ომის ერთ თვეში უკრაინისა და რუსეთის საბრძოლო დანაკარგი - კვირის პალიტრა

ომის ერთ თვეში უკრაინისა და რუსეთის საბრძოლო დანაკარგი

მეომარი მხარეების მიერ გამოქვეყნებული საბრძოლო დანაკარგის ოფიციალური რიცხვი - სანდოა თუ არა ის?

ჯერ არ შექმნილა ისეთი ქვეყანა, რომლის ხელისუფლება ომის დროს ფურცელზე არ გაზრდის მოწინააღმდეგის დანაკარგს და არ შეამცირებს საკუთარს.თანამედროვე ომები ისე დინამიკურად მიმდინარეობს, ხშირად გენშტაბებმა არათუ მოწინააღმდეგის საბრძოლო დანაკარგი, ზუსტად ისიც არც იციან, მათ არმიებს რამდენი ტანკი აუფეთქეს და რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა ან დაიღუპა.

ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ უკრაინის გენშტაბის 26 მარტის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრილ რუსეთის არმიას დაეღუპა 16 ათასზე მეტი ადამიანი, განადგურებულია 575 რუსული ტანკი, 1 640 ჯავშანმანქანა, 293 საარტილერიო დანადგარი, 91 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 51 საზენიტო საშუალება, 1 131 ავტომობილი, ჩამოგდებულია 117 თვითმფრინავი, 127 შვეულმფრენი და 56 უპილოტო საფრენი აპარატი, ჩაძირულია შვიდი რუსული ხომალდი და კატარღა, აფეთქებულია საწვავის 73 სარკინიგზო ცისტერნა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თავიდან საერთოდ უარყოფდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგს, რაც, ცხადია, ნონსენსია, ერთი თვის შემდეგ კი ოფიციალურად იტყობინება, რომ რუსეთის არმიამ 23 მარტისთვის უკრაინელებს გაუნადგურა 3 920 სამხედრო ობიექტი (მათ შორის - 71 მართვის პუნქტი და 61 რადიოლოკაციური სადგური), აუფეთქა 1 564 ტანკი და ჯავშანმანქანა, 627 ქვემეხი, ჰაუბიცა და ნაღმსატყორცნი, 158 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 1 367 ავტომობილი, 170 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ჩამოუგდო 181 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 255 უპილოტო საფრენი აპარატი.

rus2-1648415052.jpg
ხარკოვის ქუჩის ბრძოლაში აფეთქებული და დამწვარი უკრაინული BTR-4 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი

რუსული მხარის მტკიცებით, 25 მარტისთვის მოკლული იყო 14 ათასამდე უკრაინის დამცველი, დაჭრილი - 16 ათასამდე ადამიანი, ხოლო ტყვედ აყვანილი - 572.

საკუთარ დანაკარგს რუსეთის გენშტაბი 25 მარტის მონაცემებით ოფიციალურად ასე აფასებს - 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა, 3 825 კი დაიჭრა.

როგორც თავად ხედავთ, მებრძოლი მხარეების მიერ ერთმანეთის დანაკლისის თაობაზე საბრძოლო დანაკარგების ძალზე შთამბეჭდავი ციფრები ქვეყნდება, მაგრამ ღირს კი ამ ციფრების დაჯერება? ალბათ, არა, რადგან მოწინააღმდეგის დანაკარგის რაოდენობის გამოცხადებას ყოველთვის პროპაგანდისტული ხასიათი აქვს და ეს საინფორმაციო ომის ნაწილია, მიზანი კი საკუთარი მოსახლეობის განწყობის ამაღლება და მოწინააღმდეგის მორალურად გატეხისა თუ მისი საბრძოლო სულისკვეთების დაცემის ცდაა.

მაშ, სად არის სინამდვილე? ალბათ, სადღაც შუაში...

ფართომასშტაბიანი და მობილური საბრძოლო მოქმედებების დროსყველაზე რთული დაღუპულ მებრძოლთა ზუსტად დათვლაა, მაგალითად, 2020 წლის ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროს დაღუპული 1 700-ზე მეტი სომეხი სამხედროს ცხედრებს დღემდე პოულობენ ბრძოლის სხვადასხვა ადგილას.

rus3-1648415053.jpg
მორიგი ჩამოგდებული რუსული Су-30СМ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინის მიწაზე იფერფლება

უფრო რეალური იქნება, თუ ვიტყვით, რომ უკრაინასთან ერთვიან ომში რუსეთის არმიის დაახლოებით 8-9 ათასამდე სამხედრო დაიღუპა და, ალბათ, სამჯერ მეტი დაიჭრა, ანუ დაახლოებით 30-33 ათასი მებრძოლი გამოაკლდა იმ 100-120-ათასიან დაჯგუფებას, რომლითაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო დაეს დანაკარგი სერიოზულ პრობლემად იქცა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, განსაკუთრებით - მისი სახმელეთო ჯარებისა და ჯავშანსატანკო შეიარაღებისთვის.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ მონაცემებში გათვალისწინებული არ არის დონეცკისა და ლუგანსკის დაღუპული და დაჭრილი სეპარატისტი მეომრები, რომლებთანაც უკრაინის დამცველები ყველაზე ცხარე ბრძოლებს მართავენ. პრორუსი დონბასელების სანიტარიული დანაკარი არანაკლებ 3 ათასია დამათგან ათასი მაინც - დაღუპული.

