"კრემლი პანიკაშია, არ იციან, რა ქნან, რაღაცებს მიედ-მოედებიან“ - კვირის პალიტრა

"კრემლი პანიკაშია, არ იციან, რა ქნან, რაღაცებს მიედ-მოედებიან“

"ვინ შეიძლება პუტინი ჩამოაშოროს ხელისუფლებას? შეიძლება ეს სამხედრო წრიდანაც მოხდეს, მაგრამ მე მგონია, რომ უშიშროების სამსახურებს ამის უფრო მეტი პოტენციალი აქვთ. საბჭოთა კავშირში ასეთი ცვლილებები სწორედ უშიშროების მეშვეობით ხდებოდა...“

რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საფრთხისა და კრემლში შესაძლო პროცესების განვითარებაზე "კვირის პალიტრა" რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა:

- ქიმიური და ბირთვული იარაღი ერთმანეთისგან განსხვავდება და ასევე განსხვავდება მისი მასშტაბი. რუსეთი შემჩნეულია ქიმიური იარაღის გამოყენებაში, სირიაში ასადის რეჟიმის მეშვეობით არაერთხელ გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამიტომაც არის მსოფლიო შეშფოთებული, რომ რუსეთს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება შეუძლია. ბირთვული იარაღი სხვა არის და მისი გამოყენებისთვის მთელი ჯაჭვია, რომელიც უნდა შესრულდეს და მე ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც 30 მეტრზე არ იკარებს არავის, ისე უნდა სიცოცხლე, ეს იარაღი გამოიყენოს. მით უმეტეს, იცის, რომ საპასუხო დარტყმას მიიღებს. მეორე საკითხია ამ ბრძანებას ვინ შეასრულებს. პუტინი თვითონ ბუნკერში თუ დაიმალა, სხვები რას იზამენ? ამდენი ადამიანი საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების წლობით ბუნკერში გადაყვანას ან როგორ მოახერხებს, ან ამას დასთანხმდებიან?

putin2-1648387854.jpg

- ეს ეხება ტაქტიკურ ატომურ იარა­ღსაც?

- რუსეთმა ტაქტიკური იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე რომ გამოიყენოს, შეუძლებელია თავად არ დაბინძურდეს. სხვა კონტინენტზე ხომ არაა, გვერდით არის და ვინ იცის, ქარი საით წაიღებს. ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებამ თითქმის მთელი ევროპა დააზიანა, მათ შორის საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ბელარუსი... შვედეთშიც კი აღმოჩნდა დაბინძურების კვალი.

- მაშინ პუტინის ამ მუქარას რა აზრი აქვს?

- ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ კრემლი პანიკაშია. არ იციან, რა ქნან, რაღაცებს მიედ-მოედებიან, მათ შორის იმის ჩათვლით, თითქოს უკრაინაში სირიიდან 16 ათასი მებრძოლი უნდა ჩაეყვანათ. სრული სისულელეა! ჯერ ერთი, სირიას ამდენი მებრძოლი არ ჰყავს და ამასთან, სირიელმა მებრძოლებმა არც რუსული იციან, არც გარემოს იცნობენ, არც ის იციან, ამ პირობებში თავი როგორ გაიტანონ. 120 კაცამდე ძლივს მოაგროვეს და ჯერ ისინიც ვერ ჩაიყვანეს. ყოველივე ეს წაგებული მხარის პანიკის შედეგია. ჩაფლული არიან ჭაობში და რამდენჯერაც ხელს მოიქნევენ, მით უფრო ეფლობიან.

- ატომური თუ არა, მასობრივი განადგურების სხვა რა იარაღი შეიძლება გამოიყენოს?

- ქიმიური, ბიოლოგიური იარაღი. ჩვენ ხომ არ ვიცით, რას გეგმავს. ჩვეულებრივი იარაღიდან უკვე ყველაფერი აქვს გამოყენებული და მათ შორის, ისიც, რაც აკრძალულია.

- ამ ყველაფერზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაქცია რამდენად საკმარისია და რა შეიძლება მოხდეს?

- საერთაშორისო საზოგადოებრიობა ყველანაირად ცდილობს რუსეთს არ მისცეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საშუალება და ამიტომ არ ერევა­ პირდაპირ. რუსეთს ეს იარაღი რომ არ ჰქონდეს, დიდი ხნით ადრე ჩაერეოდა დასავლეთი. ამას უფრთხიან, თუმცა უკრაინას იარაღს აწვდიან და კიდევ მიაწვდიან. მე მჯერა, რომ დასავლეთის დახმარებით უკრაინა გაიმარჯვებს.

putin3-1648387854.jpg

- ახსენეთ, რომ პუტინი ბუნკერში მარტოა ჩაკეტილი. არ ჩანან სხვა მაღალი რანგის სამხედრო თუ პოლიტიკური ფიგურებიც. ეს რას ნიშნავს? ვინ შეიძლება იყოს მის გვერდით და ვისზე შეიძლება გადატყდეს ჯოხი?

- მის გვერდით, ალბათ, არავინ არის. გააჩნია მანძილს. 30 მეტრში ვერავინ მიუახლოვდება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. სხვათა შორის, ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მისი გათვლა არასწორი იყო, ესეც არის. გავითვალისწინოთ, რომ პუტინს ბოლო 2 წლის განმავლობაში შეზღუდული აქვს იმ პირებთან ურთიერთობა, რომლებისგანაც ინფორმაციას უნდა იღებდეს. მას ძალიან ეშინია "კოვიდის" და შეზღუდა კომუნიკაციები. შესაბამისად, უკრაინისა და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე, ასევე უკრაინაში რუსეთისადმი მოსახლეობის განწყობაზე არასწორი გათვლა ჰქონდა. ის ბუნკერში იმალება თუ არა, ეს არ ცვლის იმ სიტუაციას, რაც რუსეთში ომის შედეგად შეიქმნება. დაწესებული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის როგორც ეკონომიკურ დასუსტებას, ასევე სამხედრო განადგურებას უკრაინაში. რუსეთის ეკონომიკა ჯერ ძველი ინერციით მიდის, მაგრამ უკვე 10-დან 20 აპრილამდე ელოდებიან მძიმე პრობლემებს ეკონომიკაში, რაც შემდგომში უფრო გაღრმავდება. ეს რუსეთს კარგს არაფერს მოუტანს და შესაძლოა თავად რუსეთის სახელმწიფოებრიობას დაესვას კითხვის ნიშანი.

- გასაგებია, რომ პუტინს "კოვიდის" ეშინია­ და ამიტომ იმალება. სხვა მაღალჩინოსნები რატომ არ ჩანან? რა დასკვნის გაკეთება შეიძლება იმის მიხედვით, რა კატეგორიის მაღალჩინოსნებიც არიან გაუჩინარებული?

- ეს ნიშნავს, რომ საქმე კარგად არა აქვთ, რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს და არავის სურს იკისროს ისეთი განცხადებები, რაც მიახლოებულიც არ იქნება სინამდვილესთან. ამიტომ, ბუნებრივია, რომ არ ჩანან. სხვა საკითხია, ვინ შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა თუნდაც პუტინის ხელისუფლებისგან ჩამოცილებაზე. რუსეთს ამისი ისტორიული გამოცდილება აქვს. ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები არ ტარდება და ხელისუფლება ხალხის ნებით არ იცვლება, ამიტომ აქტუალური ხდება სამხედრო პოლიტიკური ელიტის მიერ რევოლუციის მოწყობა. ვფიქრობ, ახლა რუსეთში ეს მეორე გზა უფრო პერსპექტიულია.

- უკრაინაში ომის დაწყებამდე გვახსოვს რუსი გადამდგარი გენერლების წერილი, სადაც პუტინს ომის დაწყების შემთხვევაში დამარცხებას უწინასწარმეტყველებდნენ და ამ ომს ეწინააღმდეგებოდნენ. ამასთან, ამ ომში რუსეთის სამხედრო ელიტის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ამ ფონზე რევოლუციის რა შანსია?

- ის, რომ უკრაინაში ბევრი რუსი მაღალჩინოსანი სამხედრო დაიღუპა, ნიშნავს, რომ ჯარში პანიკაა და გენერლები ზურგიდან ვეღარ მართავენ. სამხედრო აკადემიის ნებისმიერმა პირველკურსელმაც კი იცის, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ამერიკელებს თუ შევადარებთ, მათ ბოლო ათ წელში მხოლოდ ორი გენერალი დაეღუპათ, რუსეთს კი მხოლოდ ამ ერთ თვეში - ცხრა. ეს მიანიშნებს, რომ ჯარს ვერ მართავენ და არც ჯარია უძლეველი. რაც შეეხება იმას, ვინ შეიძლება რევოლუცია დაიწყოს, თუ პუტინი ჩამოაშოროს ხელისუფლებას, შეიძლება ეს სამხედრო წრიდანაც მოხდეს, მაგრამ მე მგონია, რომ უშიშროების სამსახურებს ამის უფრო მეტი პოტენციალი აქვთ. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში ასეთი ცვლილებები სწორედ უშიშროების მეშვეობით ხდებოდა.

- ითვლება, რომ პუტინი უშიშროების კაცი იყო და უშიშროება აღარ არის მისი ერთგული?

- ერთგული არის, მაგრამ გააჩნია, როდემდე. ეს ხალხი ხომ საკუთარი თავის გადარჩენაზეც ფიქრობს? იმის გამო, რომ რუსეთი არადემოკრატიული ქვეყანაა და ის მოჩვენებითი სტაბილურობა, რომელიც ახასიათებს ყველა ტოტალიტარულ რეჟიმს, ერთ წამში ირღვევა ხოლმე და ზუსტად ამას ვხედავთ ახლაც. თავის დროზე ასე იყო სირიაშიც - თითქოს იყო სტაბილურობა, ქვეყანას მტკიცე ხელი მართავდა, მაგრამ როგორც კი რაღაც მოხდა, მაშინვე სამოქალაქო ომი დაიწყო. თუ რუსეთში ეს პროცესები გაგრძელდება და ხელისუფლება ვერ შეიცვლება, ძალიან დიდი ალბათობით დაიწყება სამოქალაქო ომი და რუსეთის დაშლა. ცხადია, ეს დღეს-ხვალ არ მოხდება, მაგრამ ასეთი ტიპის მმართველობისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. იმავეს აჩვენებს თავად რუსეთის ისტორიაც.

- ეს პროცესები უკრაინაში ომის დამთავრებამდეა მოსალოდნელი თუ შემდგომ?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, მოვლენების განვითარების როგორი დინამიკა იქნება და მეორე - ვის ეყოფა მამაცობა პუტინის გარემოცვიდან. თუ ჰიტლერის მაგალითს გავიხსენებთ, მისი ლიკვიდაცია სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირმა სცადა, მაგრამ ეს არავის გამოუვიდა. ამიტომ არავინ იცის, პუტინის გარემოცვაში ვინ რას გეგმავს და ვის რა გამოუვა. ახლა შევედით, ასე ვთქვათ, გაურკვევლობის ეპოქაში და ყოველ წუთს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ ასეთ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

რუსა მაჩაიძე