"ჩემი მიზანი მომაკვდავი ალისთვის მიცემული პირობის შესრულებაა“ - კვირის პალიტრა

"ჩემი მიზანი მომაკვდავი ალისთვის მიცემული პირობის შესრულებაა“

წლების წინ თბილისის იპოდრომზე იმ დროისთვის ერთადერთი გოგონა მხედარი­ ირინა აფხაიძე გულამოსკვნილი დაჰქვითინებდა მკვდარ ცხენს, სახელად ალის. ლეგენდარული ალი არა მხოლოდ გარეგნობით, ხასიათით და სპორტული მიღწევებითაც­ გამორჩეული იყო. ორ კვირაში საერთაშორისო ტურნირზე უნდა გასულიყვნენ. როგორც ამბობენ, ალის კუჭის წყლული ჰქონდა, მიზეზს დროულად ვერ მიუხვდნენ და ვერც მკურნალობა შეძლეს. იმ დღეს ირინამ გადაწყვიტა, მხედრის კარიერაზე უარი ეთქვა და ვეტერინარი გამხდარიყო.

- ბოლო წლებში, საქართველოში ისევ პოპულარული გახდა ცხენოსნობა. ძვირფასი ცხენების ყოლა სურთ, მაგრამ თუ ვეტერინარია არ გაქვს, ცხენის შეძენას აზრი არ აქვს. ამიტომაც ვუთხარი ჩემს თავს, რა აზრი აქვს შენს მხედრობას, თუ საყვარელ ცხენს ვერაფერს უშველი და ნაადრევად მოგიკვდება? როდესაც აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ ფაკულტეტზე ცხენთან დაკავშირებით კითხვები გამიჩნდა, მირჩიეს, ძაღლზე, კატაზე და სხვებზე გამემახვილებინა ყურადღება, ცხენისა არაფერი­ ვიცითო. ცხენისთვის დიაგნოზის დასმა და მკურნალობა პრობლემაა ქვეყანაში, სადაც უხსოვარი დროიდან ცხენის კულტი იყო! ორი წლის განმავლობაში, სანამ ვსწავლობდი, ვეძებდი გზას, წავსულიყავი ისეთ ქვეყანაში, სადაც, როგორც ვეტერინარი, ცხენს საუკეთესოდ შევისწავლიდი.

"წარმატებას ალის მივუძღვნი"

- თუ რამეს გულით მოინდომებ, მთელი სამყარო გეხმარებაო - ამას დღემდე ვგრძნობ და, საერთოდ, ჩემი ცხოვრება თავგადასავალია, ხუთი წლიდან მოყოლებული, "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" რომ ვნახე და ბოროტმა დედინაცვალმა შემაშინა, დავმუნჯდი. რომ არა შესანიშნავი ფსიქოლოგი­ დავით ზესაშვილი, არ ვიცი, ენას ოდესმე თუ ამოვიდგამდი. საბედნიეროდ, მერე აღარაფრის შემშინებია, მაშინაც კი, ცხენიდან პირველად რომ გადმოვვარდი და კინაღამ მოვკვდი. ჩემს ცხოვრებაში ცხენი 6 წლის ასაკიდან გაჩნდა. პირველ ცხენს პოლიმერი ერქვა, შემდეგ იყვნენ ცნობილი პაგი და დაუვიწყარი ალი. ცხენის გარეშე­ სიცოცხლე არ შემეძლო და ამიტომაც ვარ აქ, გერმანიაში, პოლ შოკემიულეს თავლებსა და კლინიკაში და, ვსწავლობ იმას, რაც საქართველოში ცხენოსნობის განვითარებას სჭირდება. შემეძლო სხვა სპეციალობა ამერჩია, მაგრამ ჩემი მიზანი მომაკვდავი ალისთვის მიცემული პირობის შესრულებაა. როდესაც მიზანს მივაღწევ, წარმატებას მის ხსოვნას მივუძღვნი.

გერმანიაში სწავლის უფლების მოსაპოვ­ებლად ენის სპეციალური კურსი უნდა გაიარო. ეს იაფი არ ჯდება. დიდი თანხა სჭირდებოდა სტუდენტურ ვიზასაც. უკარგესი­ ადამიანების დახმარებით ფული მოვაგროვე და მე და ჩემი მეუღლე, ცნობილი ცხენოსანი გაგა თოხაძე ჰანოვერში ჩავედით. ერთი კვირის შემდეგ გაგა საქართველოში­ დაბრუნდა და დაიწყო ჩემი გერმანული ოდისეა...