ოფიციალური კიევი თავის დანაკარგად მხოლოდ 1 300-მდე მებრძოლს აღიარებს, რაც შეიძლება ასევე ხელოვნურად შემცირებული მაჩვენებელი იყოს, ხოლო დაღუპული უკრაინელი და მათ გვერდით მებრძოლი სხვა ქვეყნების მოხალისეთა საერთო რიცხვი, ალბათ, ორ-სამჯერ მეტია.

სიმართლესთან უფრო ახლოს იქნება ასეთი სურათი: ერთვიანი ფართომასშტაბიანი ბრძოლების შედეგად უკრაინის დამცველებს დაეღუპათ 3-4 ათასი მებრძოლი (მათი დიდი ნაწილი რუსეთის ავიაციისა და არტილერიის დაბომბვასა და სარაკეტო დარტყმებს შეეწირა), ხოლო შეტევაზე გადასულ რუსეთის არმიასა და დონბასელ სეპარატისტებს - სამჯერ მეტი, ანუ 11-12 ათასი სამხედრო, რომელთა დიდი ნაწილი (განსაკუთრებით - რუსეთის რეგულარული არმიიდან, რადგან დონბასელ სეპარატისტებს ომის რვაწლიანი გამოცდილება აქვთ) განადგურდა ავტოკოლონებით გადაადგილების დროს, უკრაინელების ჩასაფრებებისა და ზუსტი საარტილერიო დარტმების შედეგად, რომლებიც უპილოტო მზვერავების საშუალებით კორექტირდებოდა.

დანაკარგის მონაცემთა ანალიზის შემდეგ შეიძლება მეტ-ნაკლებად მართებული დასკვნის გამოტანა: უკრაინის ხელისუფლება თავის ქვეყანაში შეჭრილი რუსეთის არმიისა და დონბასელი სეპარატისტების ცოცხალი ძალის საბრძოლო დანაკარგს მხოლოდ 4-5 ათასს უმატებს, მაშინ, როცა რუსეთის გენშტაბს მადა ეხსნება და ქაღალდზე არანაკლებად 10 ათასით ზრდის უკრაინის დაცვისას დაღუპულთა რეალურ რაოდენობას.

შედარებით ადვილია აფეთქებული და დაზიანებული ტანკების, ჯავშანმანაქანებისა თუ ჩამოყრილი თვითმფრინავების დათვლა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ იმ ფოტო-ვიდეომასალას უნდა ვენდოთ, რომელზეც აფეთქებული სამხედრო ტექნიკის ტიპისა და კუთვნილების იდენტიფიცირება შეიძლება.

ინტერნეტში იძებნება ძალზე საინტერესო დამოუკიდებელი სამხედრო-ანალიტიკური რესურსი Oრყხ -ი, რომელიც ნაკლებად ენდობა მებრძოლი მხარეების გავრცელებულ ინფორმაციას დანაკარგის შესახებ და მხოლოდ საკუთარ თვალებსა და იმ ფოტო-ვიდეომასალას უჯერებს, რომელზეც განადგურებული თუ დაზიანებული­ ტექნიკაა ასახული.

Oryx-ის ობიექტური დათვლით, რუსეთ-უკრაინის ომში ერთი თვის შემდეგ, 26 მარტისთვის, რუსეთის არმიამ დაკარგა 1 881 ერთეული საბრძოლო ტექნიკა. აქედან 932 ერთეული განადგურებულია, 35 - დაზიანებული, 229 - მიტოვებული და 685 - ბრძოლისას ხელში ჩაგდებული. მათ შორის არის 297 რუსული ტანკი, 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 135 საარტილერიო დანადგარი, 40 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 602 ავტომობილი, 16 თვითმფრინავი და 35 შვეულმფრენი. ჩაძირულია ერთი რუსული დიდი სადესანტო ხომალდი„"სარატოვი", დაზიანებულია ერთი დიდი სადესანტო ხომალდი და ერთი საპატრულო კატარღა "რაპტორი".

