"ჩვენ აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდება - თავისუფლება ვერასდროს მოკვდება, შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელიც კრემლში ზის" - კვირის პალიტრა

"ჩვენ აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდება - თავისუფლება ვერასდროს მოკვდება, შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელიც კრემლში ზის"

უკრაინელები იბრძვიან! - თავისუფლება ვერასდროს მოკვდება, შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელიც კრემლში ზის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ მსოფლიოს უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონის საშუალებით მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად ყველა უნდა გაერთიანდეს.

„რაც რუსეთმა ომი დაიწყო არჩევანი ერთია - ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ცოცხლები გადავრჩეთ. უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის. ეს იყო შოკი. ყოველ ღამე უკრაინაზე საჰაერო იერიში და თავდასხმა ხორციელდებოდა. ძალიან საშიში იყო.

ვინ დაგვიდგება გვერდში – ეს არის უდიდესი შეკითხვა, რომელიც ისმის. ერთ დღეს ყველა გაერთიანდა, უკრაინიდან არავინ გაიქცა. უკრაინელები იბრძვიან. ჩვენ ყველგან მტერი გვყავს: ცაში, მიწაზე, წყალში, კიბერსივრცეში. ჩვენ ვიმარჯვებთ. ერთი კვირა გავიდა და ჩვენ რაკეტების, ბომბების თვლა უკვე შევწყვიტეთ.

ჩვენ ვერ ვიჯერებდით, რომ როცა ჩვენ უკრაინის ცის დაკეტვას ვითხოვდით, მთელმა მსოფლიომ სიჩუმით გვიპასუხა. ქალაქები ნადგურდებოდა. ერთი თვე გავიდა, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ბევრი უკრაინელი შეუიარაღებელიც კი იბრძვის იმისთვის, რომ მშვიდობამ დაისადგუროს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ნორმალური ცხოვრება შეძლოს, რომ იყვნენ თავისუფლები და უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს.

ერთი თვის წინ, ვიდრე ომი დაიწყებოდა, ჩვენ განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობდით. ბევრი ადამიანი მაშინ ცოცხალი იყო, მაგრამ ახლა უკვე აღარ არიან. ახლა ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნაბიჯებს წინ გადადგამს და ევროპას თავს დაესხმება, მაგრამ ერთი გზა არსებობს - ყველა უნდა გავერთიანდეთ, იმისთვის, რომ ერთი ადამიანი, რომელმაც ომი დაიწყო, შევაჩეროთ.

ჩვენ გვაქვს არჩევანი: პირველი – გადაარჩინოთ უკრაინა ამ ომში, მშვიდობამ და თავისუფლებამ დაისადგუროს მთელ მსოფლიოში. რუსეთი თავისუფლებას ებრძვის. მეორე – მიეცით შეიარაღება უკრაინას, ტანკები და სხვადასხვა აღჭურვილობები. მესამე – რუსეთის წინააღმდეგ, რუსული ბანკების წინააღმდეგ, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ მეტი სანქცია დააწესეთ. მეოთხე – მოდით, ვიყოთ ადამიანურები, ჰუმანურები და ლტოლვილებს დავეხმაროთ. ისინი თავიანთ ქალაქებში აუცილებლად დაბრუნდებიან. მეხუთე – თუ შეიძლება გადაარჩინეთ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ქალაქებში დატყვევებულები არიან და ქალაქებიდან ვერ გადიან.

ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. რუსული ტანკები უკრაინიდან უნდა გავიდნენ. ჩვენ აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდება. თავისუფლება ვერასდროს მოკვდება, შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელიც კრემლში ზის. მშვიდობა არის ერთადერთი გზა! დიდება უკრაინას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

IPN