"რუსეთს არა აქვს უკან დახევის ფუფუნება... პუტინი თავს კედელთან მიყენებულად გრძნობს" - კვირის პალიტრა

"რუსეთს არა აქვს უკან დახევის ფუფუნება... პუტინი თავს კედელთან მიყენებულად გრძნობს"

რუსეთ-უკრაინის ომზე გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი

- ბატონო გია, საომარი მოქმედებები გრძელდება, ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან და ასევე სრულიად არაპროგნოზირებადია, თუ რა შეიძლება გააკეთოს კიდევ რუსეთმა. ამ ვითარებაში რამდენად შეაჩერებს რუსეთის მომდევნო არაადეკვატურ სამხედრო ნაბიჯებს დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკა?

- გამიჭირდება ვარაუდი, თუ რა შედეგი ექნება ამას მოკლევადიან პერსპექტივაში. რომ ვაკვირდები, ქართული საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს, ისინი უფრო იმას ლაპარაკობენ ხოლმე, რა სურთ მოხდეს, ვიდრე იმას, ობიექტურად რა ხდება. საქმე ის არის, რომ რუსეთს არა აქვს უკან დახევის ფუფუნება. პუტინს თავიდანვე რომ სცოდნოდა, რა მოცემულობა ექნებოდა ერთი თვის თავზე, ამ ნაბიჯს აშკარად არ გადადგამდა, მაგრამ მას ჰქონდა სულ სხვა გათვლა, რაც წყალში ჩაეყარა და ახლა არის ვითარებაში, როდესაც უკან დახევის რესურსი აღარ აქვს. კრემლისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია უკრაინაში რაღაც ამოცანების მაინც წარმატებით გადაჭრა. შესაბამისად, პუტინი თავს კედელთან მიყენებულად გრძნობს და ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის აპოკალიფსური ინსტრუმენტების გამოყენებაზეც. მას ყველაზე მეტად ეშინია რუს საზოგადოებაში მისი უძლეველობის მითის დანგრევის.

ჩვენ ვნახეთ ლვოვის დაბომბვა მაშინ, როცა ჯო ბაიდენი სიტყვით გამოდიოდა პოლონეთში. ეს არ ყოფილა სამხედრო ნაბიჯი, ეს იყო წმინდა პოლიტიკური გზავნილი დასავლეთისთვის. ამით სცადა ეჩვენებინა, რომ კრემლი ყველაფერზე წამსვლელია. რატომ ლვოვი? იმიტომ, რომ ლვოვი არის ბოლო პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის კავშირს დასავლეთთან, ასევე ჰუმანიტარული თუ დიპლომატიური აქტიურობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი დასავლური ქვეყნის საელჩო ახლა ლვოვში ფუნქციონირებს. ასე რომ, რუსეთი ცდილობს აჩვენოს მსოფლიოს, რომ თითქოს ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის ნატოსთან ცხელ ომზეც. ეს ბლეფია თუ რეალობა, რთული სათქმელია, თუმცა მისი ამ სასოწარკვეთილი პოზიციიდან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ომს წააგებენ, რუსეთი დასრულდება და, ფაქტობრივად, ასეც არის. რომ არა ის მასობრივი განადგურების იარაღი, რაც აქვს, რუსეთის მარცხის გაფორმების პრობლემა არ იქნებოდა.

- გასულ კვირას გაიმართა ნატოს სამიტი და "დიდი შვიდეულის" შეკრება. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, უკრაინა იყო. ევროპაში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა - მან ვარშავაში გამოსვლისას თქვა, რომ პუტინი არის დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენითაა შეპყრობილი და დასძინა: "არ შეიძლება ამ ადამიანის ხელისუფლებაში დარჩენა". ამ საკითხზე თეთრ სახლს განმარტების გაკეთებაც კი დასჭირდა. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც დასავლეთს ყოველდღიურად სთხოვს იარაღით დახმარებას, რაც უპირველესად უკრაინის ცის დასაცავად საჭირო შეიარაღებას შეეხება. იყო დაპირებები, თუმცა, ჯერ ეს საქმედ არ ქცეულა, რის გამოც ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს მუდმივად საყვედურობს.

- ძალიან რთული ვითარებაა, დასავლეთის გამტყუნება იმაში, რომ ქმედითად არ მოქმედებს, არასწორია. დასავლეთი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამას ვინმე ელოდა, მაგრამ როცა ლაპარაკია ცის დაკეტვაზე, რაც უკრაინისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიდან მოხდეს საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა, ანუ რუსეთის თვითმფრინავები და რაკეტები უნდა ჩამოყარონ, რაც მესამე მსოფლიო ომის ცხელ ფაზამდე მიგვიყვანს. ცეცხლის ალში შეიძლება მთელი სამყარო გაეხვიოს.რაც შეეხება იარაღით უფრო აქტიურ დახმარებას, დასავლეთი უარს არ ამბობს, უბრალოდ, ჩემი აზრით, არსებობს ლოჯისტიკური პრობლემები. სამხედრო ექსპერტი არა ვარ და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ყველაფერს დაგეგმვა და შესრულება სჭირდება. მსუბუქი ტექნიკის მიწოდების შენიღბვა გაცილებით ადვილია, მაგრამ მძიმე ტექნიკის მიწოდება ძალიან ძნელია. რუსეთი ამ ყველაფერს უყურებს და შეიძლება მიწოდებაში დიდი პრობლემები შეიქმნას. ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და ისე დალაგება, რომ პროცესი შედეგიანად წარიმართოს. ვფიქრობ, დასავლეთი ასეც იქცევა. გააგრძელეთ კითხვა