უკრაინა აცხადებს, რომ დასავლეთით, ვოლინის ნავთობის საცავზე რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - კვირის პალიტრა

უკრაინა აცხადებს, რომ დასავლეთით, ვოლინის ნავთობის საცავზე რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინაში რამდენიმე ქალაქში საჰაერო თავდასხმის სირენებისა და აფეთქებების ხმა გაისმა.

როგორც "გარდიანი" იტყობინება, შედარებით მშვიდი დღის შემდეგ საჰაერო თავდასხმის სირენები მთელ უკრაინაში გაისმა, მათ შორის, ლვოვში, კიევშიც.

დასავლეთ უკრაინაში, ვოლინის რეგიონში, რუსმა სამხედროებმა ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ვოლინის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური პოგულაიკო „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე იუწყება.

"ვოლინში იყო აფეთქებები. დარჩით თავშესაფრებში. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება", - აღნიშნა პოგულაიკომ.

მანამდე, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ იტყობინებოდა, რომ 27 მარტს, ლუცკის მერმა იგორ პოლონჩუკმა ქალაქ ლუცკში აფეთქებების შესახებ განაცხადა.

„გთხოვთ, არ გამოაქვეყნოთ აფეთქებების ამსახველი ფოტოები და ვიდეო და სხვა ინფორმაცია“, - განაცხადა მან და თანამოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

IPN