"ორი რუსეთი არ არსებობს!“ - კვირის პალიტრა

"ორი რუსეთი არ არსებობს!“

"გაიქეცი ბაბილონიდან" - ამ ლექსით ეხმიანება პოეტი დავით მაღრაძე უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მოულოდნელი იყო თუ არა რუსეთის შეიარაღებული აგრესია ცივილური სამყაროსთვის და რა ელის მსოფლიოს, თუ დასავლეთი ამას შესაბამის პასუხს დროულად არ გასცემს - ეს არის თემები, რომელთა შესახებ დავითი მაღრაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის ბარბასობა და ეს შეფასება რევიზიას არ ექვემდარება. კარგად რომ გავიაზროთ, როგორ მივიდა სიტუაცია აქამდე, მიზეზები ისტორიაში უნდა ვეძებოთ. უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, სტალი­ნმა ხელკომბლიანი რუსეთი ჩაიბარა­ და ატომით შეიარაღებული დატოვაო. ამ სიტყვების ავტორზე, როგ­ორც პოლიტიკურ მოღვაწეზე, ძალ­იან კარგი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ეს სწორედ პოლიტიკოსის შეფასებაა, ჩემი აზრით კი, სტალინმა ნატაშა როსტოვასა და ევგენი ონეგინის რუსეთი ჩაიბარა და პავლიკ მოროზოვის რუსეთი დატოვა. მისი მმართველობა იყო იმის სიმბოლო, როგორ რყვნის და ხრწნის საზოგა­დოებას განუსაზღვრელი ძალაუფ­ლება. ამის არაერთი პრეცედენტი არსებობს ისტორიაში, მაგალითად: როდესაც კალიგულამ რომის სენატორობის კანდიდატთა სიაში საკუთარი ცხენი შეიყვანა, როდესაც ლენინმა ჩათვალა, რომ ნებისმიერ "კუხარკას" შეუძლია ქვეყნის მართვა...

magradze.png

სიმბოლურია ისიც, რომ ლენინის ცხედარი, როგორც რუსეთის წყევლა, დღემდე დევს მოსკოვის მთავარ მოედანზე. თუ ასე შევხედავთ, რუსეთისგან მაინცდამაინც მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა, მით უფრო, ამ ყველაფერს ახლო წარსულში წანამძღვრები ჰქონდა, ვიცოდით,­ რომ მზადდებოდა ეს კონფლიქტი, რომელიც უკვე ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. რაც შეეხება უკრაინას, ვფიქრობ, მისი ხელისუფლების განცხადება საქართველოს ხელისუფლების მიმართ პირველ ხანებში ნამდვილად არ იყო სამართლიანი და ადეკვატური, თუმცა ახლა პასუხისთვის საუკეთესო დრო არ არის, რადგან როდესაც დედა შვილს დასტირის, თანაგრძნობის გარდა, ყველაფერი უზნეობაა. ახლა უკრაინელი ხალხის მიმართ მხოლოდ თანაგრძნობისა და თანადგომის დროა, ამიტომ­ ვფიქრობ, სწორად იქცევა ხელისუფლება, როდესაც ზოგიერთ გამონათქვამს არ ეხმაურება და უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. ფართომასშტაბიან ომში ჩართული უკრაინის დახმარება რუსოფობიური ისტერიკით კი არა, მოქმედებით უნდა გამოიხატოს, რასაც თანამიმდევრულად აკეთებს ჩვენი ქვეყანა. რუსეთის აგრესიაზე ადეკვატური პასუხია ჰუმანიტარული დახმარება, სანქციები,­ უკრაინისთვის იარაღის მიწოდის გაზრდის­ მოთხოვნა, მაგრამ რომელიღაც კაფეზე გამოკიდებული წარწერა, რომ იქ ძაღლები და რუსები არ შეიშვებიან, პასუხი არ არის. ადამიანს აგრესორთან ბრძოლის მორალური უპირატესობა მანამდე აქვს, ვიდრე სახეს დაკარგავს, ვინაიდან ადამიანის სახესთან ერთად მორალური უპირატესობაც­ იკარგება. როდესაც ადამიანი სიკვდილით­ დასჯის წინააღმდეგია (და ასე უნდა იყოს), ამით ის მორალურ სახეს ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, სამყაროში სისასტიკის რამდენი შემზარავი ისტორია არსებობს. სწორედ განსაცდელში უნდა მოახერხოს ადამიანმა ადამიანურობის გადარჩენა.­ ტრადიციის თანახმად, საქართველოში ტყვეს, ავადმყოფსა და სტუმარს ეროვნებას არ ეკითხებიან. ეს ის ტრადიციაა, რომელზეც გუსტავ მალერი ამბობს, რომ ტრადიცია ცეცხლის გადაცემაა და არა - ფერფლის თაყვანისცემა. მისი დაცვით ვრჩებით ჩვენ ქართველ ხალხად. ბრბოდ გადაქცევა უფრო ადვილია, მაგრამ მას ეროვნება არ გააჩნია. არსებობს ქართველი ხალხი, მაგრამ ქართველი ბრბო არ არსებობს. რაც ახლა ხდება (რუსეთის­ ქმედებებს­ ვგულისხმობ), იმ ხანგრძლივი პროცესის შედეგია, რაც რევოლ­უციას, სამოქალაქო ომსა და საბჭოთა რეპრესიებს მოჰყვა, თუმცა ახლა ქართველ საზოგადოებაზე ვლაპარაკობ და გავიმეორებ, რომ კაფეზე წარწერა, რუსები არ დაიშვებიანო, ჩვენს დაკარგულ­ სახეზე მეტყველებს... რუსეთის მე-20 საუკუნის ისტორია მძაფრი ტრაგიზმით არის სავსე. რევოლუციამ, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, თითქმის გაანადგურა რუსული არისტოკრატია. გადარჩენილმა მცირე ნაწილმა თავი ემიგრაციას შეაფარა, მაგრამ საბჭოთა უშიშროების სამსახური მათ არც იქ ასვენებდა და გააფთრებული ებრძოდა. ვინც საბჭოთა სივრცეში გადარჩა, საბჭოთა რეპრესიები წამოეწიათ. და ეს გააკეთა სტალინმა.

