"უკრაინელებმა მატერიალიზმზე გადასული მსოფლიო 180 გრადუსით შემოაბრუნეს და მთავარ ფასეულობად სამშობლო და თავისუფლება აქციეს“ - კვირის პალიტრა

"უკრაინელებმა მატერიალიზმზე გადასული მსოფლიო 180 გრადუსით შემოაბრუნეს და მთავარ ფასეულობად სამშობლო და თავისუფლება აქციეს“

"უკრაინა დღეს ჩვენს გადასარჩენად იბრძვის, უფრო მეტიც - მთელი დედამიწის გადასარჩენად. ახლა გვაქვს შანსი, რომ საქართველო ამ ბოროტი ძალისგან გათავისუფლდეს და მასთან ერთად გათავისუფლდეს მთელი ცივილიზებული მსოფლიოც... ჩვენ სწორედ ახლა გვჭირდება მხნეობა, სიმამაცე და რაინდობა, რომ სიკეთის მხარეს დავდგეთ..."

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა თითქოს ყველა ტკივილი გააცოცხლა, რომელიც საქართველომ ბოლო ათწლეულებში გამოცადა და­ გამოიარა. მსახიობი ნანა ბუთხუზი, უკრაინაში შექმნილ სიტუ­აციას ძალზე ემოციურად აფასებს.

- რუსეთი ისტორიულად დამპყრობელი და მოძალადე ქვეყანაა. ვისაც მათი ჯარისკაცების სიმხეცე უნახავს, დამეთანხმება, რომ მათთვის ადამიანური ფასეულობები უცხოა, რომ მათ მორალი არ აქვთ! ცხოველებსაც კი აქვთ წესები, რომელსაც ემორჩილებიან, ამ ქვეყანას კი - არა. რუსეთის არსებობის დღიდან დღემდე არაფერი შეცვლილა, მხოლოდ სამოსს და გარეგნობას იცვლიან, მათი აზროვნება კი არ იცვლება... ახლა ჩვენს მოძმე ქვეყანაში, რომლისგანაც ბევრი სიკეთე გვახსოვს, ასეთი მდგომარეობაა, ჩვენ კი გვგონია, რომ რაც იქ ხდება, ჩვენ არ გვეხება...

- საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ უმჯობესია, რუსეთი არ გავაღიზიანოთ.

- რუსეთს გეოგრაფიულად ყველაზე დიდი ტერიტორია აქვს, მაგრამ მაინც ვერ კმაყოფილდება. ამ ქვეყანას ფასეულობები არა აქვს და როცა ხედავს, რომ მისი მონა არ ხარ, ეს ყველაზე მეტად აბრაზებს. მტერი სულ გვეპოტინება და თავს არ გვანებებს - ხან ერთმანეთს წაგვკიდებს, ხან მეხსიერებას წაგვიშლის, მერე ერთმანეთს გვაძულებს და გვახოცვინებს! წლებია, მის გამო ერთ წრეზე ვტრიალებთ, არ მოგვშორდა, თავი არ დაგვანება და სანამ სული უდგას, ალბათ, არც დაგვანებებს! ბევრი ფიქრობს­, რომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ გვეშინოდეს და ჩვენს პრინციპებს არ ვუღალატოთ. სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვია, მტერმა ჯოჯოხეთად გადაგვიქცია. უკრაინა დღეს ჩვენს გადასარჩენად იბრძვის, უფრო მეტიც - მთელი დედამიწის გადასარჩენად. ახლა გვაქვს შანსი, რომ საქართველო ამ ბოროტი ძალისგან გათავისუფლდეს და მასთან ერთად გათავისუფლდეს მთელი ცივილიზებული მსოფლიოც. დიახ, ამ ბოროტებას თითქოს დასასრული არ აქვს, მაგრამ ის როგორმე უნდა დამთავრდეს. უკრაინელები მასთან ბრძოლაში წინა ხაზზე არიან, ისინი გმირები არიან, ჩვენ თვალწინ თითქოს შუა საუკუნეების რაინდები გაცოცხლდნენ. ერთი თვის წინ მთელი სამყარო მატერიალურ ფასეულობებზე ფიქრობდა, მთავარი საზრუნავი იყო, ვინ როგორი მანქანა ან ტელეფონი იყიდა, ვის რამდენი აქვს ხელფასი და ა.შ. უკრაინელებმა მატერიალიზმზე გადასული მსოფლიო 180 გრადუსით შემოაბრუნეს და მთავარ ფასეულობად სამშობლო და თავისუფლება აქციეს.

- რუსული პროპაგანდა ცდილობს, ეს ომი უკრაინულ მხარეს გადააბრალოს.

- მათ ხომ ყველაფერი სიცრუეზე აქვთ აგებული. ერთმანეთს გვაძულებენ და არარსებულს გვაჯერებენ, რადგან იციან - თუ მედგრად დავდგებით და არ შეგვეშინდება, თუ მთელი მსოფლიო სიკეთისა და თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანდება, აუცილებლად დამარცხდებიან. ჩვენ სწორედ ახლა გვჭირდება მხნეობა, სიმამაცე და რაინდობა, რომ სიკეთის მხარეს დავდგეთ. ამის მაგალითს უკრაინელები ყოველდღე გვიჩვენებენ. არ უნდა გეშინოდეს, რომ "ბუა" მოვა და შეგჭამს. ხომ არ შეიძლება, ადამიანმა სულ შიშით იცხოვროს?!

- საქართველოში დიდი კამათია "ალტ-ინფოს" ირგვლივ, რომელიც კონსერვატორულ იდეებს ქადაგებს, თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ მათი იდეები პრორუსულია...

- მაინტერესებს თუ არსებობს გამოკითხვა, ჩვენი მოსახლეობის რამდენ პროცენტს სჯერა ამ ხალხის? ხომ შეიძლება დადგინდეს, რამდენი პროცენტი ემხრობა "ალტ-ინფოს", "კონსერვატიულ მოძრაობას" და სხვა პოლიტიკურ ძალებს! მე ერთი რამ ვიცი: თუ მართალი და ძლიერი ხარ, არ იძალადებ, თუ მართლა პატრიოტი ხარ, რატომ მემუქრები, ან რაში მჭირდება რუსთაველზე ძალით აღმართული ჯვარი, თუ ეს ჯვარი მერე თავში უნდა ჩამარტყა?! იქნებ, მე ეს ჯვარი გულში მაქვს და ის სხვებისთვის უხილავია? როცა ძალადობ, შენ არ ხარ სუფთა გულით და სიმართლით მოსული, არ ხარ ის ძალა, რომელიც სიკეთესა და სიმართლეს ემსახურება. მე მათი არ მჯერა, რადგან მოძალადეები არიან - ეს მათ 5 ივლისს დაამტკიცეს. რაც იმ დღეს რუსთაველზე მოხდა, არ არის ქართული მოვლენა, ამიტომ ეს ძალა ასპარეზიდან ისე გაქრება, ვერც კი გავიგებთ. საქართველოში მოღალატეები ყოველთვის იყვნენ, უბრალოდ, ახლა მკაფიოდ გამოჩნდნენ, მაგრამ ახლა მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ. იმედიანად ვარ, რადგან როცა მართალი ხარ, როცა სუფთა ზრახვები გაქვს, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ახლა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლაა გამართული, რომელშიც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. უკრაინა უკვე გამარჯვებულია. ეს არის წმინდა გზა, რომელიც იოლი არ არის. ეს სიცოცხლისა და სიყვარულის გზაა, რომელიც სიკეთის გამარჯვებამდე მიდის!

ხათუნა ჩიგოგიძე