"ჩემთვის ეს კადრი 2008 წელს ამოყირავდა... ომს აქვს დაუწერელი კანონები, ამასაც კი არ იცავენ რუსი სამხედროები" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ეს კადრი 2008 წელს ამოყირავდა... ომს აქვს დაუწერელი კანონები, ამასაც კი არ იცავენ რუსი სამხედროები"

ცხელ წერტილში მოხვედრილი ოპერატორის მძიმე დილემა

ტელეოპერატორმა კახა ჯანეზაშვილმა უკრაინაში დაახლოებით 3 კვირა გაატარა. ომის დღეებმა ძველი, 2008 წლის ტკივილი განუახლა - მაშინაც კამერით ხელში იყო წასული, ოღონდ - უფრო მძაფრი ემოციებით.

როდესაც კოლეგებთან ერთად უკრაინიდან საქართველოში ბრუნდებოდა, მაშინ დაწერა იმ ყველაფერზე, რასაც გრძნობდა: „გზა... ჩვენ დავბრუნდით იქიდან, საიდანაც ჩვეულებრივად ვბრუნდებოდით ხოლმე, მაგრამ ახლა ასე არა, სხვანაირად, უცნაურად საშინელი სიტყვით - ომი და ისევ გზა, გრძელი გზა... ფიქრობ, უყურებ, რომ ამ საუკუნეში ასე არ უნდა ხდებოდეს. ქალაქი, სადაც გუშინ მშვიდად ლუდს ვსვამდით, დღეს ცარიელია და სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. და კიდევ ერთი ხმა, რომელსაც უნდა უსმინო, რაც უჩვეულოა, განგაშის გამყინავი ხმაა. ისევ გზა თავშესაფრისკენ, ფიქრი, მუშაობა, აკეთებ იმას, რაც ძალიან ბევრჯერ გაგიკეთებია, მაგრამ ასე - არა.

მიჭირს საკუთარ ემოციებზე წერა. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდება. უყურებ და ძალიან გიყვარს ერი, რომელიც ასე იბრძვის, იბრძვის თავისუფლებისთვის, რომელიც ვიღაცას ასე ძალიან უნდა წაართვას. ისევ გზა და ამ გზაზე თვალები, პატარა ბავშვების თვალები, რომლებმაც არ იციან, სად მიდიან. ჩვენ ვიცით, მათ არა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა.

არა, ჩვენ გმირები არ ვართ, როგორც გვეძახიან. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვცდილობთ ცივი გონებით, მაგრამ არ გამოდის იმიტომ, რომ თვალები... ბავშვების თვალები ალბათ არასდროს დაგვავიწყდება!

მე ვიცი, სადაც მივდივარ - სახლში, სადაც სხვა თვალები მელოდებიან, რომლებიც გზას გამოჰყურებენ..."…

- 2001 წლიდან ვმუშაობ ჩემი პროფესიით. მსახიობებს უყვართ ხოლმე თქმა, სცენის მტვერს თუ ჩაისუნთქავ, მერე ვეღარ ანებებ თავსო. ასეა ოპერატორობაც - ერთხელ თუ დაიწყე, ძნელია უარის თქმა. საინფორმაციოს ოპერატორს მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში უწევს ყოფნა. შენს თავს ყოველთვის ხედავ იქ, სადაც მნიშვნელოვანი რამ ხდება. ეს დიდი ადრენალინია. ზოგჯერ ხომ არის, უბრალოდ სეირნობ, ისვენებ და თან არ გაქვს კამერა, მაგრამ უცებ რაღაცას დაინახავ და ინატრებ, ნეტავ კამერა მქონოდა, ეს კადრი გადამეღოო!.. ასე თანდათან გიყვარდება საქმე, რომელსაც წლებია აკეთებ.

- ამდენწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ალბათ რუსეთ-უკრაინის ომი არ იყო პირველი, რომელიც გააშუქეთ?

- გორის რაიონში ვცხოვრობ, ჩემი სოფელი უფლისციხის ძირშია, ქვახვრელი ჰქვია. ასე რომ, უშუალოდ შემეხო 2008 წლის ომი. რა თქმა უნდა, მაშინ სულ სხვანაირი შეგრძნება მქონდა. უკრაინაში შენი ომიც არის, მაგრამ ისეთი მაინც არა, როგორიც თავად უკრაინელებისთვის. უფრო პროფესიული კუთხით უყურებ მომხდარს, ომში მყოფი ჩვეულებრივი ჟურნალისტი ხარ, აქ კი თითქოს ომის მონაწილეც ხდები. მიმძიმდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ჩვენი სახლები მიგვეტოვებინა და ლტოლვილებად ვქცეულიყავით ჩვენსავე ქვეყანაში. იყო შესაძლებლობა, წამოვსულიყავით იქიდან, მაგრამ არც გვიფიქრია. ამიტომ აბსოლუტურად მესმის უკრაინელების, რატომ რჩებიან ადგილზე და რატომ იბრძვიან ასე თავგანწირვით. ზუსტად ვიცი, რას გრძნობენ ახლა ადამიანები, რომლებიც სახლებს ტოვებენ. ყველაზე ცუდად მახსოვს ის ემოცია, რომ შეიძლებოდა დამეტოვებინა ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ერთი ჩანთის ამარა წამოვსულიყავი.…

- როდესაც ობიექტივში ხედავ, რომ ვიღაცას სჭირდება შველა, მაშინ რა ხდება?

