ამერიკის პრეზიდენტების ვოიაჟისას მათთან ასე ახლოს ფრთოსანი რაკეტები ჯერ არავის აუფეთქებია... - კვირის პალიტრა

ამერიკის პრეზიდენტების ვოიაჟისას მათთან ასე ახლოს ფრთოსანი რაკეტები ჯერ არავის აუფეთქებია...

პუტინი „მკვლელისა“ და „ყასბის“ შერქმევის სამაგიეროდ ბაიდენისკენ ფრთოსან „კალიბრებს“ გზავნის... ჯერ - დასაშინებლად

ქალაქ ლვოვში 26 მარტის საღამოს შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებული სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი" აფეთქდა და ნავთობბაზაში ხანძარი გააჩინა. ამ დროს ლვოვიდან მხოლოდ 140 კმ-ში, პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში, ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს ამთავრებდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ეს იყო პირველი შემთხვევა მსოფლიოს ისტორიაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიტიზის დროს მის ადგილსამყოფელთან ასე ახლოს აფეთქდა რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.

შავ ზღვაში მოდრეიფე რუსული ფრეგატიდან სტარტაღებული ამ ფრთოსანი რაკეტებისთვის ძალიან ადვილი იქნებოდა 140 კმ-ით „გვერდზე გადახვევა“ და ლვოვის ნავთობბაზის ნაცვლად, პოლონურ ჟეშუვში სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სამიზნის მოძებნა, რაც მსოფლიოში ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა.

არავისთვის იყო საიდუმლო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის საზღვრიდან, რომელიც თვეზე მეტია, მედგრად ეომება ბირთვულ აგრესორ რუსეთს, 70 კმ-ით დაშორებულ პოლონურ ქალაქ ჟეშუვში უკრაინიდან დევნილებს ხვდებოდა და პუტინმა ლვოვზე სარაკეტო თავდასხმით, ერთგვარად, სამაგიერო გადაუხადა ამერიკელ კოლეგას, რომელმაც მას ჯერ მკვლელი უწოდა, ჟეშუვში, ტელეკამერების წინ კი ყასბადაც მონათლა. ვერ დავამტკიცებ, მაგრამ უთუოდ არის კავშირი ამ „ნათლობასა“ და ლვოვის დაბომბვას შორის. კრემლი თითქოს აფრთხილებს თეთრ სახლს, თქვენს პრეზიდენტს ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტებით ნებისმიერ ადგილას მივწვდებიო.

იმედია, აშშ-ის ხანდაზმული პრეზიდენტი ევროპაში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ შინ მშვიდობით დაბრუნდება, მაგრამ ჟეშუვში რჩებიან ამერიკული არმიის ელიტური 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ჯარისკაცები, რომლებთან ერთად მათმა უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო სასადილოში პიცის მოზრდილი ნაჭერიც გემრიელად მიირთვა.

საინტერესოა, გაბედავს პუტინი ნატოს წევრ პოლონეთსა და მით უფრო - იქ დამატებით შეყვანილ ამერიკელ სამხედროებზე სარაკეტო შეტევას? ეს ხომ ნატოსთან მესამე მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასი გახდება? მაგრამ ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ პუტინი უკრაინაში ასეთ ფართომასშტაბიან ომს წამოიწყებდა და ჰიტლერს შეეჯიბრებოდა მშვიდობიანი ქალაქების უმოწყალოდ დაბომბვაში!როდესაც ერთი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი მეორე ბირთვული სახელმწიფოს მეთაურის ადგილსამყოფლიდან 140 კმ-ში „გზავნის“ რაკეტას, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია (ლვოვიდან ჟეშუვამდე ამ „ზედმეტი“ 140 კმ-ის გასავლელად რუსულ "კალიბრს" ათიოდე წუთი ეყოფოდა), საქმე სერიოზულად არის. როგორც ჩანს, უკან დახევას ჯერჯერობით არავინ აპირებს.