"რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენს ბედსაც გადაწყვეტს“ - კვირის პალიტრა

"რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენს ბედსაც გადაწყვეტს“

"ჩვენი ხელისუფლება ელოდება და არც ერთი მიმართულებით ხიდებს არ წვავს. ერთი მხრივ, ასეთი სიფრთხილე ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას ლახავს, მაგრამ, მეორე მხრივ, არ ვიცით, ხვალ ან ზეგ რა მოხდება, არ ვიცით, ბოლოს რა აღმოჩნდება სწორი და რა არასწორი"

"ომი არის უბედურება და დანაშაული,­ რომელიც ყველა უბედურებასა და დანაშაულს მოიცავს", - წერდა ფრანგი მოაზროვნე ფრანსუა ვოლტერი. ამ გამონათქვამის სიზუსტეში უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. ამ სა­კითხის შესახებ ჟურნალისტ ია ანთაძეს ვესაუბრეთ:

- განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ეს არის ომი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ყველამ იცის, რომ რუსეთს გაფართოების დოქტრინა ყოველთვის ამოძრავებდა; ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გავლენის აღდგენა მას ადრეც სურდა და ახლაც უნდა. სხვათა შორის, ამ დღეებში ძალიან საინტერესო მოსაზრება მოვისმინე: როგორც ჩანს, პუტინისთვის მეორე მსოფლიო ომი არ დამთავრებულა და ის დღესაც იცავს მონაპოვარს, რომელიც საბჭოთა ჯავშირს მეორე მსოფლიო ომში ჰქონდაო. ამიტომ მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ უკრაინა ამ ომს თავიდან ვერ აიცილებდა. რუსეთი, როგორც კი ძალებს მოიკრებს, მაშინვე ცდილობს, მეზობელ ტერიტორიებზე თავისი გავლენა გაავრცელოს. უკრაინისთვის ეს ძალიან მძიმე ომია, მაგრამ ამ ქვეყნის შვილებმა დაამტკიცეს, რომ აქვთ ძალა, შინაგანი მუხტი, რომ გაერთიანდნენ და სამშობლოს დამოუკიდებლობა დაიცვან. ეს დიდი ღირსებაა უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ამ ომიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა. მთელი გულით ვისურვებდი, რომ უკრაინის მიწაზე ბრძოლა შეწყდეს და ამ ქვეყანამ ომით რაც შეიძლება ნაკლები დაკარგოს.

- რას ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე შექმნილ სიტუაციაში?

- პოლიტიკურ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, რუსულმა აგრესიამ საქართველოსა და მოლდოვაზეც გადმოინაცვლოს, თუმცა რუსეთის ქმედებებს სხვა ქვეყნებიც დაძაბული ელოდებიან. მსოფლიოს არც ერთ კუთხეში მე არ მეგულება­ ადამიანი, რომელიც არ ფიქრობდეს, პუტინმა ატომური იარაღი რომ გამოიყენოს, ჩემი სახლი და მთელი ჩემი ცხოვრება დაინგრევაო. ამის გამო ევროპაშიც ღელავენ, ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს, დღეს ჩვენი მთავრობა ორი მიმართულებით მოქმედებს: თავის განცხადებებში სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე - ევროსაბჭოში, გაეროში თუ სხვაგან, ყველგან მხარს უჭერს უკრაინას. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება ელოდება და არც ერთი მიმართულებით ხიდებს არ წვავს. ერთი მხრივ, ასეთი სიფრთხილე ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას ლახავს, მაგრამ, მეორე მხრივ, არ ვიცით, ხვალ ან ზეგ რა მოხდება, არ ვიცით, ბოლოს რა აღმოჩნდება სწორი და რა არასწორი. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებული არ არის, რომ სიფრთხილე ქვეყნის ინტერესებით არის ნაკვები. საზოგადოების ნაწილი ეჭვობს, რომ ეს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილითაა ნაკარნახევი. მიუხედავად ამისა, ყველა ვაცნობიერებთ, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს, ოღონდაც თავისი ინტერესები და სურვილები დაიკმაყოფილოს. ის შეიძლება დროებით შეჩერდეს, იმის მიხედვით, რა შედეგი მოჰყვება უკრაინასთან ომს და ეკონომიკურ სანქციებს. ეს ომი ჩვენს ბედსაც გადაწყვეტს: თუ რუსეთი ისე დაზიანდება, რომ სხვა ქვეყნებისთვის ვერ მოიცლის, მის აგრესიას ჩვენც გადავურჩებით, მაგრამ თუ სანქციები მალევე მოიხსნება, თუ რუსეთი ისევ გაძლიერდება და თავისი განზრახვების ასრულებას განაგრძობს, დიდი საფრთხე დაგვემუქრება, თუმცა ჩვენთან ეს მაინცდამაინც არ იგრძნობა. გამოდის, რომ სხვები უფრო ზრუნავენ ჩვენზე, ვიდრე ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ უსაფრთხოებაზე.

- როგორ აფასებთ "ალტ-ინფოს", რომელიც მედიასაშუალება იყო და ახლა პრორუსულ პოლიტიკურ ძალად გადაიქცა?

- მათი იდეები ჩემთვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის თავისუფლების მომხრე ვარ და მისი შეზღუდვა სწორად არ მიმაჩნია. ათასგვარი მექანიზმი არსებობს, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ აამუშაოს და საზოგადოებაზე ასეთი მავნე იდეების ზეგავლენა შეამციროს. გაცილებით მეტი შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას - ამის საუკეთესო მაგალითი იყო გურია, სადაც მათ ოფისების გახსნა კი არა, დაქირავებაც ვერ შეძლეს... მათი საქმიანობა ბევრ კითხვას აჩენს, ამიტომ, სხვების მსგავსად, მეც ვფიქრობ, ეს ჯგუფი ყველაფერს ანგარებით ხომ არ აკეთებს?

ხათუნა ჩიგოგიძე