"გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რაც სწორი იყო - არ შეიძლება, როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და ქუჩებს კეტავენ" - კვირის პალიტრა

"გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რაც სწორი იყო - არ შეიძლება, როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და ქუჩებს კეტავენ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში წესრიგი უნდა იყოს და მიუღებელია, როდესაც მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით ქუჩებს კეტავენ.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, საწვავის ფასის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, პროვოკაციებს ნუ აჰყვებიან.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ნუ ავყვებით პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება. ეს რა თქმა უნდა, სწორი იყო, რადგან არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და საკუთარი ავტომობილებით ქუჩებს კეტავენ, ეს მიუღებელია. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე კანონსა და წესებს უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ თბილისში გაიმართა აქცია, სადაც საწვავზე ფასები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ქციაზე ადმინისტრაციული წესით სულ 20 პირი დააკავეს. აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

IPN