მოლაპარაკებები რუსეთთან - ბანქოს თამაში შულერთან - კვირის პალიტრა

მოლაპარაკებები რუსეთთან - ბანქოს თამაში შულერთან

29 მარტს თურქეთში შემდგარმა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შედეგებმა ომის შეჩერების გარკვეული იმედები გააჩინა, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში განხორციელდეს?

კომპრომისის სახით, უკრაინა თანახმაა, უარი თქვას ნატოში ან რომელიმე სხვა სამხედრო - პოლიტიკურ ბლოკში გაწევრებაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, ოღონდ მისი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების გარანტად უნდა იქცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო, ასევე, ის გავლენიანი ქვეყნები, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.

ამასთან, უკრაინა უარს ამბობს ბირთვული იარაღის შექმნა-წარმოება-შეიარაღებაში მონაწილეობის მიღებაზე...

სიმართლე რომ ითქვას, ეს ორივე პუნქტი უკრაინის რაიმე სერიოზულ დათმობად ვერ მიიჩნევა იმიტომ, რომ, მიუხედავად 14-წლიანი მუდმივი დაპირებებისა, ნატოში თავად ალიანსი არ ღებულობს უკრაინას (ისევე, როგორც საქართველოს) და კვლავ ჩაბღაუჭება იმაზე, რაც კიდევ უფრო არარეალური გახადა რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიამ, მართლაც მარაზმის გაგრძელება იქნებოდა...

ბირთვულ შეიარაღებას რაც შეეხება, ეს უბრალოდ უტოპიაა უკრაინისთვის და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ათობით ბირთვული ობიექტი მოქმედებს და შესაბამისი სპეციალისტებიც გამოიძებნება, ბირთვული ბომბის შესაძლო კონსტრუირებაში უკრაინელებს, რუსეთზე ადრე, თავად დასავლეთი შეუშლის ხელს.

მოლაპარაკებებზე უკრაინულმა მხარემ, ასევე, გააჟღერა, რომ ანექსირებული ყირიმისა და ოკუპირებული დონბასის საკითხის მოგვარება 15 წლის პერიოდში გადავადდება და მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების თანხლებით გადაწყდება. ამ პერიოდში საერთაშორისო გარანტორების ფუნქციები არ გავრცელდება უკრაინის ამ სუბიექტებზე.

რუსეთი სამაგიეროდ რა კომპრომისზე წასვლას დასთანხმდა?

ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე, რომ კიევისა და ჩერნოგოვის მიმართულებებით მნიშვნელოვნად შეამცირებს სამხედრო აქტივობებს...

გასაგებია, რომ თურქეთში 29 მარტის მოლაპარაკებები მხოლოდ პირველი მერცხალი იყო, რომელსაც ჯერ ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, შემდეგ კი თავად პრეზიდენტების პირადი შეხვედრა უნდა მოჰყვეს, წესით, მაგრამ რამდენად რეალურია იმ რუსეთთან, რომელიც ომს იწყებს, თანაბარ მდგომარეობაში მოლაპარაკებების წარმოება, ან რამდენად შეასრულებს კრემლი შეთანხმების პუნქტებს?

ცხინვალის 1992 წლის, აფხაზეთის 1993 წლებისა თუ აგვისტოს ომის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებების ასრულების მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, მხოლოდ ხმამაღლა თუ შეგვიძლია ვიყვიროთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გასაგონად - არ ენდოთ რუსეთის ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ არც ერთ სამშვიდობო დოკუმენტს, კრემლს როდესაც მოუნდება, მაშინ დაარღვევს და იქით დაგაბრალებთ!

გაგახსენებთ, რომ 1993 წლის 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 16 სექტემბერს როგორ ვერაგულად დაარღვიეს აფხაზმა სეპარატისტებმა და მათ უკან მდგარმა რუსმა სამხედროებმა და სოხუმზე მორიგი შემოტევა დაიწყეს...

ან რად უნდათ უკრაინელებს ჩვენი შეხსენება, როდესაც „მინსკი-1“-ის და „მინსკი-2“-ის შეთანხმებების წამგებიანი შედეგები თავის თავზე იწვნიეს...

ერთი ისაა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დაჟინებით აცხადებს, რომ რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება გატანილი იქნება საერთო სახალხო რეფერენდუმზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად გაითვალისწინებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებსო.

თუ რუსეთი თითქოს თანახმა იყო უკრაინაში შეჭრილი ჯარების ერთი დაჯგუფების უკან დახევაზე, ხომ არ აჯობებდა, უკრაინულ მხარეს კატეგორიულად მოეთხოვა მათი უკან დახევა სამხრეთში და მარიუპოლის დებლოკირება?

მაგრამ ამაზე რუსეთი არ წავა, გუშინვე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მარიუპოლის დამცველებს მხოლოდ იარაღის დაყრის შემდეგ შეუწყვიტავს ცეცხლს, ანუ კრემლს მარიუპოლის აღებით მინიგამარჯვების ზეიმი უნდა, დაანახოს რუსეთის მოსახლეობას...

თურქეთში მოლაპარაკებების მეორე დღეს, ემოციების დაცხრობის შემდეგ, ცივ გონებაზე გაანალიზებისას გამოჩნდა, რომ რუსეთის შეპირება უკრაინის დედაქალაქის სიახლოვიდან ჯარების მოხსნაზე, შეიძლება მორიგი სამხედრო ეშმაკობა იყოს და ის საბრძოლო დანაყოფების სრულ გაყვანას კი არა, არამედ გადაჯგუჯფებას ნიშნავდეს - როტაციის შედეგად კიევს ახალი, დასვენებული რუსული საბრძოლო შენაერთები შეუტევენ...

მაგრამ მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ პუტინმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ ვერ შეასრულა ბლიცკრიგის ჩანაფიქრი და ერთთვიან ფართომასშტაბიან ბრძოლებში გადამწყვეტ წარმატებას ვერც ერთ მიმართულებაზე ვერ მიაღწია, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძირითადი შეტევები აღმოსავლეთით, ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლით და, შეძლებისდაგვარად, უკრაინის აზოვის ზღვის სანაპიროს დაკავებით გააგრძელოს, რათა რუსეთის როსტოვის ოლქიდან სახმელეთო დერეფანი გაჭრილი ჰქონდეს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულამდე...