"ახლა პუტინისთვის დაპატიმრების ორდერის გამოწერაა მთავარი,­ თორემ აღსრულებას დიდი დრო არ დასჭირდება...“ - კვირის პალიტრა

"ახლა პუტინისთვის დაპატიმრების ორდერის გამოწერაა მთავარი,­ თორემ აღსრულებას დიდი დრო არ დასჭირდება...“

"უკრაინა უკვე მზად არის გამო­ძიების­ დასაწყებად და ვხედავთ, რომ იქ ჰააგის გამომძიებელი ჩავიდა. ასეთივე მზადყოფნა­ რომ ყოფილიყო საქართველოშიც, აგვისტოს ომის საქმე აქამდე გამოძიებული იქნებოდა“

იურისტი ლია მუხაშავრია არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ომის პარალელურად, ჰააგის სამხედრო ტრიბუნალმა გასცეს პუტინის დაკავების ორდერი. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა გამოძიება უკვე დაიწყო და, საომარი მოქმედების მიუხედავად, უკრაინაში გამომძიებელიც მიავლინა. "ღრმად შეშფოთებული ვარ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამო... ჩემი ოფისი უფლებამოსილია მათ პასუხი აგებინოს კანონის უზენაესობის შესაბამისად", - აცხადებს პროკურორი კარიმ ხანი, რომელმაც 14 წლის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე­ სამი პირის დაპატიმრების ორდერი გასცა. სამხედრო დანაშაულებისთვის: უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური­ მოპყრობა, ადამიანური ღირსების შელახვა,­ მძევლად აყვანა და უკანონო გადაყვანა - ბრალი ედებათ გენერალ-ლეიტენანტ მიხეილ მინძაევს, ჰამლეტ გუჩმაზოვს და დავიდ­ სანაკოევს. გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენერალ-მა­იორისა და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლიც, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილია... საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლია მუხაშავრია თვლის, რომ ჰააგის სამხედრო ტრიბუნალის რეაგირება­ უკრაინის ომზე უფრო მყისიერი იქნება.

- ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა. ასეთი ტერმინის გამოყენება შემ­თ­ხვევითი არ არის, მით უფრო, ასეთი მაღა­ლი თანამდებობის პირისგან. უკვე არს­ებ­ობს ჰააგის გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში შეწყდეს საომარი მოქმედებები, ომი კი გრძელდება. ეს ნიშნავს,­ რომ ომს არ წყვეტს პუტინი. ის არის მთავარსარდალი­ და ამ გადაწყვეტილების შემდეგ მისი ყველა­ ბრძანება ომის დანაშაულია. დიდია შანსი,­ რომ რუსეთშიც გამოჩნდნენ მისი მოწინააღმდეგეები, რომლებიც დააპატიმ­რებენ და ჰააგის ტრიბუნალს გადასცემენ. მაქვს იმედი, საღად მოაზროვნე ადამიანები­ რუსეთშიც არიან. ვფიქრობ, ის მილიარდერებიც, რომლებიც კარგავენ ქონების უდიდეს ნაწილს, რაღაცას მოიმოქმედებენ. პუტინია ყველაფრის სათავე და ახლა მისთვის ორდერის გამოწერაა მთავარი,­ თორემ ამის აღსრულებას დიდი დრო არ დასჭირდება... უპირველესად აუცილებელია იმ კატასტროფის შეჩერება,­ რაც უკრაინაში ხდება. თუკი პუტინს დააპატიმრებენ, ეს ცივილიზაციის მონაპოვარი იქნება. მიკვირს, დაპატიმრების ორდერს აქამდე რატომ არ წერენ­. ალბათ, ეშინიათ, ატომ­ური იარაღის­ ღილაკს თითი არ დააჭიროს.­ ამის გამო ყველა ფრთხილობს და მის მიმართ რადიკალურ ნაბიჯებს არ დგამენ. ეს მართლაც ანგარიშგასაწევი გარემოებაა, რადგან არ არის გამორიცხული, სწორედ ეს ჩაიდინოს - თუკი დააპატიმრებენ, ის ხომ ყველაფერს კარგავს, საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით. თუმცა, მაინც მგონია, ძალოვან უწყებებშიც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც ჰააგაში ორდერის გამოწერის შემდეგ დააპატიმრებს...

მარიუპოლის ალყაშია, მშვიდობიან მოსახლეობას არ აძლევენ უფლებას ქალაქი დატოვოს, არა აქვს წყალი, სურსათი და სარდაფებში აფარებენ თავს - ეს ომის დანაშაულია. დადასტურებული­ ფაქტებია, რომ დაიბომბა ის ადგილები, სადაც ბავშვები იყვნენ. ასეთი ფაქტი ბევრია და კიდევ მეტი იქნება, ვიდრე ომი გრძელდება.

- პუტინთან ერთად სხვებიც დაისჯებიან?

