პროკურორი:"მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებულ მოწოდებას "მთავრობის დამხობის“ შესახებ, სამართალდამცავები შეისწავლიან" - კვირის პალიტრა

პროკურორი:"მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებულ მოწოდებას "მთავრობის დამხობის“ შესახებ, სამართალდამცავები შეისწავლიან"

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სააკაშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებულ მოწოდებას "მთავრობის დამხობის“ შესახებ, სამართალდამცავი უწყებები შეისწავლიან.

როგორც წიკლაური განმარტავს, აღნიშნულის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სამართლებრივი რეაგირება შესაძლოა, მოჰყვეს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას.

"ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამართალდამცავი უწყებები მის შეფასებას მოახდენენ და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება ამას მოჰყვეს.

სააკაშვილს ბრალდების მხარე ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეების წინააღმდეგ, ტელევიზიის წინააღმდეგ. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა იმ ფონზე, როცა თავად დღემდე აკეთებს მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. არ არის გასაზიარებელი არცერთი სიტყვა მათ უდანაშაულობაზე, თუნდაც, იმ ფონზე, როცა თავად აკეთებენ მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს - ბრალდებულმა ნაცვლად იმისა, რომ მოწმეებისთვის მოესმინა, ეს იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, ძალოსნები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დარბევის ღონისძიებაში, მან თავი აარიდა მოწმეთა დაკითხვას და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა და დატოვა პროცესი. ბრალდების მხარე გავაგრძელებთ სასამართლოში ჩვენი მტკიცებულებების წარდგენას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ დადასტურდეს სააკაშვილის და სხვა ბრალდებულთა დანაშაული 7 ნოემბერს",- განაცხადა წიკლაურმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში“.

"თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია“, - განაცხადა სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე.

"ინტერპრესნიუსი"