- დასავლეთის ლიდერთა განცხადებების მიუხედავად, რომ დასავლური სამყარო ახლა ისეთი ერთიანია, როგორიც არასდროს, ზელენსკი მაინც მოუწოდებს მათ მეტი აქტიურობისკენ. როგორ ფიქრობთ, შეძლებს დასავლეთი აგრესორი რუსეთის შეჩერებას?

- აშშ-ც და დასავლეთიც ყველა ღონეს ხმარობენ, უკრაინაში რუსეთის აგრესია შეაჩერონ. სინამდვილეში უკრაინა მსხვერპლია. ეს არის რუსეთ-ამერიკის ომი, რუსეთი ამერიკას უკრაინაში უტევს. დასავლური სამყარო სამხედრო ჩარევაზე უარს, ალბათ, მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ ეს საშინელება უარესში - ბირთვულ ომში არ გადაიზარდოს, რომელიც ყველას გაგვანადგურებს და, შესაძლოა, სამყარომ არსებობა შეწყვიტოს. მათ სურთ უკრაინელი ხალხის გადარჩენა ისე, რომ სამყაროც გადარჩეს, რაც, ჩემი აზრით, სწორია. ისინი სამყაროს განადგურების უფლებას არც რუსეთს აძლევენ და არც - საკუთარ თავს. ვფიქრობ, უკრაინის პრეზიდენტს საფუძვლიანად ჰქონდა მეტი დახმარების იმედი, პირველ ხანებში მაინც, თუმცა ახლა მთავარია, ეს გაუგონარი სისხლის ღვრა შეჩერდეს, უდანაშაულო ადამიანები, უმწეო ბავშვები, ქალები და მოხუცები გადარჩნენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გეოგრაფიულ ევროპაში კულტურული ევროპა გადარჩეს.

- თქვენს ბოლო ლექსში, "გაიქეცი­ ბაბილონიდან", რომელიც უკრაინაში მიმდი­ნარე პროცესების გარდა, სასტიკ­ თანა­მ­ედროვეობასაც­ აღწერს, ამბობთ: "უკრა­ინა ცეცხლის ალშია და რუსეთი დასავლეთს უტევს და ვიდრე ევროსაჯარისო ფორმირებაში საკუთარ სქესში გაერკვევიან, ორთ­ავიანი არწივის მზერა ვაითუ მისწვდეს დასავლეთსაც, აღმოსავლეთსაც..." აქ საქართველოსაც გულისხმობთ?

