„ვლადიმერ ზელენსკის სურს, რომ მისი ტკივილი მთელმა მსოფლიომ გაიზიაროს“ - რას ამბობს ვიქტორ ორბანი - კვირის პალიტრა

„ვლადიმერ ზელენსკის სურს, რომ მისი ტკივილი მთელმა მსოფლიომ გაიზიაროს“ - რას ამბობს ვიქტორ ორბანი

უნგრულმა გაზეთმა Daily News Hungary-მ შაბათს, 26 მარტის ნომერში დაბეჭდა პრემიერ-მინისტრის - ვიქტორ ორბანის ინტერვიუს შემოკლებული ვერსია სათაურით - „ვლადიმერ ზელენსკის სურს, რომ მისი ტკივილი მთელმა მსოფლიომ გაიზიაროს“, რომელშიც იგი თავის შთაბეჭდილებაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტის ევროკავშირისა და ნატოს წევრების ლიდერების წინაშე გამოსვლასთან დაკავშირებით. „უნგრეთი ყველას ეხმარება, ვინც კი გაჭირვებაშია ჩავარდნილი, მაგრამ, იმავდროულად, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვასა და უზრუნველყოფაზეც ზრუნავს“, - ამბობს ვიქტორ ორბანი.

პრემიერ-მინისტრი კომენტარს უკეთებს ევროკავშირისა და ნატოს წევრების სამიტზე გამოსული ლიდერების განცხადებებს და აღნიშნავს:

„ზოგიერთი ქვეყანა ისეთ პოზიციებს იკავებს, თითქოსდა ისიც რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე არის. ჩვენი, უნგრელების პოზიცია ასეთია: ჩვენს რეგიონში ომი მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ გულგრილნი მილიონობით ადამიანის ტანჯვისა და უბედურების მიმართ. მათ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. მაგრამ, იმავდროულად, უნგრელებს საკუთარი ინტერესებიც გვაქვს, რომლებსაც შესაძლოა ომმა საფრთხე შეუქმნას... აქედან გამომდინარე, ჩვენ სახიფათო მდგომარეობაში ვართ. შესაბამისად, უპირველესად ჩვენ ვართ უნგრეთის მხარეს, სიტუაციას ვუყურებთ უნგრული გონებით და უნგრული ხედვით“, - ხაზს უსვამს პრემიერ-მინისტრი.

„ზოგიერთი სახელმწიფო მოითხოვს, რომ ნატო და ევროკავშირი გარკვეული სახით კონფლიქტში ჩაერიოს, მაგრამ არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც, უნგრეთის მსგავსად, არ სურთ ომში პირდაპირ ჩარევა. ნატოს სამიტმა ნათლად აჩვენა, რომ წევრ-სახელმწიფოთა უმრავლესობა უნგრეთის პოზიციას იზიარებს. თავის მხრივ, ალიანსმაც კოლექტიურად დაადასტურა, რომ არ სურს ომის მხარე იყოს, არ ეთანხმება [ვლადიმერ ზელენსკის] მოწოდებას უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე და არ გაგზავნის თავის ჯარისკაცებს რუსეთ-უკრაინის ომში საომრად. თუ ვინმეს სურს, რომ მეტი გააკეთოს, ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია. ამაში ნატო მათ ხელს ვერ შეუშლის“, - აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში, ასევე, კომენტარი გაუკეთა იმ დამატებითი ეკონომიკური სანქციების შემოღების საკითხს, რომლებზეც სამიტზე იმსჯელეს და რომლებიც რუსულ მხარეს ომს შეაწყვეტინებს და ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას. „რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობის დამყარება გვსურს, თუმცა მიგვაჩნია, რომ სანქციებით რუსეთს მშვიდობის დამყარებას ვერ ვაიძულებთ და შეიძლება, იმავე სანქციებით ჩვენ უფრო მეტად დავზარალდეთ, რუსეთთან შედარებით. თუ სანქციები ენერგეტიკულ რესურსებზეც გავრცელდება, ასეთ შემთხვევაში, უნგრეთის ეკონომიკა უმძიმესი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, რუსებმა კი საეჭვოა, ჩვენ მიერ გამოცხადებული სანქციები იგრძნონ. ამიტომაც უნგრეთი უპირატესობას ანიჭებს დიპლომატიურ მეთოდებს ორივე მეომარ მხარესთან დამოკიდებულებაში, კომპრომისების თვალსაზრისით“.

ინტერვიუში ვიქტორ ორბანი ეხება უკრაინელი ლტოლვილების საკითხს და თვლის, რომ ამ მხრივ ყველაზე მეტი უნგრეთმა და პოლონეთმა გააკეთეს, რომლებმაც ლტოლვილთა რაოდენობის „ლომის წილი“ მიიღეს (2,5 მილიონი - პოლონეთმა და 0,5 მილიონი - უნგრეთმა). მან მაღალ დონეზე შეაფასა უნგრელი მოხალისეებისა და უნგრეთის ეკლესიის როლი ლტოლვილთა დახმარების საქმეში: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კიევთან გარკვეული სადავო საკითხები გვაქვს, უკრაინაში ეთნიკური უნგრელების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, როცა მეზობლები გაჭირვებაში არიან, მათ მძიმე ბედის ანაბარა ვერ დავტოვებთ. ამაში ევროკავშირიც დაგვეხმარება და შესაბამის თანხას გამოყოფს“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გაუკეთა ვლადიმერ ზელენსკის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას, როგორც პირადად მის მიმართ, ასევე - ნატოსა და ევროკავშირის მიმართაც და აღნიშნა: „რასაკვირველია, ჩვენ გვესმის, რომ ვლადიმერ ზელენსკის სურს, მთელი მსოფლიო იზიარებდეს უკრაინის ტკივილს და ლტოლვილებს ეხმარებოდეს... რომ ყველა უკრაინის პოზიციას დაეთანხმოს და ომში დაუყოვნებლივ ჩაერიოს. დიახ, უკრაინა ურთულეს სიტუაციაში იმყოფება და ეს მართლაც სულისშემძვრელი, უმძიმესი გრძნობაა... სრულიად გასაგებია მისი თხოვნა ნატოს ჩარევაზე, მაგრამ ჩვენ არც უკრაინელები ვართ და არც რუსები, ჩვენ უნგრელები ვართ. თქვენ მეკითხებით, ვის მხარესაა უნგრეთიო, მე გპასუხობთ: უნგრეთი უნგრეთის მხარესაა“. უკრაინელების დახმარების თხოვნის პარალელურად, პრეზიდენტმა [ზელენსკიმ] არ უნდა დაივიწყოს, რომ ყოველ ქვეყანას, მათ შორის - უნგრეთსაც, თავისი ეროვნული ინტერესები აქვს“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