"უკრაინელო მეომარო ქალბატონო, რომელმაც ეს ამანათი მიიღე M.G.-სგან, გვინდა, იცოდე, რომ..." - კვირის პალიტრა

"უკრაინელო მეომარო ქალბატონო, რომელმაც ეს ამანათი მიიღე M.G.-სგან, გვინდა, იცოდე, რომ..."

"უკრაინელო მეომარო ქალბატონო, რომელმაც ეს ამანათი მიიღე M.G.-სგან, გვინდა, იცოდე, რომ ჩვენ შენ გვიყვარხარ და ვამაყობთ შენი სიმამაცით. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!" - ეს წერილი დიზაინერმა მეგი გაბუნიამ უკრაინელ მეომარ ქალბატონებს თავისი ბრენდის სამოსთან ერთად გაუგზავნა. ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ქართველმა დიზაინერმა გადაწყვიტა, უკრაინელი მებრძოლი ქალებისადმი თავისი თანადგომა გამოეხატა. მეგი, თავისი სახელობის ბრენდის გარდა, ცნობილია სხვადასხვა ორიგინალური პროექტით. ყველას ახსოვს 2018 წელს მოხუცი ბებიების ფოტოებით აჭრელებული სოციალური ქსელი. მაშინ დიზაინერმა თავის 91 წლის ბებიას და მის 83 წლის მეგობარს ახალი კოლექციის სამოსი მოარგო. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ხმაურიანი ფოტოპროექტი იყო, სახელწოდებით "გაუთბე სიბერე".

ფოტოგადაღებებზე ანჟელა ბებია იხსენებდა: "გაჭირვება და სიღატაკე მაშინ იყო, თუ იყო... 1939 წელს ომი დაიწყო, ქვეყანა აირია... 200 გრამი პური გვქონდა დღეში, საწყალ დედაჩემს კი რვა შვილი ვყავდით სარჩენი, ქმარი არ ჰყავდა. თუმცა ყველაფერი გადავიტანეთ და ბედს არ ვემდური. ახლა რვა დედმამიშვილიდან ორნიღა ვართ - მე და ჩემი ნაბოლარა და. ჩემი ცხოვრების მადლიერი ვარ, შვილები, შვილთაშვილები მყავს".“იმ გადაღებებიდან ოთხი წლის შემდეგ მეგი გაბუნიას მთავარი ადრესატები ომის გმირები არიან.

abjar2-1648386269.jpg

"ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მომარაგება შევაჩერეთ"

- ომის დაწყებისთანავე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ქალებიც შეიმოსნენ საბრძოლო ტანისამოსით და ქვეყნის დასაცავად მზადყოფნა გამოაცხადეს. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. მინდოდა გულში ჩამეკრა ისინი და ჩემი თანადგომა გამომეხატა. სასწრაფოდ გავამზადე ამანათები, სადაც ის სამოსი ჩავალაგე, ჩვენი ის კოლექცია, რომელიც საბრძოლო სამოსთან ასოცირდება და სტილისტურად საბრძოლო სულს გამოხატავს. ამანათებს ახლდა წერილი, რომელიც საკუთარი ხელით დავწერე სამ ენაზე - ქართულად, უკრაინულად და ინგლისურად.

- უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ბრედმა რუსეთის სამომხმარებლო ბაზარზე თავისი გაყიდვები გააჩერა.

- ჩვენი ბრენდი M.G. MEGI GABUNIA-ს კოლექციები იყიდება ამერიკის, ევროპის, ისრაელის, ყაზახეთის, სომხეთის, რუსეთისა­ და უკრაინის შოურუმებში. გაყიდვა პროცენტულად რუსეთის ბაზარზე უფრო დიდი იყო, ვიდრე უკრაინის ბაზარზე, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მომარაგება შევაჩერეთ. სამწუხაროდ, პროდუქციის რეალიზაცია უკრაინაშიც შეუძლებელია...

abjar3-1648386269.jpg

"ისტორიის მცველები“

"ისტორიის მცველები" - ასე ჰქვია დიზაინერის ერთ-ერთ პროექტს, რომელიც ქართულ საბრძოლო ხელოვნებასა და მასთან დაკავშირებულ ჩაცმულობას აერთიანებს.

მეგი გაბუნია: „2016 წელს ფილმზე ვიმუშავე - XVI საუკუნის საქართველოს ისტორია გადავიღეთ. მე კოსტიუმების მხატვარი ვიყავი. ყველა კოსტიუმი, აბჯარი თუ სხვა აქსესუარი მე შევქმენი და დიდი შრომა და სიყვარული ჩავაქსოვე. რკინის, ნატურალური ბეწვის, ტყავისა თუ ქსოვილების დამუშავება ხელით მიწევდა. ისტორიამ ისე ჩამითრია, მოგვიანებით დამებადა იდეა, თანამედროვე სამოსში ბრძოლების თემა გამომეყენებინა. მეგობრების დახმარებით დავდგით წარმოდგენა ფოტოგადაღებისთვის და გავაცოცხლეთ XIV-XVI საუკუნეების საქართველოს ბრძოლები. ამ პერიოდის საბრძოლო ჩაცმულობაზე ინფორმაცია ძალიან მწირია და ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი დამეხმარა. მიყვებოდა მეომრების ჩაცმულობისა და სხვადასხვა დოკუმენტური მასალის შესახებ, შემდეგ კი ჩემი ფანტაზიაც ჩავრთე. XVI საუკუნეში საქართველო დაშლილი იყო, ყველა კუთხეს თავისი მეფე ჰყავდა, მეფეთა მსახურები და მებრძოლებიც თავისებური ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ. ჩემს სამოსზე ასახული მებრძოლები ქართლის, იმერეთის, კახეთისა და გურიის წარმომადგენლები არიან.

იცით, როგორ გავაკეთე აბჯრები? ელიავას ბაზრობაზე, სადაც შეშის ღუმელები იყიდება, მილის მასალა ვიყიდე, ხელოსანს ფირფიტებად დავაჭრევინე და ჩაქუჩით, ბრტყელტუჩათი და სხვა იარაღით შევკარი. ქალის მაისურებზე ჩემი ჩანახატები დავიტანე - სხვადასხვა ისტორიული წყაროდან ამონარიდები. ერთ-ერთი ამონარიდი მოგვითხრობს საქართველოში თემურ-ლენგის შემოსევაზე. იქვე გამოსახულია იარაღი, რომლითაც ქართველები თემურ-ლენგს ებრძოდნენ.