Oრყხ-ის დათვლით, 26 მარტისთვის უკრაინის არმიის დანაკარგია 540 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის 77 ტანკი, 184 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 43 საარტილერიო დანადგარი, 35 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 10 რადიოლოკატორი, 180 ავტომობილი, 12 თვითმფრინავი (მათ შორის - მსოფლიოში უდიდესი "მრია"), ერთი შვეულმფრენი, ცხრა უპილოტო, 13 ხომალდი და კატარღა.

საგულისხმოა, რომ რუსებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინელების შეიარაღებაში არსებული ამერიკული და ბრიტანული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები - 12 ჯაველინი“ და 22 ერთეული NLAW-ი.

განსაკუთრებულ ეჭვს იწვევს დაპირისპირებულ მხარეთა მტკიცება, რომ მათ მოწინააღმდეგეს ასობით თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩამოუგდეს მაშინ, როცა მოპოვებული ფოტო-ვიდეომასალით ჯერჯერობით მხოლოდ ათჯერ ნაკლები ასეთი ფაქტია დადასტურებული, არადა, ჩამოგდებული მოიერიშე თვითმფრინავისა თუ დამრტყმელი შვეულმფრენის ფრაგმენტები არც ისეთი მინიატიურულია, ვინმემ ვერ შენიშნოს, თუ, რა თქმა უნდა, მდინარეში ან ზღვაში არ ჩაცვივდა და ასეთი ფაქტებიც დაფიქსირდა - უკრაინელი მეზენიტეების მიერ ათიოდე წამში ჩამოგდებული ორი რუსული შვეულმფრენი კიევის ზღვამ (კიევთან მდებარე წყალსაცავმა) შთანთქა, თუმცა ვიდეოკამერამ ამისგადაღება მოასწრო.

მოწინააღმდეგე მხარეების მიერ დასახელებული მტრის სამხედრო ტექნიკის დანაკლისის რიცხვი ზოგჯერ რეალობას მეტისმეტად სცდება. ამ მხრივ განსაკთრებით სცოდავს რუსული გენშტაბი, როდესაც ამტკიცებს, რომ უკრაინელებს ათასამდე ტანკი გაუნადგურა, არადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალში ამდენი ტანკი ომის დაწყებამდეც კი არ იყო!

ისე კი, ტანკებთან დაკავშირებით კურიოზული სიტუაცია შეიქმნა - ომის ერთი თვის თავზე უკრაინელების განკარგულებაში შეიძლება მეტი ტანკი აღმოჩნდეს, ვიდრე ომამდე ჰქონდათ. საქმე ის არის, რომ რუსების დაკარგული 297 ტანკიდან მხოლოდ 126-ია სრულად განადგურებული, 42 თითქმის სრულად გამართულია - ისინი ეკიპაჟებმა მიატოვეს,რადგან საწვავი გაუთავდათ. ამავე დროს, მონდომების შემთხვევაში, უკრაინელების მიერ ალაფად აღებული 125 რუსული ტანკის გარემონტებაც შეიძლება, ასე რომ, 77 დაკარგული ტანკის სანაცვლოდ უკრაინის არმია შეიძლება 166 ყოფილი რუსული ტანკით გაძლიერდეს.

თითოეული აფეთქებული, დაზიანებული და მიტოვებული საბრძოლო ტექნიკის მონაცემს თან ახლავს შესაბამისი ფოტო ან ვიდეოკადრები, რაც გაცილებით სანდოს ხდის Oრყხ -ის მონაცემებს, თუმცა ისიც გასაგებია, რომ ვერც ეს ციფრებია აბსოლუტურად ზუსტი, რადგან ყველა აფეთქებული ტანკი და ჩამოგდებული თვითმფრინავი ან ჯერ არ არის კადრებში ასახული, ან გადაღებულია, მაგრამ არ არის ატვირთული ინტერნეტში, საიდანაც ანალიტიკოსები იღებენ ძირითად ინფორმაციას.

მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც ჩანს, რომ რუსეთის არმია ძალიან სერიოზულ საბრძოლო დანაკარგს განიცდის, რომლის რიცხვი გაცილებით გაიზრდება, როდესაც ტყეები გაიფოთლება და უკრაინის გზებზე და დასახლებულ პუნქტებში უკრაინელების 21-ე საუკუნის სამამულო ომის პარტიზანული მოძრაობა გაფართოვდება.

P.S. სანამ ამ სტატიას ვწერდი, Oryx-მა ორი ახალაფეთქებული რუსული ტანკის ფოტოც დაამატა და ციფრების შეცვლამაც მომიწია. ვეჭვობ, რომ 28 მარტისთვის, როდესაც „კვირის პალიტრის“ ეს ნომერი გამოვა, შეიძლება აფეთქებული რუსული ტანკების რიცხვი 300-ს გაცილებით ასცდეს.