"ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი კომპონენტი...“ - კვირის პალიტრა

"ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი კომპონენტი...“

რუსეთი კიდევ ერთხელ ხდება ქართველი პოლიტიკოსების დაპირისპირების მიზეზი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში ქართულ-რუსული­ საექსპერტო შეხვედრა გაიხსნა. მასში მონაწილეობდა დაახლოებით 40 ექსპერტი, პოლიტოლოგი და მეცნიერი ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ "გორჩაკოვის ფონდი" და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი. მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი შეხვდა. როგორც მან განაცხადა, რუსეთს დასავლეთის სანქციებზე საქართველოს რეაქცია "შეუმჩნეველი არ დარჩენია" და აღნიშნა, რომ "ჩვენს ურთიერთობას ნათელი მომავალი აქვს". ყოველივე ამის შემდეგ საქართველოს ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ღალატის მცდელობაში დაადანაშაულა,­ ხელისუფლებამ კი ოპოზიცია - პროვოკაციების მოწყობაში. მმართველი გუნდის ლიდერთა ვერსიით, გრიგორი კარასინისა და ძმათა მათთა მიზანი სწორედ ის არის, რომ მარტივი პროვოკაციების მეშვეობით რადიკალურ ოპოზიციასა და მათ რუპორებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის შესაძლებლობა მისცენ. რუსეთის ხელისუფლება რომ საკუთარი განცხადებებით მაქსიმალურად ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის, დუღილის ტემპერატურის აწევას, ამაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ ანალიტიკოსები და ექსპერტები. რისთვის სჭირდება მოსკოვს საქართველოში დუღილის ტემპერატურის აწევა, რა მეთოდებს მიმართავს მიზნის მისაღწევად და ვინ შეიძლება ეხმარებოდეს, ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- მე მქონდა ინფორმაცია ამ ყბადაღებულ ღონისძიებაზე, რომელიც პრიმაკოვის ფონდის ორგანიზებული იყო და რამდენიმე ექსპერტი გეგმავდა ჩასვლას. სხვათა შორის, საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრისგან ესეც მოვისმინე - ღონისძიება ისე დავგეგმოთ, რომ ხელისუფლებამ­ ხელი არ შეგვიშალოსო. რა გასაკვირია, რომ კარასინმა შექმნილი პლატფორმა გამოიყენა?­ სხვები კიდევ უარეს განცხადებებს გააკეთებენ. ყველანაირად ეცდებიან, რომ ვირტუალური მოკავშირეების რიცხვი გაზარდონ. საქართველოს, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო სანქციებს, პოლიტიკურ სანქციებსა და გაეროს ბოლო რეზოლუციასაც მოაწერა ხელი, კარასინი მადლობას უხდის და ამბობს, რომ რუსეთს ამ ქვეყანასთან ნათელი მომავალი ექნება - ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი კომპონენტი.

- თუმცა ეს არ არის ჰიბრიდული ომის ერთადერთი კომპონენტი, რომელსაც რუსეთი საქართველოში იყენებს. რას უნდა მიაქციოს ქართველმა საზოგადოებამ ყურადღება, რა მიმართულებით უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე?

