"ქამრები აწყდა და მიცვალებული გადაისროლა... და რას ხედავენ, ქალმა ლაპარაკი დაიწყო" - აფხაზეთის ომის სულისშემძვრელი ისტორიები
ომის ქარ-ცეცხლი საქართველოში უამრავ ადამიანს აქვს გამოვლილი. საკუთარ ტყავზე არაერთმა გამოსცადა ომის კოშმარი. იმას, რასაც ახლა მოგიყვებით, აღელვებისა და ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ. საუბარია ექიმზე, რომელიც სოხუმის ჰოსპიტალში ბომბების ქვეშ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა...
იქ გაკეთებულ ბოლო ოპერაციაზეც, რომელიც ქირურგებმა - გია შერვაშიძემ, გურამ ტორჩინავამ და მალხაზ მირცხულავამ ჩაატარეს, ჩვენი რესპონდენტი, ანესთეზიოლოგი ბელა მეტრეველი კოლეგა თემურ ბარკალაიასთან ერთად, მათ გვერდით იდგა. ქალბატონი ბელა გვეუბნება, რომ ამ ადამიანებიდან დღეს ცოცხალი არც ერთი აღარ არის...
ბელა მეტრეველი სამედიცინო სამსახურის თადარიგის ოფიცერია, გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, ერთ-ერთი კლინიკის დამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი. მას უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ამ დღეებში სულ დეტალებში გაუცოცხლდა აფხაზეთის ომის დროს გადატანილი მძიმე დღეები...
- ის, რაც აფხაზეთის ომში მოხდა, ბოლომდე ჩვენს მეგობარ აფხაზებსაც არ ჰქონდათ დაშვებული და წარმოდგენილი. რომ შესაძლებელი იყო, ერთმანეთისთვის ავტომატი ასე მიგვეშვირა. ექიმები რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის კონვეიერთან, თითოეული ჯარისკაცის გადასარჩენად მყარად ვიდექით. მიუხედავად ეროვნებისა, ყველა დაჭრილს ვეხმარებოდით. მოჰყავდათ ქართველიც, აფხაზიც, რუსიც, სომეხიც, ბერძენიც. გვარს არავის ვეკითხებოდით და არც იმას, ფრონტის რომელ მხარეს იყო დაჭრილი...
ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით, ვიბრძოდით მათი სიცოცხლის გადასარჩენად.
- უკრაინაში დღეს იგივე ხდება... რუსეთი ბომბავს საავადმყოფოებს, ესვრის დაუცველ ადამიანებს...
- დეჟავიუ დამემართა... გულის ყველა თაროზე შემოდებული პატარ-პატარა ამბავი, რომელსაც ადრე ჩანაწერებადაც ვაგროვებდი, გამიახლდა. ის ჭრილობები ნელ-ნელა იხსნება და თავს მახსენებს. აფხაზეთის ომის დროს მიზანმიმართულად იბომბებოდა ჩვენი სამშობიარო სახლიც, იბომბებოდა ორივე ჰოსპიტალი, პირველიც და მეორეც. მე მეორეში ვმუშაობდი.
იყო ასეთი შემთხვევა - უმძიმესი პაციენტი მეწვა ნარკოზის ქვეშ, რომელიც საინტუბაციო მილიანად აფეთქების ხმამ მომიგლიჯა, სადღაც კუთხეში გადააგდო. მერე ფორთხვით მივედით, ვიპოვეთ, ყველაფერი თავზე ეყარა. ღმერთის წყალობით მილი მოხსნილი არ იყო. მივაგორეთ სანარკოზო აპარატი და იქვე, იატაკზევე გავაგრძელეთ მისი რეანიმირება. საოცარი სიტუაცია იყო... როგორც კონვეიერზე, ისე მოჰყავდათ დაჭრილიც და მკვდარიც.
ერთხელ პოზიციიდან უმძიმესი დაჭრილები მოიყვანეს, ერთ-ერთს დიდი სისხლის კოლტი ჰქონდა სახეზე, რადგანაც ხახაში გამჭოლი, უმძიმესი ჭრილობა მიეღო. სისხლი სდიოდა. ჯიბიდან საბუთი ამოვუღე, რომ გამეგო, ვინ იყო, ისტორიაშიც ხომ უნდა ჩამეწერა. გვარად ლომიძე აღმოჩნდა, სოხუმელი, ჩამბას ქუჩიდან.
მითხრეს, ინტუბაციას ვერ მოახერხებო. მაინც ვცადოთ-მეთქი. პირველივე მცდელობისას ჩავდგი საინტუბაციო მილი, გავაკეთეთ ტამპონი და ბიჭი გადავარჩინეთ. ქალაქში თბილისელი ექიმები იყვნენ, მეორე დღეს ჩვენთან, უმძიმესი პაციენტების სანახავად მოვიდნენ. მათ შორის იყოს ბოხუა, სისხლძარღვთა ცნობილი ქირურგი. იხილეთ სრულად