"კეზერაშვილი მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს" - კვირის პალიტრა

"კეზერაშვილი მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს"

კეზერაშვილი მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ქართველი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს - ოდესმე იმ თანხების დაბრუნებაც მოუწევს, რომელსაც ევროპელ პენსიონერებს პარავს "ქოლცენტრების" მეშვეობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობის დაფინანსების ნაცვლად", უკეთესი იქნება კეზერაშვილმა ის თანხა გადაიხადოს, რომელიც ქართულ ჯარს მოპარა.

“დავით კეზერაშვილი საქართველოს სასამართლოს მიერ არაერთხელ იყო ცნობილი დამნაშავედ, მათ შორის, გასულ წელს და ახლა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დაეკისრა. მას ამ თანხის გადახდა მოუწევს. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარში სამარცხვინო სახელი ეწოდებოდა, ნახევარქათამას უწოდებდნენ და მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ქართველი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს. ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობის დაფინანსების ნაცვლად უკეთესი იქნება ის თანხა გადაიხადოს, რომელიც ქართულ ჯარს მოპარა. ალბათ, მას ოდესმე იმ თანხების დაბრუნება მოუწევს და პასუხისმგებლობის აღება, რომელსაც ევროპელ პენსიონერებს პარავს ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით. იმ "ქოლცენტრების", რომელსაც ვითომ ჩვენ ვმართავთ, როგორც მის მიერ დაფინანსებული ქართული ტელევიზიები ხელისუფლების წარმომადგენლებს სრულიად დაუსაბუთებლად აბრალებენ",- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სოლიდარულად დაეკისრათ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სამინისტროს სასარგებლოდ.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი.