საბრძოლო სული, ტაქტიკა და დოქტრინა - რა განაპირობებს უკრაინული არმიის წარმატებას - კვირის პალიტრა

საბრძოლო სული, ტაქტიკა და დოქტრინა - რა განაპირობებს უკრაინული არმიის წარმატებას

უკრაინაში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არმიის შეჭრამ და მასობრივმა შეტევამ ვერ აიძულა უკრაინული არმია, უკან დაეხია. ომის პირველ თვეს მან უამრავი შეტევის მოგერიება და მტრისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეძლო.

გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის გენშტაბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ომში, რომელსაც რუსული მხარე „სპეცოპერაციას“ უწოდებს, 1351 რუსი სამხედრო დაიღუპა. ეს კი რუსეთის მიერ ჩეჩნეთის პირველ ომში 3.5 წლის განმავლობაში განცდილი დანაკარგების თითქმის მეოთხედია.

ომის მსვლელობა მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ - კიევის დასავლელი პარტნიორებისთვისაც, რომელნიც უკრაინის არმიის ასეთ თავგანწირულ ბრძოლას არ ელოდნენ.

რა არის უკრაინელთა წარმატებული ბრძოლის საიდუმლო, რას აკეთებენ უკეთ, ვიდრე - ქვეყანაში შეჭრილი ოკუპანტები?

საბრძოლო სული და საომარი მომზადება

უკრაინაზე თავდასხმისას, რუსები არ განიხილავდნენ, რომ მათ ინტენსიურ ბრძოლებში ჩაბმა მოუწევდათ. როგორც ჩანს, რუსები ფიქრობდნენ, რომ უკრაინული არმია და გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკოსები დაიბნეოდნენ - განაცხადა "ბი-ბი-სისთან" საუბრისას ფრანც-სტეფან გადიმ, რომელიც ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტია.

უამრავი სპეციალისტი ამბობს, რომ უკრაინელებმა უფრო ძლიერი საბრძოლო სული და მომზადება აჩვენეს, ვიდრე ამას მოსკოვში „სპეცოპერაციის“ დაგეგმვისას განიხილავდნენ.

თუ რუსული მხარის წარმომადგენელთა გამოსვლებს განვიხილავთ, ისინი არ ელოდნენ მსგავს წინააღმდეგობას:

“აიღეთ ძალაუფლება საკუთარ ხელში, როგორც ჩანს, ჩვენ ერთმანეთთან უფრო ადვილად შევძლებთ მოლაპარაკებას, ვიდრე ამ ნარკომანთა და ნეონაცისტთა დაჯგუფებასთან, რომლებმაც მძევლად აიყვანეს მთელი უკრაინა და კიევში არიან გამაგრებულები“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ომის მეორე დღეს.

პუტინის მიმართვების მიუხედავად, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსულ არმიას ყველა ფლანგზე უწევენ წინააღმდეგობას. ქალაქის თავკაცები (მერები) უარს ამბობენ რუსებთან თანამშრომლობაზე და მათ ადგილობრივი მოსახლეობაც მხარს უჭერს. ხერსონშიც კი, სადაც ტერიტორია რუსებს აქვთ ოკუპირებული, მოსახლეობა არ უშინდება რუსულ ძალებს და ოკუპანტების წინააღმდეგ მიტინგსაც აწყობს.

„ასე იბრძვის ხალხი, რომელიც ცდილობს, გადარჩეს! ასე იცავენ ოჯახსა და ქვეყანას, მათი სიმამაცე აღმაფრთოვანებელია“, - ამბობს ბრიტანული არმიის გადამდგარი გენერალი ტომ ფოულკსი.

სტრატეგია და დოქტრინა

ომის დაწყებისას უკრაინულმა არმიამ მოახერხა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა დაიწყო, მათ შორის - რკინიგზის, ამავე დროს კი, წინააღმდეგობას უწევდა რუსულ არმიას.

"უკრაინული არმია სწრაფად ეგუება ახალ პირობებს, ეს კი ახალი სამეთაურო სისტემის დამსახურებაა, რომელიც უკრაინაში ბოლო რამდენიმე წელია, შემუშავდა“, - ამბობს ექსპერტი გადი.

bbc2-1648463146.jpg

2015 წლის შემდეგ უკრაინის თავდაცვის ძალებთან მუშაობდნენ ნატოს ამერიკელი, ასევე - ბრიტანელი და კანადელი სამხედრო კონსულტანტები, უამრავ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ისინი უკრაინელებს მეთაურობის დეცენტრალიზებულ ფილოსოფიასაც ასწავლიდნენ, რის მიხედვითაც, ომის დროს გადაწყვეტილების მიღება უმაღლესი მეთაურიდან ადგილზე მყოფ ოფიცერს გადაეცემა.

