"ამ ნახატებით მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ და უკრაინას საერთო მტერი გვყავს!“ - კვირის პალიტრა

"ამ ნახატებით მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ და უკრაინას საერთო მტერი გვყავს!“

"უკრაინელების დასახმარებლად სხვადასხვა აუქციონსა და პლატფორმაზე გასაყიდად მაქვს შეთავაზებული ჩემი ნახატების პრინტები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ეხება. ამ ნახატებით მინდა ყველას გავახსენო, რომ ჩვენ და უკრაინას საერთო მტერი გვყავს", - ამბობს მსოფლიოში აღარებული ქართველი მხატვარი ეთერ ჭკადუა, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არაერთი ნამუშევარი მიუძღვნა.

ეთერ ჭკადუამ ამერიკიდან თავისი ემოციები გაგვიზიარა:

- თუ გვინდა ჩვენი შემოქმედება ხელოვნების ისტორიის ნაწილი გახდეს, გულწრფელი ემოციებით ისეთი ნიმუშები უნდა შევქმნათ, რომლებიც დღევანდელობას ასახავს. ხელოვნება არის ყველაზე ძლიერი იარა­ღი გონების გახსნისა და წინსვლისთვის... განუწყვეტლივ უნდა მივუძღვნათ გამოფენები რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ამით ჩვენი ტერიტორიების დამპყრობელ რუსეთის მმართველებს დავამარცხებთ­, რადგან მათი შვილები, შვილიშვილები ჩვენს ხელოვნებას ნახავენ. ისინი გაეცნობიან თავიანთი ქვეყნის სისასტიკეს მეზობელი ქვეყნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობის რუსი პოლიტიკოსები გაიზრდებიან უფრო შეგნებულები, ვიდრე მათი საბჭოთა კავშირის გადმონაშთი პოლიტიკოსები არიან.ჩემი ნახატებით და მათზე დაწერილი ტექსტებით ბევრმა გაიგო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ. ეს არის ჩემი წარმატება, რითაც ვამაყობ! ჩემი ნახატი "\შავი ზღვა"“ნიუ-იორკში გაეროს ოფისში, საქართველოს ელჩის კაბინეტში ეკიდა. ელჩმა მითხრა, რომ იქ შეხვედრებზე მისულ უამრავ პოლიტიკოსსა და დიპლომატთან საუბარი სწორედ ამ ნახატით იწყებოდა, ანუ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით."შავი ზღვა"“და "\სნაიპერი" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დავამთავრე. რუსეთ-საქართველოს ომამდე ცხრა თვით ადრე იამაიკაში ვიყავი. ერთ დღეს იქ დიდი ბრიტანეთის გაზეთი თჰე Gარდიან-ი გადავშალე და ჩემი ყურადღება გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილმა ფოტომ მიიპყრო. მაშინვე მეცნო შავი ზღვის სანაპირო და სოხუმი... სტატიაში ეწერა, რომ ამ რეგიონში სერიოზული კონფლიქტი იყო მოსალოდნელი. მაშინ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსეთი ომს აპირებდა, მაგრამ ვარაუდობდნენ, რომ კონფლიქტი აფხაზეთში მოხდებოდა, არ იცოდნენ, თუ ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში იგეგმებოდა. მხოლოდ The Guardian-ის ეს სტატიაც საკმარისია იმ აბსურდის გამოსარიცხავად, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო! იმედია, ვინც დღეს უკრაინის შესახებ პუტინის ტყუილებს ისმენს, ხვდება, რომ მაშინ ესეც კრემლის პროპაგანდა იყო. წარმოუდგენელია, რომ ამას ქართველებიც იმეორებენ... საქართველო პატარა ქვეყანაა, დღესაც ბევრმა ამერიკელმა­ არ იცის, სად მდებარეობს. ზოგიერთმა­ ჩვენი ქვეყნის არსებობის შესახებ ამ ომის დროს ტელევიზიით გაიგო,­ ამიტომ სულ უნდა ვიხმაუროთ და მსოფლიოს შევახსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. უკრაინა უფრო დიდი ქვეყანაა. უკრაინას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს.

- უკრაინაც ვერ იღებს, რასაც ითხოვს...