„მიჰყევი შენს ოცნებებს“

- ცოტა ხნის წინ მკლავზე გერმანულად დავიწერე: "მიჰყევი შენს ოცნებებს". რატომ გერმანულად? ჩემი მთავარი ოცნება ამ ენაზე სრულდება. მეამაყება, რომ შოკემიულეს მრავალრიცხოვან გუნდში ერთადერთი ქართველი ვარ. გერმანია არის ქვეყანა, სადაც­ პატივს სცემენ შრომას­ და თუ დარწმუნდებიან, რომ გულწრფელიც ხარ, მთელი ცხოვრება გიერთგულებენ. მსოფლიოში­ უდიდესი თავლების კომპლექსში საუკეთესო ცხენები გამოჰყავთ. შობადობის სეზონზე 800-ზე მეტი კვიცი ჩნდება­. ლეგენდარული ცხენების, შაკობლუს და ტოტილასის გაყინული სპერმით დღემდე ამრავლებენ მათ მოდგმას. ცხენებს მშობიარობაში ვეხმარები, ვესწრები და ასისტენტირებას ვუწევ ართროსკოპიების, გადაუდებელი ოპერაციების დროს. ვსწავლობ სპორტულ ორთოპედიას, კვიცების მედიცინას. კლინიკაში მასტერ-კლასებს მართავენ ვეტერინარიის ღმერთად წოდებული ფრანგი ქირურგი ფაბრის როსინოლი და სხვა ცნობილი ვეტერინარები. ბედნიერი ვარ, რომ შოკემიულეს კლინიკაში სამუშაოს საძებნელად მისულმა ქირურგ-ორთოპედ შტეფან ლუმპეს, ფაქტობრივად, ხუთ წუთში მოვუყევი ჩემი ბიოგრაფია და დამაჯერებლად დავაყოლე, ხელმოცარული უკან ვერ დავბრუნდები-მეთქი. სამი დღით დარჩი, გამოგცდითო და როდესაც მითხრეს, რომ სამუშაოდ მტოვებდნენ, სიცილ-ტირილის ისტერიკა დამემამართა.

შოკემიულედან უნივერსიტეტამდე

- უნივერსიტეტში სწავლა კარგა ხნის დაწყებული მექნებოდა, რომ არა "კოვიდი". შეზღუდვის მოხსნისთანავე საბუთები საშუამავლო კომპანიას გადავეცი - რადგან ევროკავშირელი არ ვარ, უფლება არ მაქვს­, უნივერსიტეტში საბუთები პირდაპირ მივიტანო. ერთ დღესაც ბერლინის უნივერსიტეტიდან დამირეკეს, მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენთან ისწავლით, მაგრამ ერთი წელი ეს ვერ მოხერხდება, თქვენი საბუთები ერთი კვირით გვიან მოგვივიდა და ამასობაში ადგილები სულ შეივსოო... დრო რომ არ დამეკარგა, ერთი გზა მრჩებოდა - უნივერსიტეტამდე მოსამზადებელ კურსზე სწავლა. შეგიძლია პრაქტიკა და თეორია ერთად გაიარო. პრაქტიკულ კურსში ხელფასს იხდიან, რაც ძალიან მჭირდება, რადგან სხვა შემოსავალი არა მაქვს. სხვა კლინიკებისთვის უნდა მეთხოვა შერეულ მოსამზადებელ კურსზე დახმარება, რადგან არსებობის 33-წლიანი ისტორიის მანძილზე, შოკემიულეს მსგავსი­ რამ არ ჰქონია. მოულოდნელად ჩემმა უფროსმა შტეფანმა თქვა, ირინასთვის შევქმნით ვაკანსიასო. რამდენიმე დღეში საბუთები მომივიდა, სასტუმროც დაგიქირავეთ, ერთი კვირა­ თეორიის სასწავლებლად წახვალ, ორი კვირა კი კლინიკაში პრაქტიკულ კურსს გაივლიო. ხომ აშკარად მეხმარება სამყარო მიზნის მიღწევაში? ერთი წლის შემდეგ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ან ჰანოვერში ვისწავლი.

