"არ ვთვლით, რომ “ოცნება“ იმის ღირსია, რომ უკრაინაში მასზე გველაპარაკა - კობახიძის განცხადებებს უკრაინაში არავინ უსმენს" - კვირის პალიტრა

"არ ვთვლით, რომ “ოცნება“ იმის ღირსია, რომ უკრაინაში მასზე გველაპარაკა - კობახიძის განცხადებებს უკრაინაში არავინ უსმენს"

არ ვთვლით, რომ “ქართული ოცნება“ იმის ღირსია, რომ უკრაინაში მასზე გველაპარაკა - კითხვა მაქვს ირაკლი კობახიძესთან: თვითონ რას აკეთებენ?! - კობახიძის განცხადებებს უკრაინაში არავინ უსმენს, უკრაინაში იციან, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების პოზიციები ერმანეთისგან აცდენილია, - ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთელი საერთაშორისო საზოგადოება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

“იმის მაგივრად, “ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა დაამშვიდოს და უთხრას, რომ ვლადიმერ პუტინი იმდენად დასუსტებულია და თავად მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო იმდენად ძლიერია უკრაინის ჯარი და უკრაინელების შემართება, პროპაგანდას ამის საპირისპიროდ იყენებენ...

ჩვენ უკრაინაში ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ დახმარებაზე და საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დახმარებაზე. ვისაუბრეთ რა შეიძლება საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენს მიერ გაკეთდეს.

ფორმულირებას, რაც დანილოვმა ჩამოაყალიბა, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. ჩვენ გახმოვანებული გვაქვს, როგორ უნდა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობიანი ინტეგრაცია. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა მდგომარეობაა უკრაინაში და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ადამიანები მარიოპოლში, ხერსონში, ხარკოვში და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. პირველ რიგში, ეს უნდა გაითვალისწინოს “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ახლა ამ განცხადებებს უნდა ამოეფაროს და მთავარ მტრად ქართული ოპოზიცია გამოაცხადოს. თქვენ თუ მოგისმენიათ ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგი გრიგორი კარასინის განცხადებებზე?! მოგისმენიათ? - ამით ყველაფერი პასუხგაცემულია. კობახიძეს კარასინზე არც ერთი საგანგებო ბრიფინგი არ ჰქონია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.