- დიახ. ჩემს ახალ ლექსში­ ძველი აღთქმიდან, იერემიას წინასწარმეტყველებიდან ავიღე ფრაზა. წინასწარმეტყველების თანახმად, ბაბილონი უნდა დაინთქას და მაშინ ისმის ხმა: "გაიქეცი ბაბილონიდან". მიუხედავად იმისა, რომ პოეზიას თავისი მოყვარული ჰყავს, მისი ენა საერთო სახალხო გატაცების მაინც არ არის და ფართო აუდიტორიისთვის, მკითხველისთვის ხშირად ინტერვიუს, ჟურნალისტიკის ენაზე ვამბობ იმას, რაც ლექსში მითქვამს. ამ შემთხვევაშიც ასე გადავწყვიტე. ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, შეძლებისდაგვარად აღვწერე. 21-ე საუკუნეში ახალი ბაბილონი გაჩნდა, რომელიც სამყაროს აწვდის ტრენდს, ქმნის მორალურ ქაოსს და ჰკარნახობს პრინციპებს, უფრო სწორად - უპრინციპობას. ამ ახალ ბაბილონში ღმერთი არ არის, მაგრამ მორალური ქაოსის რელიგია ბატონობს და ის სამყარო ტოტალიტარულია. მას თავისი ერთგული მოქალაქეები ჰყავს, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა ეკრძალებათ. აქ ჯღაბნას მხატვრობა ჰქვია, მაკულატურას - ლიტერატურა და, რაც მთავარია, მისი მოქალაქე ცუდისა და კარგის გარჩევის უნარს არის მოკლებული. საქართველოც ახალი ბაბილონის პროვინციაა, სადაც "მოაქვთ გმირების პორტრეტები, როგორც სამხილი, როგორც მახვილი"­ და ერთადერთი სამიზნეა საზოგადოება. ბრბოს, ამბოხებულ მასას მოაქვს გმირების პორტრეტები, რათა დაადანაშაულოს საზოგადოება. რევანშისტების საქმე სწორედ ეს გახლავთ - ამა თუ გმირის წინაშე საზოგადოება დაადანაშაულონ. ამისთვის სჭირდებათ გმირის პორტრეტიც. როდესაც სამშობლოსგან სიყვარულს, მოფერებას, კომფორტულ და მატერიალურად უზრუნველყოფილ ცხოვრებას ითხოვ, ეს მამულიშვილური განცდა კი არა, გარყვნილებაა. სამშობლოსთან რომანი დაუშვებელია! ილია იყო იმის მაგალითი, რომ სამშობლოს სიყვარული და მისი მსახურება ცალმხრივობისთვის არის განწირული. ვინც მართლაც საკუთარი ქვეყნისთვის ცოცხლობს, საპასუხო სიყვარულს, პატივსა და აღიარებას არ ითხოვს. ილიამ ამ ყველაფრის პასუხად ტყვია მიიღო, ოღონდ სამშობლოსგან კი არა, რევანშისტებისგან, იმ ხალხისგან, ვისაც გმირების პორტრეტები საზოგადოების ჩასაქოლად მოაქვს. სამშობლოს მსახურების ხიბლი და მშვენიერება მისი უანგარობაა, ისევე როგორც ქრისტიანობა არ არის კომფორტის რელიგია. ახალ ბაბილონში პირველყოფილ ინსტინქტებთან დაბრუნებას თავისუფლება დაარქვეს, თუმცა, ჩემი აზრით, თავისუფლება­ აკრძალვაში, ზნეობრივი კრიტერიუმების არსებობაში, თავშეკავებაში, საკუთარი თავის ფლობაში იბადება. თუ ყველაფერი დაშვებულია, იქ აკრძალულია თავისუფლება...

- რუსმა ჟურნალისტმა და პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა თქვა, რუსეთის პრობლემა რწმენაშიაო...