„უკრაინის თავდაცვის ჯარების ზოგიერთი ოფიცერი და სერჟანტი საკუთარ თავზე იღებდა ინიციატივას და ასე ისინი უფრო ეფექტიანად იბრძოდნენ, მთელ ომს პატარა შეტაკებებისა და ჩასაფრებების სერიად აქცევდნენ“, - ამბობს ექსპერტი.

რუსული არმია, რომელსაც მემკვიდრეობით საბჭოთა არმიის დოქტრინა ერგო, არ არის ასეთი მოქნილი და არც მსგავს ინიციატივებს გულისხმობს, როგორც უკრაინული არმიის დოქტრინა.

ამჟამად ღია წყაროებში არ მოიპოვება მტკიცებულება მასშტაბური შეტაკებების შესახებ, სადაც ერთმანეთს ორივე მხარის ბატალიონი ღიად დაუპირისპირდებოდა, ომის ასეთი მსვლელობა კი მხოლოდ უკრაინული მხარისთვის არის მომგებიანი.

სწორედ ასეთ დაპირისპირებებში შეიძლება შეასრულოს მთავარი როლი დეცენტრალიზაციის ახალმა დოქტრინამ და ომის მსვლელობაზეც იმოქმედოს.

უკრაინული არმია თანმიმდევრულია და რუსულ მხარეს ბრძოლის წარმოების განსხვავებულ უნარს აჩვენებს. ეს ქვეითი ჯარის, ტანკების, არტილერიის, უპილოტო საფრენი აპარატების და სხვადასხვა გაერთიანებისა თუ დაჯგუფების კოორდინაციას გულისხმობს.

ბრძოლაში სატანკო დანაყოფს მხარდაჯერა აქვს ჰაერიდან და კოორდინაციაში არის ქვეითებთან, ასეთი კომბინირებული სამხედრო ძალების პირობებში, ისინი უფრო დაცულები არიან ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მიმართ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, როგორ მოქმედებენ რუსული ტანკები, რომლებიც ქალაქში ცალ-ცალკე, არაკოორდინირებულად მოძრაობენ, მათ არც ქვეითი ჯარი უჭერდა მხარს და არც ჰაერიდან იცავდნენ.

„არც უკრაინული და არც რუსული მხარე არ გამოირჩევა ამ ტაქტიკის რეალიზაციის დიდი ოსტატობით, თუმცა რუსული მხარე უფრო მეტად განიცდის ტაქტიკის ნაკლებობას, რადგან ის დიდი დანაყოფებით მოქმედებს და ასე უკრაინული მხარის ადვილი სამიზნე ხდება“, - ამბობს ექსპერტი გადი.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ რუსული არმია გადაადგილებისთვის არსებულ გზებს იყენებს და არ კვეთს დასახლებულ პუნქტებს.

სუსტი ადგილის ძებნა და უპირატესობის გამოყენება

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსულ არმიას იქ უტევს, სადაც მათი სუსტი წერტილია. როგორც უცხოელი ექსპერტები ამბობენ, უკრაინული მხარე უფრო კარგადაა მომზადებული, ის უახლეს სამხედრო ტექნოლოგიებსაც კარგად ფლობს, კარგად იყენებს სარაკეტო-საზენიტო სისტემა „სტინგერს“, ასევე - ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინს“ და NLAW-ს.

თუ რუსული არმია დიდ დანაყოფებად გადაადგილდება, უკრაინული მხარის არმია მცირე დაჯგუფებებად მოქმედებს. ისინი მცირემასშტაბიან შეტევებს აცორციელებენ, ესვრიან ტანკებს და იქამდე ბრუნდებიან სამალავში, ვიდრე რუსული მხარე საპასუხო ცეცხლის გახსნას მოახერხებს. უკრაინული მხარის განცხადებით, მათ 7 რუსი გენერალი მოკლეს, თუმცა რუსები მხოლოდ ერთი გენერლის სიკვდილს ადასტურებენ.

რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომში დაიღუპა შავი ზღვის ფლოტის პოლკოვნიკი ალექსეი შაროვი. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს იმაზე მნიშვნელოვანი დანაკლისია რუსული არმიისთვის, ვიდრე რომელიმე გენერლის სიკვდილი.

„ეს სნაიპერის მიზანმიმართულ, ძალიან წარმატებულ და დაგეგმილ ოპერაციას ჰგავს, რომელმაც შესაძლოა რუსი სარდლობა შეასუსტოს“, - ამბობს გადამდგარი გენერალი ფოულკსი რუსი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების სიკვდილზე.

„ჩვენ ამ კონფლიქტს უკრაინული მხრიდან ვხედავთ, რადგან დასავლეთში საინფორმაციო სივრცეში უკრაინა დომინირებს. ჩვენ ვითარების მხოლოდ ერთ სურათს ვხედავთ“, - ამბობს ბრიტანული უნივერსიტეტის სპეციალისტი სტეფან გადი, რომლის თქმითაც, ძალიან ფრთხილად უნდა შეფასდეს ომში ორივე მხარის წარმატება. (წყარო)