თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო - კვირის პალიტრა

თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დოლმაბაჰჩეს სასახლეში მასპინძლობს.

დელეგაციის წევრები გრძელი მაგიდის ირგვლივ ერთმანეთის პირისპირ განთავსდნენ. სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩიც ესწრება.

მოლაპარაკებების პროცესის დაწყებამდე მათ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით მიმართა.მან ღრმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე ომის მეხუთე კვირა დაიწყო და აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც უკრაინისა და რუსეთის მეგობარი ქვეყანა, ვალდებულია მედიაციის პროცესი იკისროს.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, „სამართლიან მშვიდობას“ არ ჰყავს დამარცხებული, თუმცა კონფლიქტის გაგრძელებით ვერც ერთი მხარე ვერ მოიგებს.

„ასეთ კრიტიკულ დროს მოხარული ვართ მიგიღოთ და წვლილი შევიტანოთ თქვენს მცდელობაში დაამყაროთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრები და დისკუსიები სასარგებლო იქნება თქვენი ქვეყნებისთვის, რეგიონისა და კაცობრიობისთვის“,- განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ.

მისი განცხადებით, არსებული ტრაგედიის დასრულება ორივე მხარეზე - უკრაინასა და რუსეთზეა დამოკიდებული.

„ვფიქრობ, ახლა ისეთ პერიოდში ვართ, რა დროსაც მყარ შედეგებს უნდა ველოდოთ მოლაპარაკებებისგან. თქვენ ქმნით მშვიდობის საფუძველს თქვენი ლიდერების დირექტივების მიხედვით“, - განაცხადა ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებისას.

IPN