- დიახ, ეს გამძღარი ათეისტის პოზიციაა, ვისაც ქრისტიანობა შოკოლადისა და კომფორტის რელიგია ჰგონია. ჩემი აზრით, მას ზერელე წარმოდგენაც არ აქვს ქრისტიანობაზე და არც კი სმენია, რომ ამქვეყნიურ სიკეთეზე უარის თქმა იმქვეყნური სიკეთის მიპოვებაა. მისი თქმით, პროტესტანტები უფრო კარგად ცხოვრობენ, ვიდრე კათოლიკეები, მათ კი მართლმადიდებლებზე უკეთესი ცხოვრების პირობები შეიქმნეს... ეტყობა, პოზნერს ქრისტიანობა კომფორტულად ცხოვრების რელიგია ჰგონია, ანუ მიაჩნია, რომ ვინც უკეთ ცხოვრობს, ის უფრო მორწმუნეა. ქრისტიანობა ამქვეყნიური სიკეთის მოპოვებას კი არა, მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად მის დათმობას გულისხმობს. პოზნერის შეფასება მხოლოდ ქრისტიანობას კი არა, ყველაფერს აცდენილია. მუდმივად ლაპარაკობენ ორი რუსეთის შესახებ, მაგრამ მხოლოდ ერთი რუსეთი არსებობს, სადაც თავს იყრიან დოსტოევსკიც, შოსტაკოვიჩიც და შოიგუც. არც საქართველოა შვიდი, ისიც ერთია და ვაჟა-ფშაველა, ნიკო ფიროსმანი და სააკაშვილ-კეზერაშვილი აქ იყრიან თავს. უკრაინაში მიმდინარე ომი, ადრე თუ გვიან, დასრულდება, მჩაგვრელი კი ყოველთვის დამარცხებულია. ღმერთმა ნუ ქნას, უკრაინამ ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მოგება-წაგება ყოველთვის გამარჯვება-დამარცხებას სინომიმები არ არის.

- უკრაინის ეროვნული უსაფრთხო­ებისა და­­ თავდაცვის საბჭოს მდივნის,­ დანილოვის განცხადებით, დამატებითი ფრონტის­ გახსნა­ დაეხმარებოდა უკრაინას­ რუსეთთან გამკლავებაში. მისი თქმით, "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტ­ენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რამე გასაკეთებელი, გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა..." როგორ ახსნით ამ განცხადებას?

- როგორც ვთქვი, რუსეთი უკრაინაში­ ამერიკასა და დასავლეთს ეომება, მისი ფრონტის ხაზი კი, სამწუხაროდ, უკრაინაზე გადის. ამ ვითარებაში, რომელ ჭკუათამყოფელს ენდომება რუსეთ-ამერიკის ფრონტის ხაზი მის ქვეყანაზე გადიოდეს?! რაც შეეხება, ბატონი დანილოვის განცხადებას, დღეს არ არის სწორი დრო უკრაინის ხელისუფლების მხრიდან უსამართლო,­ არაადეკვატურ გამონათქვამებს ვუპასუხოთ, რადგან როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება, ქალები და ბავშვები იხოცებიან, თანაგრძნობის გარდა, სხვა ყველაფერი უზნეობაა. თუმცა, უკრაინის ხელისუფლების უცნაურობაში გადასული გამონათქვამები, ხელმძღვანელობის დაბნეულობასა და ცალკეული სახელისუფლებო პირების აგონიურ მდგომარეობაზე მიანიშნებს...

დათო მაღრაძის ახალი ლექსი "გაიქეცი ბაბილონიდან":

გაიქეცი ბაბილონიდან!

- ალო, არ ისმის, წყდება შენი ხმა,

ინტერნეტი ცუდად მუშაობს, ხარვეზით იჭერს,

მაცადე, გავალ...

თან ყაყანია,

შეკრებაზე ვარ, ყველა თავისას ერეკება

და ცუდად მესმის, აი, გავედი...

აუ, აქაც რა ამბავია, სთქვი რამე,

მგონი უკეთ ისმის, რისი თქმა გსურს,

ითიშება, იქნებ მოასწრო...

-გაიქეცი, გაიქეცი ბაბილონიდან!

პოლიტიკოსი სიტყვებს ეძებს

და ცოცხალ სიტყვას

ნიღაბივით მოარგებს ლოგოსს,

მერე ღალატობს და თეატრის

რეკვიზიტის ფუქციას აძლევს,

გასცვეთს, როგორც ბორდელში მეძავს

და მერე უკვე სუნთქვადაკარგულ

სიტყვათა ცხედრებს გაუწოდებს

პოლიტიკოსთა ახალ თაობას

მრავალჯერადი მოხმარებისთვის.

პოლიტიკაში მოკლული სიტყვა

სუნთქვას განაგრძობს პოეზიაში.

მე იმ ქალაქიდან ვარ

სადაც

მიმინომ ხოხობი გაიტაცა და

ქალაქის მერმა ბიუჯეტი.

სად პატივცემულ მოქალაქეებს

აქვთ ვრცელი CV-ი

და არა აქვთ ბიოგრაფიის

ერთი, თუნდაც კოჭლი სტრიქონი.

სადაც თავს იმით იწონებენ,რომ

მოსაწონსაც იწუნებენ.

