რას აცხადებს მოკლულ შანაი ბრუკი ედვარდსის მამა - კვირის პალიტრა

რას აცხადებს მოკლულ შანაი ბრუკი ედვარდსის მამა

ავსტრალიის მოქალაქის, მოკლულ შანაი ბრუკი ედვარდსის მამა, კოლინ ედვარდსი მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებულ 20-წლიან სასჯელს შეურაცხყოფას უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კოლინ ედვარდსი „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.

როგორც ის აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რაფაელ მურსაკულოვისთვის მისჯილ სასჯელს ოჯახი არ შეეგუება.

„ჩვენი ოჯახისა და შანაის მეგობრების სახელით აღშფოთებული ვართ ამ არაადეკვატური სასჯელით. ეს სასჯელი სრულად შეუსაბამოა ჩადენილ საზარელ დანაშაულთან. ძალადობის გამოყენებით ძარცვა, განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაულის დამალვა და სხვა პირების მიმართ სიცოცხლის ხელყოფოს მუქარა - ეს ყველაფერი ჩადენილი ანგარების მოტივით, იმსახურებს მხოლოდ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას? აღნიშნული სასჯელი არის შეურაცხყოფა, რომელსაც ჩვენ არ და ვერ მივიღებთ. ჩვენ გავასაჩივრებთ აღნიშნულს რეალური სამართლიანობის აღსასრულებლად შანაისთვის და საქართველოში მცხოვრები ყველა ქალისთვის“, - აცხადებს ედვარდსი.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, შანაი ბრუკს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათგან 5 ყელის არეში, რაც მკვლელობის განზრახვას ამყარებდა.

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა შანაი ბრუკი ედვარდსის ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. სასამართლო-სამედიცინო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენის მომენტში მსჯავრებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა.

რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი