"უკრაინისთვის მნიშვნელოვანია თავისი ხალხის გადარჩენა, ხოლო რუსეთში არ ითვლიან მსხვერპლს" - კვირის პალიტრა

"უკრაინისთვის მნიშვნელოვანია თავისი ხალხის გადარჩენა, ხოლო რუსეთში არ ითვლიან მსხვერპლს"

უკრაინისთვის უფრო მნიშვნელოვანია თავისი ხალხის გადარჩენა, ხოლო რუსეთში არ ითვლიან მსხვერპლს - ძალიან მძიმე იქნება რაიმე საერთო ნიადაგის მოძებნა ორივე მხარისთვის, ყველაზე რეალისტურად მიმაჩნია, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მსგავსი დოკუმენტის მიღება, რომელიც დაავალდებულებს მხარეებს დაუბრუნდნენ კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, უკრაინის მომავალი წარმატებული და თავისუფალი იქნება და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ახალი „მარშალის გეგმის“ მასშტაბის დახმარებას მიიღებს.

„ორივე მხარეს აქვს გადაულახავი პრობლემა. პირველი არის რუსეთი, რომლის ინიციატივითაც დაიწყო ომი და რომლის გაცხადებული მიზნები იმდენად რადიკალური და იმდენად არარეალისტური იყო, რომ ომის ნებისმიერი სახით დასრულება, ამ მიზნების შესრულების გარეშე, მარცხი გამოდის. ამ დროს ეს ომი დაიწყო არა უსაფრთხოების ან ეკონომიკური ან სხვა მიზეზებით, არამედ პირველ რიგში პუტინის მიერ საკუთარი რეჟიმის გამყარების მიზნით. რეჟიმის, რომელმაც 22 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არ ვარგა ეკონომიკის მართვაში, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რის კომპენსაციასაც ის ცდილობს რუსეთის სიდიადის აღდგენის ილუზიებით და არარსებული გარე საფრთხეების მოგერიებით.

მეორე მხარესაც აქვს სერიოზული პრობლემა კომპრომისის თვალსაზრისით. ნებისმიერი ტერიტორიის დათმობა გააჩენს კითხვებს - რისთვის ვიბრძოლეთ ამდენი?!

მე ყველაზე რეალისტურად მიმაჩნია, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მსგავსი დოკუმენტის მიღება, რომელიც დაავალდებულებს მხარეებს დაუბრუნდნენ კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას.

პუტინის რეჟიმს მე არ ვთვლი, რომ მაინც და მაინც კარგი დღე ელის თუ აღმოჩნდება, რომ საკუთარი რეჟიმის გასამყარებლად წამოწყებული მისივე ავანტიურა კატასტროფიული მარცხით ან თუნდაც წარუმატებლობით დასრულდა.

ამ ორ მხარეს თავისებური განსხვავებები აქვს. კი უკრაინამ მიაღწია ისეთ წარმატებას, რომელსაც არავინ არ ელოდა, დასავლეთმაც იმაზე მეტი დახმარება გაუწია, რომელიც თვითონვე წარმოედგინა საკუთარ თავზე, მაგრამ უკრაინას რუსეთისგან განსხვავებით აქვს ერთი სისუსტე, რომელიც რეალურად სიძლიერეა - უკრაინისთვის უფრო მნიშვნელოვანია თავისი ხალხის გადარჩენა, ხოლო რუსეთში არ ითვლიან მსხვერპლს. ძალიან მძიმე იქნება რაიმე საერთო ნიადაგის მოძებნა ორივე მხარისთვის“, - განაცხადა ბადრიძემ.

ინტერპრესნიუსი