იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე საჩოგბურთო კორტები მოეწყობა - კვირის პალიტრა

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე საჩოგბურთო კორტები მოეწყობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 საჩოგბურთო კორტი მოეწყობა, რომელთაგან ორი დახურული და ერთი ღია იქნება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, კაფე და დასასვენებელი სივრცე.

„მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, ეს ეხება იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც წლების წინ კორტები იყო და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეს სივრცე თბილისში, თუმცა, 2009 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, ეს ტერიტორია კორპუსების ასაშენებლად გასხვისდა. ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია იმისთვის, რომ პირველ რიგში, ეს ტერიტორია დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. ინვესტორ კომპანიასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და მოხდა ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა, რომელიც საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა მუნიციპალიტეტს. ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა და შემდეგ აუქციონი გამოვაცხადეთ კონკრეტული ვალდებულებით - გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც ამ პროექტში გაიმარჯვებდა, აუცილებლად უნდა გაეკეთებინა კორტების პროექტი საცურაო აუზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ასევე ქალაქისთვის, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პროექტი, რომელიც კორტების ტერიტორიაზე განხორციელდება. მოეწყობა 3 საჩოგბურთო კორტი, მათგან ორი დახურული და ერთი ღია იქნება. 50 მეტრიანი საცურაო აუზიც იქნება, ასევე ფიტნეს კლუბი, კაფე, დასასვენებელი სივრცეები, ძალიან ლამაზი პროექტია“,-განაცხადა კალაძემ.

1-ლი აპრილიდან თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი აპრილიდან ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი 170-ით გაიზრდება. ამასთან, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს დამატებით კიდევ ერთი ცენტრი დაემატება.

კალაძის განცხადებით, იზრდება ასევე, პროგრამის ბიუჯეტიც, რომელიც 6 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

„თბილისის მერია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს, რომელიც 2 აპრილს აღინიშნება, სიახლით ხვდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის. იზრდება ასევე, პროგრამის ბიუჯეტი და ის 6 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

1-ელი აპრილიდან ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი 170-ით გაიზრდება და 1 545 ბავშვი და მოზარდი დაფინანსდება. სერვისი მიმწოდებელ დაწესებულებებს კი, დამატებით, კიდევ ერთი ცენტრი დაემატება და სულ პროგრამას 8 დაწესებულება მოემსახურება.

თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მაშინ პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით, 500 000 ლარი იყო. მას შემდეგ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდება შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლამდე გაცემულ მშენებლობებზე კომპანიებს K2-ის მოსაკრებლის გადახდა გადაუნაწილდებათ.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერიის ინიციატივა უკვე პარლამენტშია წარდგენილი.

„რადგან 2019 წელს ჩვენ უკვე ავკრძალეთ K2-ის შესყიდვა და მისი გადამეტებით მშენებლობების განხორციელება, ეს ინიციატივა შეეხება 2019 წლამდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებს, რომლებსაც აქვთ K2 კოეფიციენტი შესყიდული. მთელი რიგი კომპანიებია, რომლებიც ვერ ახერხებენ ამ K2-ის მოსაკრებლის გადახდას და ამის გამო მშენებლობები აქვთ გაჩერებული. ეს მრავალმილიონიანი დავალიანებაა მუნიციპალიტეტის მიმართ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ K2-ის მოსაკრებლის განწილვადება მოხდება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დაეხმარება ამ კომპანიებს, მშენებლობა მომდევნო წლების განმავლობაში პრობლემების გარეშე განახორციელონ. საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია და უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

IPN