"ცრემლი მოგადგებათ, რომ წაიკითხოთ... საოცარია..." - კვირის პალიტრა

"ცრემლი მოგადგებათ, რომ წაიკითხოთ... საოცარია..."

"ომსაც ხომ აქვს თავისი კანონი, იმასაც კი არ იცავენ, ამას მხეცებიც კი არ სჩადიან!... უმოწყალოდ კლავენ სხვის შვილებსაც და საკუთარ ხალხსაც. ერთ მხარესაა მთელი ცივილიზებული სამყარო და მეორე მხარეს - არაადეკვატური, უგუნური, ბოროტი ძალა, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს, წვავს, კლავს...“ - ამბობს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, რომელმაც რუსეთ-უკრაინას შორის ომსა და მიმდინარე პროცესებზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა და ამ გულისტკივილზე "კვირის პალიტრასთან" გულახდილად ისაუბრა:

- შეძრწუნებული, გულმოკლული, სასოწარკვეთილი ვარ. წარმოუდგენელი ბოროტებაა ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. თუმცა არ მიკვირს, რადგან, სამწუხაროდ, რუსეთის თავდასხმა, ომი, სისასტიკე, დაუნდობლობა ჩვენ ბევრჯერ გამოგვიცდია... ისტორიულ და ლიტერატურულ გმირებს არაერთხელ გამოუხატავთ გაკვირვება, ამხელა ტერიტორიის მქონე ქვეყანას რად უნდა სხვისი ტერიტორიებიო. მეც იმავეს ვიტყვი! ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ ამოსუნთქვის და, უბრალოდ, სიცოცხლის საშუალება მისცენ მსოფლიოს და საკუთარ მოქალაქეებსაც!? ის, რაც დღეს, 21-ე საუკუნეში, უკრაინაში ხდება, ყველანაირი ადამიანური თუ სამართლებრივი წესის დარღვევაა. ეს დანაშაულია კაცობრიობის წინაშე! ომსაც ხომ აქვს თავის კანონი, იმასაც კი არ იცავენ... ბავშვების მოკვლა - ამას მხეცებიც არ სჩადიან! ეს ბუნების კანონის დარღვევაა... უმოწყალოდ კლავენ სხვის შვილებსაც და საკუთარ ხალხსაც. ერთ მხარესაა მთელი ცივილიზებული სამყარო და მეორე მხარეს - არაადეკვატური, უგუნური, ბოროტი ძალა, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს, წვავს, კლავს...

ჩემი უკრაინელი მეგობარი, რომელიც ახლა მოხალისედ მუშაობს, მიგზავნის წერილების ფოტოებს, რომლებსაც მთელი მსოფლიოდან პატარა ბავშვები ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად უკრაინელ ბავშვებს უგზავნიან. ცრემლი მოგადგებათ, რომ წაიკითხოთ... საოცარია, 5-6 წლის ბავშვებსაც კი ესმით ის ბოროტება, რასაც რუსული ჯარი სჩადის... მთელი მსოფლიო შეძრულია!

- სამშობიაროებიც კი დაიბომბა...

- წარმოუდგენელია სამშობიაროების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი სახლების, თეატრის, რომლის ორივე მხარეს წერია "дети", დაბომბვა. გაუგონარია ოჯახების დაცხრილვა, ჩანთებით მიმავალი შვილების და დედის მოკვლა! ეს საოცრად ლამაზი ბავშვები - ყველანაირი სიტყვა უძლურია....

რუსეთის მთავრობა ისევ საბჭოთა კავშირში აბრუნებს თავის ქვეყანასაც და იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ყოველთვის მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ. სულ ასე იყო... შედიან, ანადგურებენ, იპყრობენ... აფხაზეთში სამოთხეში, ისეთ სილამაზეში შევიდნენ და რად აქციეს? 30 წლის წინ ასჯერ უფრო განვითარებული და აყვავებული იყო აფხაზეთი, ვიდრე დღეს...

ომი რომ დაიწყო, ბიჭვინთაში ვიყავი. დასაწყისში არ წამოვედი. მერე უკვე ვეღარ გამოვდიოდი... და ბოლოს, დევნილების კადრები რომ გაქვთ ნანახი, გემზე რომ ადის უამრავი ადამიანი და ადგილი რომ არ არის, ისე წამოვედი... რამდენი დღე ვიმგზავრე და რამდენი უცხო ქვეყანა და ქალაქი გავიარე თბილისამდე, აღარ მოვყვები... მე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, რა არის ომი, შიში, შიმშილი...

აფხაზეთში წელიწადი და 1 თვე იყო ომი, საუკეთესო ქართველი ბიჭები შეეწირნენ ამ ომს. შეეწირნენ აფხაზები. მაშინ პუტინი არ იყო რუსეთის პრეზიდენტი. რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, უბრალოდ, სხვა სახელი და გვარი ჰქონდა...

მერე იყო ომი სამაჩაბლოში. სამაჩაბლოშიც გმირულად იბრძოდნენ ქართველები... ამ ყველაფერზე ადრე კი 9 აპრილი იყო... ყველანაირი საშინელება გავიარეთ...

საქართველო ყოველთვის იყო ევროპული კულტურის ნაწილი და ყოველთვის იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი დასავლური კურსის ქვეყანა!

უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ ჩემი უდიდესი სიყვარული, პატივისცემა, აღფრთოვანება თავისუფლებისთვის მათი საოცარი ბრძოლისთვის, თანაგრძნობა, გულისტკივილი, სამძიმარი და იმედი, რომ სიკეთე ოდესმე მაინც გაიმარჯვებს!

(სპეციალურად საიტისთვის)