- როდესაც ნიურნბერგის პროცესი­ ჩატარდა, ბრალდებულები აცხადებდნენ, ჩვენ სამხედროები ვართ, ვექვემდებარებოდით უმაღლეს მთავარსარდალს, ჰიტლერს, და ვასრულებდით მის ბრძანებასო, მაგრამ სასამართლომ ამ ყველაფერს ერთმნიშვნელოვნად უწოდა დანაშაული, რადგან უკანონო­ ბრძანების შეუსრულებლობა შეიძ­ლება, თუკი ის ომის დანაშაულს იწვევს.­

- იმედია, ჰააგას უკრაინის საქმის გამოსაძიებლად 14 წელი არ დასჭირდება...

- ვფიქრობ, მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ აგრეს­ორი დროულად არ დაი­სჯება, ეს წამახალისებელი ხდება­... ყველამ­ აღიარა, რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის და 2014 წელს ყირიმის აგრესიის დროს რომ დაესაჯათ, არ მოხდებოდა ის, რაც ახლა უკრაინაში­ ხდება. ვფიქრობ, ახლა ყველა მხრიდან დაუყოვნებლივ­ მიიღებენ ზომებს. აგვისტოს ომზეც მეტ რეაგირებას ველოდები. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 380-მდე საჩივარი ევროსასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა და ეს გვარწმუნებს, რომ ჩვენი ინდივიდუალური საჩივრების განხილვაც დაჩქარდება. გარდა სახელმწიფოთა შორის დავისა, არსებობს ათასობით საქმე, რომლებიც საქართველოდან ევროსასამართლოში მოქალაქეებმა გაგზავნეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

- ჰააგის ტრიბუნალმა სამი პირის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ დააკავებენ?

- როგორც კი შეგროვდება საკმარისი­ მტკიცებულებები, მაშინვე გამოიწერება დაკავების ორდერი. გამოიკვეთა კონკრეტული პირების ბრალი და დაკავება გადაწყვეტილია. ჰააგის სასამართლოს აქვს უნივერსალური იურისდიქცია, რაც ნიშნავს, რომ პირი, რომლის მიმართაც გამოიწერება ორდერი, აუცილებლად უნდა დააკავონ. მისი დაკავება შეიძლება გაეროს წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, დღეს კი პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო გაეროს წევრია. შეიძლება დასასჯელი პირი თავის სამშობლოშია და მას სახელმწიფო არ აკავებს,­ მაგრამ როგორც კი სხვა ქვეყანაში­ ჩავა, მაშინვე დააკავებენ.­ ჰააგაში გადაწყვეტილების დაუსწრებლად მიღება არ შეიძლება, პირი აუცილებლად უნდა იყოს პროცესზე - გარდა იმისა, რომ შეიძლება ადვოკატები იცავდნენ,­ პირადადაც უნდა შეძლოს საკუთარი ინტერესების­ დაცვა. ახლა ის სამი პირი იძულებული იქნება, არ გავიდნენ რუსეთის ფედერაციის, ან ოსეთის ტერიტორიიდან, რადგან როგორც კი ტერიტორიას დატოვებენ, დაუყოვნებლივ დააკავებენ.

საინტერესოა იუგოსლავიის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის შემთხვევა. მისი დაპატიმრების ორდერიც გამოიწერა, მაგრამ­ ის სერბეთის ეროვნული­ გმირი­ გახლდათ, ყველა მფარველობდა და სერბეთის ტერიტორიაზე მისი დაკავება წარმოუდგენელი იყო, ამიტომ კარგა ხანს გაგრძელდა ეს ამბავი. მერე ავად გახდა, იტალიის საავადმყოფოში­ დააწვინეს და სწორედ იქ დააკავეს. მძიმედ იყო ავად, მისი სასამართლო პროცესი დაიწყო, მაგრამ­ ვერ დამთავრდა, რადგან 2006 წლის 11 მარტს ჰააგის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. საერთაშორისო ტრიბუნალმა მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო.

- იყო მოლოდინი, რომ აგვისტოს ომის საქმეზე უფრო მაღალი თანამდებობის პირები დაისჯებოდნენ, მათ შორის, რუსი ჩინოვნიკებიც.

- სამი-ოთხი ორდერი არ ნიშნავს,­ რომ მეტი არ გამოიწერება. ვის წინააღმდეგაც მტკიცებულებები ექნებათ, სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარადგენენ­. ერთი პროკურორი ხუმრობდა­ კიდეც, ჩვენ ყველას ვეჯავრებით, რადგან როგორც კი კვალს ავიღებთ და მტკიცებულებები საშუალებას მოგვცემს, ვეღარაფერი გაგვაჩერებს დევნა წამოვიწყოთო. მე ველოდები, რომ დასაკავებელთა შორის რუსებიც აღმოჩნდებიან.