- ამ დროს თითქოს ცივსისხლიანი ხდები, რთული არჩევნის წინაშე დგები - ვერ წყვეტ, დახმარების ხელი გაუწოდო თუ კადრი გადაიღო. გავიხსენებ ჩემი მეგობრის, ლევან დგებუაძის ცნობილ კადრს - გორის დაბომბვის დროს ქალბატონი ხელს რომ იშვერს, თითქოს საშველად უხმობს ვიღაცას. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ამ დროს კამერა უნდა დადო და ადამიანს დაეხმარო, მაგრამ არის მეორე მომენტიც - შეიძლება მას სხვამ აღმოუჩინოს დახმარება, შენ კი იმ დროს ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდე, ვინც ამას გადაიღებს და ასეთ კადრს ისტორიას შემოუნახავს. ამიტომაც ძნელია არჩევნის გაკეთება. როდესაც მონიტორში უყურებ მოვლენებს, პროფესიული ინტერესი ჭარბობს, მაგრამ თუ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და შენ გარდა მისი დამხმარე არავინაა, რა დროს კამერა და გადაღებაა?!

- როგორი იყო უკრაინული რეალობა, იქაურების განწყობა? ერთია, როდესაც ეკრანიდან უყურებ ამ ყველაფერს, მეორეა, როდესაც იქ ხარ, მოვლენების ეპიცენტრში.

- ჩვენ ჩავედით ომამდე დაახლოებით 10 დღით ადრე. წარმოიდგინეთ, წინადღეს ჩვეულებრივად ცხოვრობს ხალხი და უცებ ყველაფერი იცვლება. უკრაინელი ექსპერტები და პოლიტიკოსები არ წინასწარმეტყველებდნენ, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო. ყველაზე ცუდი, რაც მოხდა და რასაც არ ელოდნენ, ლუკაშენკოს საქციელი იყო. უკრაინას ჩრდილოეთი მხარე ჰქონდა ყველაზე დაუცველი და საიდანაც არ ელოდნენ, სწორედ იქიდან შეუტიეს...

ყველაზე მტკივნეული იყო ცარიელი ქალაქის დანახვა და კიდევ, განგაშის სირენების ხმა. ვერ იჯერებ, მაგრამ, გინდა თუ არ გინდა, რეალობასთან შეგუება გიწევს. აბსოლუტურად ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილებებიც და თვითონვე უნდა იმოქმედო.

- კადრი, რომელმაც აბსოლუტურად „ამოაყირავა“ ყველაფერი თქვენში როგორც ადამიანში, როგორც პროფესიონალში?

- ჩემთვის ეს კადრი ამოყირავდა 2008 წელს... ომს აქვს დაუწერელი კანონები, ამასაც კი არ იცავენ რუსი სამხედროები, ისე დაუნდობლად ექცევიან ქალებს, ბავშვებს, ბომბავენ სკოლას, სამშობიაროს. მე ვნახე უკრაინული სატელევიზიო არხების შესაშური ერთიანობა, გაფილტრული და დაბალანსებული ინფორმაცია მიჰქონდათ მოსახლეობამდე. როდესაც უკვე გამოსვლას ვაპირებდით, უკრაინელმა სამხედროებმაც და საქართველოს საელჩომაც გვთხოვეს, არაფერი გადაგვეღო და არ აგვეტვირთა სოცქსელში. რა თქმა უნდა, ეს თხოვნა შევასრულეთ. აქვე, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს უკრაინაში და გიორგი ვაშაძეს გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. მათი დიდი დამსახურებაა, მშვიდობით რომ დავბრუნდით.

- უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეს თქვენი ოჯახის წევრებმა?

- დედა და 2 შვილი მყავს, ქალ-ვაჟი. უკვე მიჩვეულები არიან ჩემს გაუჩინარებასა და მოულოდნელ მივლინებებს. ამჯერადაც ჩვეულებრივი ცხოვრებიდან უცებ აღმოვჩნდი ომში. ასეთია ჩვენი პროფესია, რომელიც კონფლიქტების გაშუქებისას, პირველ რიგში, რისკის შეფასებასა და სიტუაციის ანალიზს მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანია ოპერატორისა და ჟურნალისტის შეთანხმებული მუშაობა, რისთვისაც მადლობას ვეტყვი ჩვენს ჟურნალისტს, მარიამ გიგანს, ამ ძალიან მაგარ გოგოს. ამ 3 კვირის განმავლობაში ისე ვიმუშავეთ, რომ არც საკუთარ თავს და არც სხვას საფრთხე არ შევუქმენით. რამე რომ მომხდარიყო, ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებდი...

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"