გერმანელები და საქართველო

ხშირად მეკითხებიან, საქართველო რა ქვეყანაა? მეც ვპასუხობ, მოძებნეთ, "გუგლში", მერე კი იმოგზაურეთ.“გერმანულად გეორგიანეს თუ მოიძიებთ, ამოგიყრით საქართველოს ფოტოებს, მათ შორის, ბერის ფოტოს ყაზბეგიდან, მაგრამ სამოსის მიხედვით ასკვნიან, რომ საქართველო ტერორისტების ქვეყანაა.­ მე ვცხარდები: ეს ბერია, ჯვრით დადის, საქართველო უძველესი ქრისტიანუ­ლი ქვეყანაა, ბერი კი სიმბოლოა, ღვინისა და ხორბლის სამშობლოა... ქეთი მელუა, ხატია ბუნიათიშვილი ქართველები არიან... თვალები უფართოვდებათ, უკვირთ, რომ ჩვენი ენა და დამწერლობა გვაქვს.

გერმანია ჩემთვის შოკემიულეს კლინი­კის გუნდია, კიდევ, ის ავტობუსის კომპანიაა, ერთ ქარიან დღეს რომ გამაოცა: ტყისპირა კლინიკაში წასულს მეგონა, უკან ჩვეულებრივად წამოვიდოდი, თურმე, ავტობუსის კომპანიას უნდა დაურეკო და გაჩერებაზე მოგაკითხავს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ავტობუსი რომ არ მოვიდა, იქვე ვიკითხე, ჰანოვერში როგორ დავბრუნდე-მეთქი. მასწავლეს, რომ უნდა დამერეკა. დავრეკე და, ავტობუსებმა უკვე დაამთავრეს მუშაობაო. სიმწრის ცრემლი მომერია. უცებ რეკავენ, მგზავრს ტელეფონი დარჩა და ავტობუსმა­ უნდა მიაკითხოს, ისევ გაჩერებაზე თუ ხართ, გამოგივლითო. ხომ შეეძლოთ, არ დაერეკათ? მაგრამ ამ ქვეყანაში გულგრილობა არ შეუძლიათ... ჩემთვის გერმანია ის გოგოა, ჰანოვერში ბინა რომ მომაქირავა. ბინა ჩასვლამდე უნდა შეარჩიო, შეთანხმდე უამრავ დეტალზე, მე კი განცხადების ავტორს პირდაპირ მივადექი, ქუჩაში ვრჩები-მეთქი. ბინის პატრონი ესპანეთში მიდიოდა. სანამ ფულს გადავიხდიდი, გასაღები დამიტოვა და წავიდა - უბრალოდ მენდო... ჩემთვის გერმანია მარტინაა, რომელიც ჩემსავით მდგმური­ იყო. ჰანოვერში სადოქტოროზე­ მუშაობს, თან მუსიკოსია და თავისი ბენდი ჰყავს. მზიანი, კაშკაშა­ ადამიანია. მაღაზიაში წამიყვანა, რომ თბილი ქურთუკი მოეზომებინა, ჩრდილოეთ გერმანიაში თხელ ქურთუკში გაიყინებიო. საშობაოდ კურიერს გამოატანა­ დიზაინერის ხელით შეკერილი, მოდური ქურთუკი, რომლის ყიდვასაც მანამდე ვერ შევძლებ, ვიდრე მაღალანაზღაურებადი ვეტერინარი არ გავხდები... გერმანია ჩემთვის პოლ შოკემიულეა, რომელმაც უკრაინიდან ოთხი ავტობუსით ჩამოიყვანა დევნილები და თავის სასტუმროებში დააბინავა, ქალებს ფსიქოლოგიც მიამაგრა, ბავშვებს კი, რეაბილიტაციის მიზნით, სრული სამოთხე მოუწყო... მეკითხებიან ხოლმე, მანდ ძალიან ბედნიერი ხარ და დაბრუნდები? რა თქმა უნდა, დავბრუნდები. მე საქა­რთველოშიც ბედნიერი ვიყავი, ახლა მინდა ჩემს ქვეყანასა და ცხენებს გამოვადგე - მე ხომ პირობა მივეცი ალის და ჩემს მეუღლეს­, რომელთან ურთიერთობაც ჩემს საქმეს შევწირე, მაგრამ ის დღესაც ჩემი მეგობარია და აქ რომ ვარ, ყველაზე მეტად მისი დამსახურებაა.