- რუსული ჰიბრიდული ომის მწარმოებლებისთვის მთავარი მიზანია განხეთქი­ლების შეტანა პოლიტიკურ ელიტაში, საზოგადოების დაყოფა სხვადასხვა სეგმენტად და მათი ერთმანეთთან დაპირისპირება, ქვეყნის დასუსტებისთვის ხელშემწყობი იდეების გენერირება. ამ საქმეში მათი მთავარი იარაღი მეხუთე კოლონაა. ვინ არიან მეხუთე კოლონის წარმომადგენლები?! ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი თავგადაკლული მხარდამჭერის მსგავსად ვერ ვიტყვი, რომ მეხუთე კოლონა მაინცდამაინც რადიკალური ოპოზიციაა. ასე ცალსახად ვერ იტყვი, ვინ არიან ისინი, იმიტომ, რომ კულუარებში­ ცდილობენ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებრივ ჯგუფებში განხეთქილების შეტანას, იმ პირების შეუმჩნევლად გამოყენებას, რომლებიც რომელიმე სეგმენტის, მაგალითად, რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ არიან განწყობი­ლი. მეხუთე კოლონა ხშირად ისე იყენებს­ პოლიტიკოსებს ან საზოგადოების ცნობილ პირებს, რომ ეს უკანასკნელნი ვერც ხვდებიან, რა მიზნებს ემსახურებიან. მათ სასარგებლო იდიოტები ჰქვიათ და ისინი, მე თუ მკითხავთ, აგენტებზე უარესები არიან. აგენტი თავის საქციელზე პასუხს მაინც აგებს. სხვათა შორის, ქაოსისთვის, რომელიც ასევე ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის დისკრედიტაციას და ყურადღების გადატანას მეორეხარისხოვან საკითხებზე, ინფორმაციისა და საკამათო საკითხების მუდმივად ცვლას. ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრაცია ვერ მოახერხონ. ამ მიმართულებით მხოლოდ რუსული კი არა, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც წარმატებულად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ჭკუას ვერასდროს ვსწავლობთ. თუმცა რუსეთის სპეცსამსახურები ნამდვილად გამორჩეული არიან.

- ძნელია იმის დაჯერება, რასაც თქვენ ამბობთ, პოლიტიკურმა ლიდერებმა­ არაფერი იციან? როგორ წარმოგიდგენიათ ეს?

- რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ამის შესახებ ჰიპოთეზურად იციან. ვინც რეალურად იცის და ამასთან ბრძოლას ცდილობს, ასეთი ცოტაა. ჩვენი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს არა აქვს ფიქრის უნარი. როდესაც რადიკალური ამოცანის მიზანი ხდება ხელისუფლების შეცვლა დღეს და ახლა, იქ ფიქრის საშუალება აღარ არის.

- გასაგებია, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საერთაშორისო მასშტაბით დისკრედიტაციის მცდელობისას ქვეყნის დისკრედიტირებასაც­ ახდენს და ეს რუსეთის წისქვილზე­ ასხამს წყალს, მაგრამ როგორ ავხსნათ ხელის­უფალთა განცხადებები, რომ ოპოზიციაში რადიკალები არიან და მათთან დალაპარაკება არ ღირს. ასეთი მიდგომაც ხომ დაპირისპირებას აღრმავებს და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს?

- სიმართლე თუ გინდათ, დღეს რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ ვსაუბრობთ, მაგრამ არავინ ითვალისწინებს. დიახ, ფიქრის უნარის მქონე ადამიანები ხელისუფლებაშიც ისევე იშვიათობაა, როგორც ოპოზიციაში.

- ასეთი მოცემულობა რა ტიპის საფრთხის წინაშე გვაყენებს?

- რასაც ზედაპირზე ვხედავთ, ის არის, რომ სახელმწიფო სუსტდება. შეიძლ­ება ითქვას, რუსების ამოცანა შესრულებულია - საქართველოს სახელმწიფო დასუსტებულია.

- ამით ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაც ხომ სათუოა?

- რა თქმა უნდა, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. როდესაც სტოლტენბერგსა და სხვა მაღალი გამოცდილების მქონე დასავლელ ლიდერებს ვუსმენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი შენიშვნები მეორეხარისხოვანია.

- რას გულისხმობთ?

- საქართველოს ხელისუფლებაზე გამოთქმულ მუდმივ საყვედურებს. საქართველოს ხელისუფლებას, რასაკვირველია, სასაყვედურო აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ საზოგადოება უმიზეზო შიდადაპირისპირებას ვერ აარიდა, მაგრამ დღეს არის დაპირისპირება დაპირისპირებისთვის. იმედია, დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებზეც მე მაღალი წარმოდგენა მაქვს, ყველაფერს შესაბამისად შეაფასებენ.

- თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ საქართველოში რუსული აგენტურის გარდა, სხვა ქვეყნის აგენტებიც შედეგიანად მუშაობენ. დღეს რუსეთის გარდა, კიდევ ვის აწყობს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების დაპირისპირება?

