"მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც"

მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი აქვს მოსახდელი და მისი გათავისუფლების, ან უკრაინაში გამგზავრების საკითხი არ განიხილება.

„სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს, არ უნდა წავიდეს უკრაინაში ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა განსაკუთრებით, 2008 წელს და მას შეუძლია ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმოს უკრაინელ ხალხს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის მისი გათავისუფლება, თუმცა ამას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ასეც და ისეც მას აქვს სასჯელი მოსახდელი და არავითარი ფორმით ასეთი საკითხი არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დაზიანებას და მოქალაქეობის თვალსაზრისით საკუთარი ქვეყნის, უკრაინის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც, ეს არის უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

IPN