- ადვილია თქმა და მოთხოვნა, ომი შეაჩერეთო... უკრაინის ცის დაკეტვა ნიშნავს, რომ ნატო და ამერიკა ომს უცხადებენ რუსეთს, ამ შეთხვევაში კი მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია, რასაც მილიონობით ადამიანი შეეწირება. ამერიკაში ყველა დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შეშლილი მონსტრია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ბუნებრივია, რომ საქართველოს რუსეთის თავდასხმის ეშინია, მაგრამ თუ ეს შიში არ დავძლიეთ და სწორი პოზიცია არ ავირჩიეთ, თუ არ დავდექით ევროპელების გვერდით, სულ რუსეთის შიშით მოგვიწევს ცხოვრება! ახლა გადაწყდება, ჩვენ ვინ ვართ, ვის მხარეს ვართ და როგორი იქნება ჩვენი მომავალი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რა მაგალითს დავუტოვებთ ახალგაზრდა თაობას - თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვას თუ კრემლის ურჩხულების მიმართ მორჩილებას!

- ხელოვნებაში როგორ აისახა ეს ომი?

- გალერეებსა და მუზეუმებში გამოფენები ერთი-სამი წლით ადრე იგეგმება, ასე რომ, ამ თემაზე გამოფენები ჯერჯერობით არ გამართულა, თანაც ხელოვნების ნიმუშების შექმნას დრო სჭირდება. რამდენიმე ადგილას გაიმართა უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატავიდა დასახმარებელი ღონისძიებები. მე შევკრიბე რამდენიმე ამერიკელი არტისტი და ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ უკრაინელებისთვის ახლო მომავალში. უკრაინელების დასახმარებლად სხვადასხვა აუქციონსა და პლატფორმაზე გასაყიდად მაქვს შეთავაზებული იმ ჩემი ნახატების პრინტები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ეხება. ამ ნახატებით მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ და უკრაინას საერთო მტერი გვყავს.

"შავი ზღვა - 2007-2008"

savi-zgva-1648383249.jpg

ეძღვნება ჩემი დედის დეიდების, მასწავლებლების, ტატიანა და თამარა სოტკილავების ხსოვნას, რომლებიც რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდისგან თავის დასაღწევად უღელტეხილზე გადასვლისას ტრაგიკულად დაიღუპნენ. სოხუმი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ყველაზე დიდი ქალაქია. 1992 წელს, უთანასწორო ბრძოლის შედეგად, რუსეთმა სოხუმი დაიპყრო. 1993 წლიდან მათ მიერ ოკუპირებულია აფხაზეთის დანარჩენი ზღვისპირა ქალაქები და სოფლები: ოჩამჩირე, გაგრა, ბიჭვინთა, გალი, ოტობაია.ნახატი დასრულებულია 2008 წლის ივლისში, ერთი კვირით ადრე, ვიდრე რუსეთის 58-ე არმია საქართველოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში, შემოიჭრებოდა. რუსებმა დაიპყრეს ახალი ქართული ტერიტორია და ათასობით ადამიანი დევნილად გადააქციეს.

"მყვინთავი 2009"

ეს Nნახატი ეძღვნება რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ჯარისკაცებს. 2009 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დამთავრების ზუსტად წლისთავზე, რუსეთმა საფრანგეთთან გამართა მოლაპარაკება 19 500-ტონიანი გიგანტური სამხედრო გემის, "მისტრალის" შესაძენად. რუსეთის ხელში ეს ხომალდი უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს და რუსეთის სხვა მოსაზღვრე პატარა ქვეყნების სუვერენიტეტს. სარკოზის მთავრობის მიერ "მისტრალის" რუსეთისთვის მიყიდვა უკიდურესად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფრანგეთი რუსეთ-საქართველოს ომში ცეცხლის შეწყვეტის შუამავალი იყო.ჩემს ნახატზე შავი ზღვის ტალღებში მყვინთავი სწორედ ამ "მისტრალს" აფეთქებს. უკრაინასთან რუსეთის ახალი ომის გამო საფრანგეთის მთავრობამ რუსეთს "მისტრალი" აღარ მიჰყიდა - ეს შეთანხმება 2014 წელს უკრაინაში რუსული­ აგრესიის შემდეგ ჩაიშალა.