკანა პლანზე გადაიწია: ოჯახმა, მეგობრებმა, ძაღლმაც კი. ამ ყველაფერს უკრაინის გამარჯვების შემდეგ დავუბრუნდები. ახლა კიდევ ერთი საზრუნავი გაგვიჩნდა - ადამიანები, რომლებიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდნენ. მათ სჭირდებათ დახმარება საცხოვრებლის, სამსახურის მოძებნა,­ ბავშვების სკოლასა თუ ბაღში ჩარიცხვა. მათ უნდათ ბევრი სითბო და სიყვარული, რომელსაც ნამდვილად გრძნობენ საქართველოში.

- რუსეთზე რას იტყვით?

- რუსეთი ოკუპანტია. დღეს ზღვარი ბნელსა და ნათელს შორის ძალიან აშკარაა. ყველა, ვინც დუმს, დანაშაულის თანამონაწილეა. დღეს რუსეთის ღირსებას იცავენ გოგო-ბიჭები, ჟურნალისტები, რომლებიც, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, ცდილობენ, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ, ასევე ის ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიოს ყველა წერტილში ბოდიშს იხდიან თავიანთი ქვეყნის საქციელის გამო და ცდილობენ, ყველა ღონე იხმარონ უკრაინის დასახმარებლად.

- საქართველოდან იგრძნობა უკრაინის მხარდაჭერა?

- საქართველო უკრაინას ძალიან დიდ მხარდაჭერას უწევს როგორც მორალურად, ასევე - მატერიალურად. ნებისმიერი ქართველისთვის ეს ომი არ არის განზოგადებული ფაქტი, ყველა ამბობს, რომ ეს მათი ომიც არის. ბევრი ქართველი შეუერთდა უკრაინელ ჯარისკაცებს და მათთან ერთად იარაღით ხელში იბრძვის თავისუფლებისათვის. აქაც ყველა ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის გამარჯვებაში. ზოგი მათ საკუთარ სახლს უთმობს, ზოგი ცდილობს, ბავშვები გაართოს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არიან. დიდი ხანია, საზოგადოების ასეთი ერთიანობა არ მინახავს. ეს ის მომენტია, როცა ყველა გიყვარს, როცა მეგობრისთვის არაფერი გენანება. ლამის მთელი საქართველო ახლა უკრაინისთვის ლოცულობს.