აქ, ბაბილონში დაავიწყდათ,რომ

სამშობლოსთან

ვერ გექნება ტკბილი რომანი,

რომ სამშობლოს სიყვარული

განწირულია ცალმხრივობისთვის,

რადგან ოდესმე თუ მოიცალა

და სიყვარულზე გიპასუხა სიყვარულითვე,

მასაც ცალმხრივად ეყვარება შენი საფლავი.

უპატ.ცემობა! –

ბაბილონის ერთადერთი ღირებულება...

მაგრამ ისიც ცალმხრივ ეფექტით,

რადგან ქალაქის ძველი მკვიდრები

ვალდებული ვართ, რომ მათ

ჩვენდამი უპატ.ცემობას ვუპასუხოთ

პატივისცემით.

-გაიქეცი ბაბილონიდან!

თუ ყველაფერი დაშვებულია,

- აკრძალულია თავისუფლება.

ამერიკული ოცნება იშვა,

როცა ვესტერნის ფინალურ კადრში

ორფრთიან კართან შერიფი დასვეს,

როგორც წერტილი,

ამბოხებული სტრიქონის ბოლოს.

რაც ფრიდრიხ ნიცშე ღმერთს მოუკვდა,

თვითონ ჩათვალა, რომ ღმერთი მოკვდა.

ასე მიეცა დასაბამი

ახალ ეპოქას,

სადაც დაბალმა ჩათვალა რომ სიმა

ღლე მოკვდა

და სალიერი მიესალმა

მაესტროს

სიკვდილს.

society - მოსახლეობის

ის ნაწილია, განსაცდელისას

ვინც ღირსებას შეინარჩუნებს.

მოაქვთ გმირების პორტრეტები

საპროტესტოდ აღგზნებულ მასებს.

მოაქვთ გმირების პორტრეტები,

როგორც ძახილი...

მოაქვთ გმირების პორტრეტები,

როგორც სამხილი...

მოაქვთ გმირების პორტრეტები

როგორც მახვილი...

და ერთადერთი სამიზნეა - society.-

გაიქეცი ბაბილონიდან!

...უკრაინა

ცეცხლის ალშია

და რუსეთი დასავლეთს უტევს...

და ვიდრე ევროსაჯარისო ფორმირებაში

საკუთარ სქესში გაერკვევიან,

ორთავიანი არწივის მზერა

ვაი ,თუ მისწვდეს დასავლეთსაც,

აღმოსავლეთსაც.

-გაიქეცი, გაიქეცი ბაბილონიდან,

როგორც მაშინ, მიმართე ნოეს,

ფეხზე სადგომი ერთი ბილეთი

თუკი დარჩა, მიაშურე ნოეს კანოეს.

დღეს სამყაროში

ერთადერთი მოქმედი პორტი - არარატია.

დროის ბორკილი, -

მაჯის საათი

Tissot-იც რომ მოვიხსნა

და შორს მო

ვისროლო ეპოქა ხომ არ შეიცვლება...

ანდა საით უნდა გავიქცე,

ირგვლივ ყველგან ბაბილონია...

-არა, მე ვრჩები ბაბილონში,

როგორც მეხანძრე,

ერთ ბავშვს ხომ მაინც გავარიდებ

უღმერთობის ელვარე ხანძარს,

რომ მერე იქნებ, ბაბილონის მოქალაქენი

დავესიზმროთ კეთილ სიზმარში.

P.S. ოთხი ბგერა მალერის კარზე

ნაცნობმა მითხრა, რომ გუსტავ მალერს

სიმფონიისთვის უნდაო თემა,

„გადარჩენისთვის“... ძალიან მალე

დავწერე,

თემა ვიგულე ჩემად.

ლიბრეტო ვანდე გზავნილს საფოსტოს,

მომესმა პეტრეს ძახილი: - რაბი!

...ვადარებ წყალზე წასულ აპოსტო

ლსკომპოზიტორის ბინისკენ ნაბიჯს.

ოთხნოტიანი ინტრო და : - ანტრე!

-გთხოვთ, რომ აცნობოთ მაესტრო მალერს,

გარეთ ცივა და ცოტათი მამტვრევს,

თქვენის ნებართვით, რაიმეს დავლევ.

...აკორდით მითხრა სიტყვა ორიოდ...

და სულის სიმებს შეახო ხელი, მე

კი ვარსკვლავთა ცაზე ორიონს

ვუცქერ და ვხდები ნაწილი მთელის.