14 წელი გადის აგვისტოს ომიდან. პირველი ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება ადრე მიიღო მართლმსაჯულების საერთა­შო­­რისო სასამართლომ, რომელიც ასევე ჰააგაშია. ეს არის გაეროს სასამართლო, სადაც სახელმწიფოები უჩივიან ერთმანეთს.­ 2008 წლის 12 აგვისტოს ჩვენც ვუჩივლეთ რუსეთს და რუსეთმაც გვიჩივლა. წინა­სწარი გადაწყვეტილებIით გაეროს სასამარ­თლომ მოითხოვა საბრძოლო მოქმედებების­ შეჩერება, რაც, ფაქტობრივად, აღსრულდა. აგვისტოს ომის საქმის განხილვა მიმდინარეობს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოშიც და ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზეც. გამოძიებას იმის გამოც დააგვიანდა, რომ მთავრობა მაინცდამაინც აქტიურად არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან. სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის მთელი პერიოდი დაიკარგა,­ რადგან გულზე მჯიღს იცემდნენ, ჩვენ თვითონ გამოვიძიებ ამ საქმესო. კანონით, სახელმწიფოს აქვს ეს უფლება. მერე ეს პოლიტიკა გააგრძელა "ოცნებამაც. ჰააგამ გამოიძიება 2016 წელს დაიწყო. რაც დრო გადის, მტკიცებულებების მოპოვება უფრო რთულდება. ოთხი ორდერია გამოწერილი­ და ერთი დამნაშავე უკვე გარდაცვლილია. ვინ იცის, რამდენი მოწმე თუ დაზარალებულიც არის გარდაცვლილი...

უკრაინა უკვე მზად არის გამო­ძიების­ დასაწყებად და ვხედავთ, რომ იქ ჰააგის გამომძიებელი ჩავიდა. ასეთივე მზადყოფნა­ რომ ყოფილიყო საქართველოშიც, აგვისტოს ომის საქმე აქამდე გამოძიებული იქნებოდა... ჰააგის ტრიბუნალმა ადგილზე წარმომადგენელი რომ გაგზავნოს, ამისთვის ის, ერთი მხრივ, ითხოვს უსაფრთხოების მყარ გარანტიას და, მეორე მხრივ, პირობას,­ რომ სახელმწიფო მას ყველანაირად შეუწყობს ხელს მოვალეობების შესრულებაში. ახლა უკრაინაში ასეთი გარანტიის გაცემა წარმოუდგენელია, რადგან იქ ომია, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამომძიებელი მაინც ჩავიდა. ჰააგის სასამართლოს ხელი მიუწვდება მსოფლიოს ყველა სატელიტურ თანამგზავრთან და იქიდანაც შეუძლია ინფორმაციის მიღება, რომლითაც გაამყარებს საქმეს და დაურთავს, როგორც მტკიცებულებას. ეს ოპტიმისტურად განმაწყობს. სავარაუდოდ, ჰააგის სამხედრო ტრიბუნალმა კარგად გაიაზრა, რა შედეგიც მოჰყვა ჩვენი საქმის გაჭიანურებას. შეიძლება შედეგი მივიღოთ, მაგრამ არა მგონია, ის იყოს იმ მასშტაბის, როგორსაც ველოდებით. ჩვენ მოვიგეთ ევროსასამართლოში აგვისტოს ომის საქმე, მაგრამ რუსეთს ჯერ არ გადაუხდია­ დაკისრებული კომპენსაცია - 12 მილიონი.­ ჩვენი მთავრობა არც ამ შემთხვევაშია აქტიური. ასეთ დროს დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმები უნდა ამოქმედდეს. ეს, ძირითადად, დამო­კიდებულია მთავრობის წარმომადგენლების პერსონალურ აქტიურობაზე. რაც უფრო ხშირად შეაწუხებ და მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე დააყენებ ამ საკითხს, შედეგიც უკეთესი იქნება. ჰააგის სასამართლოში ჩვენი საჩივრის ნაწილი წავაგეთ, იმიტომ, რომ გვითხრეს, საჩივრის შემოტანამდე დიპლომატიური საშუალებები­ არ ამოგიწურავთო. ჩვენი უგერგილობა ახლაც ჩანს - რატომ ჭიანურდება თუნდაც იმ 12 მილიონის ამოღება?

- მკაცრია ჰააგის ტრიბუნალის ვერდიქტი?

- სასჯელები მკაცრია და გასამართლებულ პირს არ ეხება არც ვადამდე გათავისუფლება, არც შეწყალება, არც სხვა გარემოებების გამო საპატიმროდან ნაადრევად გამოსვლა. ზოგჯერ სამუდამო პატიმრობასაც უსჯიან. მგონია, რომ ახლა რუსეთი სწრაფად დაისჯება, მაგრამ, სამწუხაროდ, მიყენებუ­ლი­ ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მართლმსაჯულების სავარაუდო მონაპოვარი იქნება.

თეა ხურცილავა