- ჯერ ნუ გავხსნით ფრჩხილებს­, ადრეა. ერთს გეტყვით - ჩვენი ქვეყნის დასუსტება ყველა ჩვენს მეზობელს აწყობს.­ ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა გვრჩება ისეთი ფაქტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ: რუსეთ-უკრაინის ომმა ერთი ასეთი რეალობა მოიტანა - იქიდან გამომდინარე, რომ ილიჩოვსკი ვეღარ მუშაობს, ნოვოროსიისკს კი აღარ ამუშავებენ, აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში ერთადერთი მოქმედი პორტი დარჩა - ფოთის პორტი. შესაბამისად, მთელი ტვირთები აქეთ წამოვიდა. როგორც კი ეს მოხდა, ჩვენმა ზოგიერთმა მეზობელმა მაშინვე დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ფოთის პორტი არ არის ღრმა, იქ ძვირი ტარიფია, საქართველოს მალე დაესხმებიან თავს და ა.შ.

- რომელ ქვეყანას გულისხმობთ?

- ახლა ამაზე საუბარი არ მიმაჩნია მართებულად. მხოლოდ ერთს ვიტყვი - ამ ქვეყანას ძლიერი ლობისტები ჰყავს დასა­ვლეთში. ამით იმის მინიშნება მინდა, რომ ყველა ჩვენი მეზობელი ცდილობს საქართველოს დასუსტებას და ეს არ არის გასაკვირი. დღევანდელ მსოფლიოში ასეთია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ლოგიკა. მე ქართველებისგანაც მომისმენია, კიდევ კარგი, ყარაბაღი რომ არსებობს, თორემ გაზსადენის მილები ჩვენს ტერიტორიაზე ხომ არ გაივლიდაო.

- სხვათა შორის, ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტი აშენებული რომ იყოს, შავ ზღვაზე სხვა რეალობა იქნებოდა.

- ანაკლიის პორტი რომ აშენებულიყო,­ ნამდვილად ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ... ხელისუფლება ვერ ახერხებს იმის ახსნას, თუ რატომ ვერ აშენდა, რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად არ იმჩნევს. სინამდვილეში ანაკლიის პორტი მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ინტერესებს შეეწირა. ძალზე მსხვილი მოთამაშეები მყავს მხედველობაში როგორც დასავლეთში, ასევე ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში. ოქროს შუალედი იყო მოსაძებნი, მაგრამ არ გამოვიდა.

- ახლა რაც შეეხება უკრაინას. რისი თქმა შეგიძლიათ, როგორ ვითარდება ომის თეატრი?

- უკრაინას საინფორმაციო ომი უკვე მოგებული აქვს. რაც შეეხება ომის თეატრს, სტრატეგიული უპირატესობა ერთიერთზეა. ზოგ ადგილას უკრაინელები ფლობენ უპირატესობას, ზოგ ადგილას, განსაკუთრებით სამხრეთით, რუსები. საბოლოოდ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი აღმოაჩნდება და ვის ჯარს უფრო მეტი მოტივაცია ექნება. მინდა თქვენი ყურადღება ერთ ამბავზე გავამახვილო - პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას თავს არიდებს. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსული არმია ვერ ფლობს ისეთ უპირატესობას, პუტინი წელგამართული რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მომენტს ელოდება, სამხედრო ხელმძღვანელობა აძლევს იმედს, რომ ასეთი მომენტი დადგება.

- თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს გაუჩინარებას როგორ ახსნით? დამაჯერებლად მიგაჩნიათ გავრცელებული ცნობა მისი ავადმყოფობის შესახებ?

- დაზუსტებით არაფერი ვიცი, თუმცა ჩემს ყურამდე მოვიდა ამბავი, რომ ძალიან სერიოზული წმენდაა დაწყებული როგორც სამხედრო ხელმძღვანელობის რიგებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. პუტინმა გაწირა კაცი, რომელიც წლების განმავლობაში მისი დაცვის შეუცვლელი წევრი იყო და მისი საძინებლის კართან იძინებდა. ეს გახლავთ ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე. ის იმის გამო დააპატიმრეს, რომ კორუფციულ გარიგებებში იყო გარეული, რამაც პუტინის აზრით, რუსული არმიის წარმატებას შეუშალა ხელი.

ხათუნა ბახტურიძე